გია ხუხაშვილი: ვისურვებდი, მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა
15-04-2015, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


“ვისურვებდი, მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა. ის უკვე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე უნდა დაფუძნდეს – ერთიანი ხედვითა და პროგრამით,” – ამბობს პოლიტოლოგი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსთან” საუბრისას.


“არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან მძაფრია და მე ამას არ ვიზიარებ. მეორე მხრივ, თავად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო პოლიტიზებულები ხდებიან და თავიანთი ძირითადი ფუნქცია ავიწყდებათ. მათი მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს და არა პოლიტიკურ ტენდენციებზე საუბარი. ამ ბოლო დროს მოდად იქცა, რომ არასამთავრობოები პოლიტიკაში სულ უფრო ღრმად შედიან. ზოგადად, ისინი მოწოდებულები უნდა იყვნენ, რომ ნებისმიერი მოსაზრების უფლება დაიცვან. მათ შორის იმ ადამიანების უფლებაც კი, რომლებიც მათ შესაძლოა, აღიზიანებდეთ. როცა ისინი პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაღაც ძალების გააქტიურებასა და საფრთხეებზე საუბრობენ, ეს, ჩემი აზრით, ანომალიაა. ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება მრუდე სარკეში იხედება”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.


“საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა თუ უსაფრთხოების კუთხით, უკეთესია დასავლეთს დაუხალოვდეს. თუმცა, თუ ვიღაც ფიქრობს, რომ ეს შეცდომაა, გასაკვირი არაა. ამ საკითხზე არასამთავრობოების საუბარი ღრმად არასერიოზულია. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ნუ წავართმევთ, თუნდაც მათი აზრი ჩვენთვის მიუღებელი იყოს. ძალიან სახიფათო ტენდენცია გვაქვს – ზოგიერთი “ენჯეო” ცდილობს, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე აზრის გამოთქმაზე მუდმივად ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს, ნებისმიერ სხვა აზრს კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდეს და საფრთხეს უწოდებდეს”, – აღნიშნავს რესპონდენტი.


“სახელმწიფო პოლიტიკა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული და მათ ქმედებაში სხვა რამ არ ჩანს. მესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები კითხვების დასმას მუდმივად ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებას თავისი საქმით ჯერ არ გამოუვლენია, რომ კურსს გადაუხვია. გოგი თოფაძეს ვერ გავამტყუნებ, თავის აზრს ამბობს. ეს განცხადება სახელმწიფო პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს, ვინაიდან ძალაუფლებაში მისი წილი საამისოდ დიდი არ არის. თუმცა, ბუნებრივია, ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს და ევროპული არჩევანისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, ვფიქრობ, ეს ხელისუფლებს ეკლექტიკიდან გამომდინარეა. ზოგადად, ასეთი ტიპის კოალიციების ხელისუფლებაში ეჭვის თვალით ვუყურებ. მისი არაეფექტურობა და არამობილურობა, ვფიქრობ, სწორედ ამითაა გამოწვეული. ასეთი კოალიციები მხოლოდ ნეგატიური მიზნით – ვინმეს წინააღმდეგ იქმნება. მათ პოზიტივის მოტანა ძალიან უჭირთ. ვფიქრობ, ხელისუფლებაში ძალიან უცნაური წარმონაქმნი მივიღეთ, რაც სახელმწიფოს განვითარების მხრივ ძალიან საზიანოა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენ საკითხზეა წინააღმდეგობა კოალიციაში და ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს როგორ აფერხებს. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ერთიანი დისციპლინარული ხაზი დაიჭიროს. თუ რაიმე საკამათო აქვთ, იკამათონ, აზრები შეაჯერონ და ხალხის წინაშე ერთიანი პოზიციის წარდგნენ”, – განაგრძობს ექსპერტი.


“როგორც გითხარით, ასეთ გაერთიანებებს პოზიტიური ამოცანის შესრულება, რომელიც სახელმწიფოს განვითარებისკენაა მიმართული, არ შეუძლიათ. შემდგომ არჩევნებზე ხელისუფლებაში ისევ ასეთი ტიპის კოალიციის მოსვლა სახელმწიფოს განვითარებას დაამუხრუჭებს. ახლა “ქართულ ოცნებაში” შედის პარტიები, რომელთაც არც ერთმანეთი უყვართ და არც ერთნაირად აზროვნებენ. ამას ღიადაც გამოხატავენ. თუმცა, საკუთარი უსუსურობა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს გამოეყონ. კოალიციაში შემავალი თოთოეული სუბიექტი გრძნობს, რომ ცალკე არაფერს წარმოადგენს. მათი შემაკავშირებელი ცემენტი სწორედ უსუსურობის შეგრძნებაა. ეს კი კიდევ ერთი არაჯანსაღი კომპონენტია. ასე რომ, ვისურვებდი მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა. ის უკვე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე უნდა დაფუძნდეს – ერთიანი ხედვითა და პროგრამით. დეტალებზე შეიძლება იდავონ, მაგრამ ძირითად ორიენტირებზე, გრძელვადიან გეგმებზე არ შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ. ეს იქნება სწორი და ჯანსაღი”, – განმარტავს რესპონდენტი.


“საქმე ისაა, რომ დღეს გლობალურ პოლიტიკაში ძალიან მაღალი რისკებია. ევროპას ძალიან დიდი თავის ტკივილი აქვს და დამატებითი პრობლემების თავის თავზე აღებას ვერ გაბედავენ. გარდა ამისა, ბევრი სუბიექტური და ობიექტური პრობლემაა. ამიტომ, ალბათ ისევ ოპტიმისტურ, სიმბოლურ ნაბიჯებს ვიხილავთ, მაგრამ სისტემურ და ნახტომისებურ გარღვევას არ ველი. არც ევროპაა ამისათვის მზად და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, არც ჩვენ”, – დასძენს გია ხუხაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი