გიორგი კვირიკაშვილი: მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე - პოლიტიკური დიალოგი
29-06-2017, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მისი თქმით, 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველომ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ბევრი ხარვეზი იყო.

 

 

„მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტი გახლავთ.

 


საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი.

 

 

სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია.

 

 

კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს:

 


1. სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს;

 


2. მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის;

 


3. ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით;

 


4. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს;

 


5. უფრო ეფექტურ მთავრობას;

 


6. პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს;

 


7. ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს;

 


8. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

 

 

ამასთან, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთ აპირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო.

 

 

ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 

 

ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდ აძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე - პოლიტიკური დიალოგი.

 

 

ყველას მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს. კანონის უზენაესობის რეალიზება კი, შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც, თავისთავად, განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

 

 

ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი სამოქალაქო ღირებულებებისა და სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში. საქართველომ ამ მიმართულებით ურთულესი გზა გაიარა, თუმცა დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება - საკონსტიტუციო სასამართლო იქნება საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების მაღალი სამართლებრივი კულტურის განვითარებაში.

 

 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას.

 

 

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი საინტერესოდ წარიმართება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ყველა მონაწილე ქვეყანას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას - საქართველოს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი