„ამ კაცს [ჯეჯელავას] დღესვე უნდა ჩააწყვეტინონ ხმა“ - ლევან ბერძენიშვილი ჯეჯელავას, შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის სასწრაფოდ გადაყენებას მოითხოვს
04-06-2017, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმის გამო საქართველოს ხელისუფლების სამმა მაღალჩინოსანმა - შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც მთავრობის სპიკერის როლსაც ასრულებს, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

 


ამის შესახებ ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, შაბათ საღამოს, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ სტუმრობისას ისაუბრა და განსაკუთრებულად გააკრიტიკა მთავრობის სპიკერი ალექსანდრე ჯეჯელავა.

 


„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში მოქალაქე არის გატაცებული, თუ ეს არ ახსოვთ, არ იციან, თუ ჯეჯელავამ ჯერ არ ჩახედა ამ საკითხს... მთავრობის პოზიციას რახან აჟღერებს ეს კარიკატურული ფიგურა, ჯეჯელავა, ამიტომ ნება მიბოძეთ ორი სიტყვა გითხრათ, რას აკეთებს ახლა სინამდვილეში ჯეჯელავა. ჯეჯელავა არ ცდილობს საქმე მოაგვაროს. ის ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფეიერვერკი მოგვიწყოს და თავისი ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი. ის ამბობს ასეთ რამეს - კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდა და მეო მაგალითად პასპორტი სახლში მაქვსო, ამით რას ამბობს, რომ თვითონ კანონის დარღვევას აპირებს თუ რა ჰგონია? მე ვფიქრობ, რომ მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. ანუ რაღაცას ამბობს ამით, უნდა ვიღაცას ასიამოვნოს. ეს ვიღაცა ალბათ ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის მხრიდან, ეს არ არის არც ცინიზმი, არც არაფერი. ეს არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერა-კითხვა ვერ ისწავლა, მიუხედავად ამისა, დანიშნეს განათლების მინისტრად, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ეს ინტელექტი არ აქვს არანაირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხებით, ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვია, ეს მასზეა ნათქვამი... ჯეჯელავას ლოგიკითაც კი საქართველოს ხელისუფლება მათემატიკის დაბალ დონეზე, დაახლოებით იქ არის, სადაც არის მოსწავლეების დიდი უმეტესობა, ანუ ვერ გაერკვა თითქოს საკითხში. სინამდვილეში კი დამაჯერებელია ვერსია, რომ საქართველოს პოლიციამ და არა უშიშროებამ, შეასრულა ვიღაცის დავალება, მათ შორის შესაძლოა აზერბაიჯანის ოფიციალური წრეების, შესაძლოა სხვა ვერსიაც იყოს, მაგრამ ქართველთა მინაწილეობა აშკარად ჩანს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის ეს ასე თუ არა“, განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც აფგან მუხტარლის საქესთან დაკავშირებით ხელისუფლების შეცდომასა და დანაშაულზე საუბრობს და მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, სუს-ის ხელმძღვანელის და განათლების მინისტრის სასწრაფოდ გადაყენებას.

 


„პირველი შეცდომა გახლავთ ის, რომ სრულიად ცინიკური პრესკონფერენცია ჩაატარა, აზერბაიჯანული პრესა წაგვიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. აბსოლუტურად დამალულია და საერთოდ არაფერი არ ეხება უშიშროების სამსახურს და ჯეჯელავა აკეთებს ცინიკურ განცხადებებს. ეს სამი კაცი სასწრაფოდ გადასაყენებელია. ეს ერთი შეცდომაა, რომ არ არის გაკეთებული. მეორე შეცდომა გახლავთ ის, რომ იმ მოქალაქეს, რომლის ქმარი დღისით-მზისით ქალაქში გაიტაცეს, ახლა სთავაზობენ მოქალაქეობას, რომელსაც უკვე უარი უთხრეს, შენო საშიში ხარო და ნებართვას ვერ მოგცემთო ბინადრობის, ახლა ეუბნებიან, რომ მოქალაქეობას მოგცემთო და თან ამას ეუბნება ის ძალა, რომელსაც მოქალაქეობის მიცემის უფლება არ აქვს, ანუ ჩვენო მივმართავთო პრეზიდენტს. ამით უნდათ გაანეიტრალონ პრეზიდენტის ის განცხადებები, რომელიც კრიტიკული იყო. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მე სიამოვნებით მივანიჭებო მოქალაქეობას, მაგრამ ქალბატონმა ლეილამ თქვა, რომ არ მინდა ეგო, იმიტომ, რომ ახლა ამის გაკეთება ღალატია საკუთარი ქმრის... ეს არის ყალბი ზრუნვა წამხდარ საქმეზე და რა წახდა, ხომ ხვდებით? - საქართველოს ხელისუფლების იმიჯი არავის არ ადარდებს მთელ მსოფლიოში, არც საქართველოში როგორც ჩანს - საქართველოს ღირსება, ქვეყნის ღირსება, სადაც ნათქვამია, ვის გაუყიდავს სტუმარი? ამ ხალხს, განათლების მინისტრს რომ არ აქვს წაკითხული, თვითონ ტრაბახობს იმით, რომ წიგნები არ უყვარს და არ კითხულობს, გავიგეთ, მაგრამ ახლახან აღვნიშნეთ 850 წლისთავი „ვეფხისტყაოსნის“, იფიცებენ, რომ ვაჟა-ფშაველას დიდი მოყვარულები არიან, 200 წლისთავია ბარათაშვილის და უნდა აღვნიშნოთო - არ წაუკითხავთ, ესენი რას ამბობენ მეგობრობაზე, თავდადებაზე, უცხო კაცზე, სიყვარულზე?!“ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 


მისი თქმით, აფგან მუხტარლის საქმე განსაკუთრებული იმითაა, რომ ის მოტაცებულია და „ვისაც არ უნდა მოეტაცა, საქართველოს თავი უკვე მოეჭრა“.

 


„ახლა მე გეტყვით მაგალითს, რომელიც შეიძლება არ იცის ყოვლისმცოდნე - ნაცარქექიაზე ცოტა წინ წაწეული ამბავი არის და შეიძლება არ იცოდეს ჯეჯელავამ, მაგალითად. 2010 წელს რუსეთიდან გაქრა, ზუსტად ასე, ტაჯიკი ჟურნალისტი, მოქალაქე, რომელიც შემდეგ ტაჯიკეთში აღმოჩნდა და რა თქმა უნდა, ციხეში ჩასვეს და თავისი მიუსაჯეს. იმან იჩივლა, მიმართა ევროპის სასამართლოს და ევროპის სასამართლომ, ჰოი საოცრებავ, დააკისრა ჯარიმა და სანქციები რუსეთის სახელმწიფოს“, თქვა ბერძენიშვლმა და ივარაუდა, რომ ანალოგიურ ღონისძიებებს გაატარებს მუხტარლის საქმეზეც საქართველოს მიმართ სტრასბურგის სასამართლო.

 


ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეა და მან ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, სადაც გამოჩნდება, რომ ის ინანიებს ამ დანაშაულს.

 


„ჩვენ არ უნდა დაგვცინოს კაცმა ან მთავრობამ, რომლის ინტელექტი არის ნულოვანი... ამ კაცს [ჯეჯელავას] დღესვე უნდა ჩააწყვეტინონ ხმა. ვხედავ რომ იქ რაღაცა ხდება მთავრობის შიგნით. მაგალითად, რატომღაც სწორედ PR-ის სამსახურის უფროსი გადადგა თანამდებობიდან, ქალბატონი ბიგვავა და არის მტკიცება, მინისტრი ამბობს, რომ ჩემი მეგობარი არის და იქნება და სხვა. ამ მინისტრის რა უნდა დავიჯეროთ კაცო, იმაში ვერ გაერკვა, ადამიანი თუ ჟურნალისტი არ არის, როგორც მას ეგონა, მაშინ მას თურმე უფლებები არ აქვს. როდესაც ადამიანს ავადმყოფური წარმოდგენები აქვს, არ შეიძლება ეს მთელი ქვეყნის იმიჯი ამ კაცს მიჰყავდეს. სპიკერი მაინც გამოცვალოს მთავრობამ ახლა, გასაგებია, რომ ამ სამი კაცის გადაყენება აუცილებელი ამოცანაა, აუცილებლად მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, რომელიც დავიწყებას მიეცემა“, აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი