ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდების, რომ „მისი სურვილი პატრიარქის მოკვდინებაა“, სათავეში მდგომად კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს, მისი სიტყვებით, საპატრიარქოს „რუხ კარდინალს“, მიიჩნევს და პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლებას „ხელისუფლების დიდ შეცდომად“ აფასებს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი უწმინდესის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობიდან ჯერ სოსო ოხანაშვილის, დღეს კი მისი სულიერი შვილის, ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლებაში საეჭვო გარემოებებს ხედავს და აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნებისთანავე სამსახურიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მიტროპოლიტმა „არაფორმალ მმართველად“ მოიხსენია, პირადი დაცვის უფროსი, ვინც ოხანაშვილის, ბუჩუკურის და პატრიარქის დაცვის სხვა წევრების უახლოესი მეგობარი და ამავე დროს, პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავალი იყო.
ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მარტვილიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „როდესაც საუბარია პატრიარქის მოკვდინებაზე“, სწორედ მასთან დაპირისიპირებულმა სამღვდელოებამ გამოუტანა პატრიარქს „სასიკვდილო განაჩენი“, როდესაც გერმანიაში ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მას უთხრეს, რომ „მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლად და შენი დაცვის უფროსი, შენი სიძეც ასევე არის პროკურატურაში დაბარებული. ხომ შეიძლებოდა, რომ პატრიარქს მხოლოდ ამის გამო, ნერვიულობით გული გასკდომოდა“, კითხულობს მიტროპოლიტი და განაგრძობს: „დაიფარა უფალმა, ისევე როგორც დაიფარა ოპერაციის დროს, ოპერაციის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად ეს ჯგუფი ემზადებოდა პატრიარქის შესაძლო გარდაცვალებისათვის, და ოპერაციის შესაძლო ტრაგიკული დამთავრებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნი პატრიარქისთვის ოპერაციის წინა დღეს ამის თქმას. აი, დღეს ესეთი სიტყვაც ვიხმარე, რომელიც ერთმა სამართალმცოდნემ მითხრა, რომ ჩვენი ანალიზით, სამართლმცოდნეების ანალიზით, ეს იყო ‘კონტროლკა’, როცა მღვდელი ოპერაციის წინ პატრიარქს ამას ეუბნება, და გავიხსენე, როდესაც მე ხევში ვმსახურობდი, პატრიარქის ვიღაც ახლო ნათესავი, ბიძაშვილი, თუ გარე ბიძაშვილი გარდაიცვლებოდა ან რაღაც ტრაგედია დატრიალდებოდა, არაერთგზის უთქვამს მის უახლოეს გარემოცვას, რომ მეუფეო ნუ ვეტყვით, ახლა არ ვუთხრათ, ინერვიულებსო. წარმოიდგინეთ, როცა 15 წლის წინ პატრიარქს რაღაც ასეთი წვრილმანის გამო რომ არ ენერვიულა, ვუფრთხილდებოდით. ოპერაციის წინა დღეს, ეს არგაფრთხილება, ეს არ არის პატრიარქის გაწირვა?!“, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.
შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება იმას, რომ იგი მისი სულიერი შვილია, მიტრპოლიტი პეტრე ასე პასუხობს:
„შეუძლებელია აქ ეჭვი არ გაგიჩნდეს, ან შეკითხვა არ გაგიჩნდეს, რომ ეს არის არაშემთხვევითი დამთხვევა“. მიტროპოლიტმა თქვა, რომ ზურაბ ბუჩუკური მისი სტიქაროსანი იყო სოფელ ახალციხეში და მას შვილობილს ეძახდა, ხოლო მერე როცა გაიზარდა და „პატრიარქი როცა ჩამოდიოდა ხევში, სულ ამჩნევდა მას, როგორც ერთგულებით გამორჩეულ მოხევე ახალგაზრდა ყმაწვილს. როცა გადმომიყვანეს ჭყონდიდის ეპარქიაში, ზურაბი უკვე დაქორწინდა და საპატრიარქოში წავიდა, სადაც კარისკაცად დაიწყო მუშაობა“, განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომლის ინფორმაციითაც ბუჩუკური დაცვის სამსახურის შექმნიდან მოყოლებული პატრიარქის დაცვაში მსახურობდა, თუმცა თავად მას ზურაბ ბუჩუკურთან ბოლო პერიოდში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან ფიქრობდა, რომ შორენა თეთრუაშვილს და მის გარემოცვას ამ ურთიერთობის გამო, შეიძლება ბუჩუკურისთვის „ცილი დაეწამებინათ“ და აქედან გამომდინარე მასთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდეობოდა, რათა „ის ცილისწამების მსხვერპლი არ გამხდარიყო“.
სოსო ოხანაშვილის სამსახურის ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ კი „პატრიარქის კურთხევით ღია არჩევნები ჩატარდა და არჩევნების გზით იქნა არჩეული [ბუჩუკური], ანუ 20-იდან 17-მა ადამიანმა ნდობა მას გამოუცხადა“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა და განაგრძო: „ხომ არ არის რაღაცა, უფრო მეტი ბინძური ჩანაფიქრი, რაღაც მზაკვრული გეგმა, რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ, დავუშვათ და აქ ხომ არ არის, და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ არ იყო ზურაბი და ის ვიწრო გარემოცვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ და მიმაჩნია, რომ საერთოდ შეცდომა დაუშვა, მე თუ მკითხავთ, ხელისუფლების გადასახედიდან ამ პასუხისმგებლობის აღება, როცა პირად ადამიანს... მახსოვს, როცა პატრიარქმა არჩევანი ამ ბიჭებზე [დაცვის წევრებზე] გააკეთა და არჩევის გზით ზურაბი დაინიშნა იქ და ის სიტყვებიც კი უთქვამს ერთ-ერთს (დაცვის წევრებიდან), ვერ ვიხსენებ, რომელიღაცამ მითხრა, 3-4-იდან, რომ აი უწმინდესმა გვითხრაო, სოსო [ოხანაშვილი] რომ წავიდა, თქვენო ნუ მიმატოვებთო. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად. მისთვის ყოველთვის უცხოა სახელმწიფო დაცვა“, განაცახდა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ და მინიშნება მეზობელი ქვეყნის, რუსეთის საბედისწერო სცენარისკენ გააკეთა, ისე, რომ სიტყვა რუსეთი არ უხსენებია.
„მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მივდივართ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რაღაცა სცენარისკენ, ღმერთმა დაგვიფაროს, სადაც ბოლომდე სახელმწიფო დაცვა იცავს, როგორც ვიცით და არანაირი ქრისტიანული სულისკვეთება არ არის. ეს ბიჭები, სოსო... იყო ყოფილი სტიქაროსანი, მაგრამ უფრო შორს წავალ მაშინ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ეჭვია და მივცემ თავს უფლებას, რომ ეთერში ეს გავაჟღერო, რომ დავფიქრდეთ, რომ პატრიარქის გერმანიიდან ჩამოსვლას(თანავე) დაემთხვა ქვეყნის არაფორმალი მმართველის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის განთავისუფლება, რომელიც იყო სოსოს და ამ ბიჭების უახლოესი მეგობარი, რომელიც იყო, ასევე პატრიარქის დაცვის წევრი და რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავალი პატრიარქსა და ამ, ე.ი მმართველს შორის, არაფორმალს შორის. და ძალინ დიდი შეცდომაა, ღმერთმა დაიფაროს, ხვალ რომ პატრიარქს რაღაცა მოუვიდეს, ხელისუფლება ნუთუ არ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს ქალი (შორენა თეთრუაშვილი) ყველაფერზე წამსვლელია. წინა ხელისუფლების მაგალითიც გვაქვს, როგორ გაწირა პირველი პირი და როგორ აბრალებდა მას პატრიარქის შესაძლო მოწამვლას. როგორ წავიდა ამ შეცდომაზე ხელისუფლება?.. კიდევ უფრო მეტიც, ღმერთმა დაიფაროს... ვიცი რომ ამის გამო ჩემი ჯვარი, ჩემი გოლგოთა შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი ამ სათქმელს. მეზობელ ქვეყანაში, სადაც პირველი იერარქი 2008 წელს გარდაიცვალა, თვით პატრიარქს აქვს მონაყოლი, ბანაობის დროს, რომელსაც სახელმწიფო დაცვა იცავდა, ადამიანს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი 2 ადგილას და თვით უწმინდესს დაუსვამს ჩემთვის შეკითხვა: ე.ი. კაცი ბანაობდა, ადამიანი, წაიქცა, თავის ქალა გაიტეხა, ისევ ადგა და ისევ წაიქცა? და დღემდე საქმე არ აღძრულა, 200-მდე მღვდელმთავარია მაგ ეკლესიის იერარქიაში და არც ერთ ადამიანს შეკითხვა ხმამაღლა არ დაუსვამს და არ შეუფასებია ეს მოვლენა, რომ ადამიანი დაასაფლავეს თავის ქალა ორ ადგილზე გატეხილი. აქედან გამომდინარე, ქართველი ერიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგას და როცა დღეს ჩემს მიმართ არის ეს ბრალდება და ბინძური ცილისწამება, მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მზაკვრულ ჩანაფიქრს ჰქონდეს ადგილი, რომლისაგანაც უფალმა გვიხსნას, როგორც გვიხსნა გერმანიაში და მრავალჟამიერი სიცოცხლე მიანიჭოს უფალმა ჩვენს უწმინდესს და როგორც თვითონ აქვს ნათქვამი, მე მანამ არ დავტოვებ საქართველოს, სანამ არ გამთლიანდება საქართველო. ღმერთმა ინებოს, პატრიარქის ხელში და მისი წინამძღოლობით გამთლიანებულიყოს საქართველო“, განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.