ბინალი ილდირიმი: ამჟამად, საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს
23-05-2017, 07:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ, მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებებზე, განგვეხილა დარგობრივი სამინისტროებს შორის აქტუალური საკითხები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამართულ შეხვედრას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 


„აღნიშნული თანამშრომლობის შედეგები უახლოეს ხანში ნათელი გახდება. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა თურქეთში, ქალაქ ანკარაში, გასული წლის ივლისში, შემაძრწუნებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იყო. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ გადატრიალების მცდელობის ლიკვიდაცია. უმნიშვნელოვანესი იყო ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის დაუყოვნებლივი ვიზიტი თურქეთში, რომელმაც შეცვალა გეგმები, რათა დაედასტურებინა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ.

 


სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს ემთხვევა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და მინდა, ეს თარიღი წინასწარ მივულოცო ბატონ პრემიერ მინისტრს.

 

 

ცივი ომის დროს, თურქეთი და საქართველო მოწინააღმდეგე ბანაკებში იმყოფებოდნენ, თუმცა 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელსაც სხვა ქვეყნები ასობით წლის განმავლობაში ვერ მიაღწევდნენ. ჩვენ მივაღწიეთ მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას ასეთ მოკლე პერიოდში, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ამჟამად, საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მრავალი მიმართულებით ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს. თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდება და ჩვენ გვაქვს საშუალება, ამაში წვლილი შევიტანოთ. ჩვენ გვსურს, სავაჭრო ურთიერთობაში უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი და ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. იმან, რომ მოგზაურობისთვის უცხოური პასპორტებიც კი არ არის საჭირო, ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო დააახლოვა.

 


თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმებები აკავშირებს. ამ თანამშრომლობას რეგიონული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება.

 


მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა მიაღწიეს მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს, რაც ნაკარნახევია გეოგრაფიით, სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებით და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. ორივე მხარე მივიღებთ სარგებელს თანამშრომლობის ყველა მექანიზმიდან და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობების გაფართოებაში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ აღნიშნული დინამიკა ღრმავდება. თურქეთი განაგრძობს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას - ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება, დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რამ შეიძლება წარმოიშვას, უნდა მოგვარდეს ურთიერთთანამშრომლობით. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩემს მიერ ხსენებული ორი პრინციპი.

 


ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელსაც საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას როგორც ნატოში, ასევე სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას და ქართულ მხარეს მივულოცოთ ეს მიღწევა.

 


რაც შეეხება ეკონომიკური ინფრასტრუქტურის თემას, ჩვენ გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა ეს მიმართულება და დაგვეგეგმა ახალი გადაწყვეტილებები ამ სფეროში. უპირველეს ყოვლისა, გვწამს, რომ სავაჭრო მოცულობა არსებულ პოტენციალს არ ასახავს და ეს გახლავთ მიმართულება, რომელსაც ვიხილავდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი და გაგვეგრძელებინა შეხვედრები ამ სფეროში. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის ინტენსიფიკაციას, ახალი პროდუქტების ბაზარზე გატანას და მომსახურების სექტორს, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, აღნიშნული ხელშეკრულების ჩარჩოებში, წლის ბოლომდე დასრულდება. დღესვე გაფორმდა სამართლებრივი დახმარების დოკუმენტები და შეთანხმება, 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე.

 


ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე, პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ პროექტი საბოლოო ფაზაზეა. ჩემი პატივცემული კოლეგა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც. ჩვენ ვახორციელებთ სამმხრივ პროექტს კავკასიის რეგიონში, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი მიგვიყვანს ფაქტობრივად ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. უახლოეს რამდენიმე თვეში აღნიშნული პროექტის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას გავმართავთ სამი ქვეყნის მონაწილეობით.

 


კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ გიორგის. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, სასარგებლო იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე - საქართველოსთვის, ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ დღეიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა", განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი