საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ პოლონეთის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი და ალიანსში აქვს ძლიერი ქვეყნის პრინციპული ხმა.
დღესვე, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს ეძღვნება.
პოლონეთი იყო იმ ქვეყნების რიგში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა სცნო, მაშინ როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა იდგამდა ფეხს.
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს - მადლობა მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აქვს პოლონეთისგან. მადლობა იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს, ევროკავშირისა და გაეროს ფორმატებში.
ჩვენ ყველგან ვგრძნობთ, რომ ბატონი პრეზიდენტი და პოლონეთი ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერია იმ სულისკვეთების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ სიტყვა თვისუფლებისმოყვარე ერების მხარდაჭერა.
ამ კონტექსტში საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და აქვს პრინციპული ხმა ძლიერი ქვეყნისა, როგორც ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე ევროკავშირში.
შესაბამისად, მე მეძლევა შესაძლებლობა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მიღწევებისთვის, რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. იქნება ეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატოსთან გაფართოებული თანამშრომლობის პროცესი, თუ სხვა წარმატებები.
ჭეშმარიტად ისტორიულად პოლონელი ხალხი ქართულ სახლემწიფოს და ქართველების გვერდით დგას. ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივილითაც, მაგრამ ამავე დროს მადლიერებით შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც მის წინამორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.
მართლაც, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მტრის არმია შემოდიოდა საქართველოში, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთის პრეზიდენტი და მე დღეს მინდა პრეზიდენტ დუდას მადლობა ვუთხრა იმ ტრადიციების გაგრძელებისთვის, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ბატონმა კაჩინსკიმ აჩვენა.
ჩვენ ვისაუბრეთ ორმხირივი ურთიერთობის თაობაზეც, ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის, ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
ბატონო პრეზიდენტო მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმით, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, იმ სიმტკიცეს, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირის მიმართულებაში, ერთგულებას იმ ღირებულებისადმი, რაც ჩვენ გვაერთიანებს.
ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც რეგიონი, ასევე გლობალურად სიმშვიდე და სტაბილურობა იქნეს უზრუნველყოფილი მსოფლიოში.
ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის როლი, რომელსაც პოლონეთი თამაშობს როგორც „ვიშეგრადის“ კონტექსტში, ასევე სამი ზღვის თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე რეგიონის განვითარების კონტექსტში იქნება ნამდვილად კიდევ უფრო გაძლიერებული და იგულეთ საქართველო, როგორც მტკიცე პარტნიორი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყნების წყალობით, ძლიერია ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მხარდაჭერა და მოვახდინოთ მისი კონსოლიდაცია.
„საქართველომ ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სანამ ეს სამიტი ჩატარდებოდა. ამ თვალსაზრისით, მე უშუალოდ მქონდა კონტაქტები ლიტვის, ლატვიის პრეზიდენტებთან, სლოვაკეთის პრეზიდენტთან, დღეს ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა მომეცა პოლონეთის პრეზიდენტთან.
საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერები და ნათელია, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან მტკიცე პოზიცია აქვთ ნატოსთან მიმართებაში არიან ჩვენი პარტნიორები, ისეთი მტკიცე პარტნიორები, როგორიც პოლონეთია.
ასევე შევეცდებით, გავაერთიანოთ ის სულისკვეთება, ის მესიჯები, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგ სამიტზე.
ჩვენ გვყავს სერიოზული მხარდამჭერები ნატოსა და ევროკავშირში რომლებსაც ესმით, რომ თუ ამ გამოწვევებს არ გაეცა ნათელი პასუხი სწორედ საქართველოს მაგალითზე, ეს გამოწვევები შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული იყოს მომავალში, თვითონ ევროკავშირისთვის და ნატოსთვის.
ასეთი მხარდამჭერები დიდი რესურსია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის.
ჩვენ ვუყურებთ იმ გზას, რომელიც გაიარეს ჩვენმა პარტნიორებმა ბალტიისპირეთში და ცენტრალურ ევროპაში. ჩვენ ამ გზიდან ვიღებთ მაგალითებს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ ამ გზაზე, იმიტომ რომ გვყავს პოლონეთისნაირი ჩვენი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისნაირი მხარდამჭერები. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და მოვახდინოთ ამ მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფონი ამისთვის შექმნა ნატოს საპარლამენტო ასამბელის იმ რამდენიმედღიანმა ღონისძიებამ, რომელიც თბილისში ჩატარდა. ესეც არამარტო გზავნილია, არამედ მშვენიერი ფონია იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მოვახდინოთ, როგორც პრობლემების გააზრება, ასევე მომავალზე კონცენტრირება”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.