დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისი თანამდებობაზე საქმიანობის განვლილი პერიოდის შეფასებისას კი ამბობს, რომ „პოლიტიკურად აქტიურ“ და „ტერიტორიულად დიდ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამგებლობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ და „ძალიან დიდი“, მაგრამ „სასიამოვნო ტვირთიცაა“.
„მე ვფიქრობ, არ არის მარტივი გამგებლად მუშაობა - ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთია, თუმცა, ის გუნდი, რომელიც აქ შეიქმნა და ჩამოყალიბდა, არის ახალგაზრდების, პროფესიონალების გუნდი და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი შეძლებს იმას, რომ დაწყებული საქმეები გააკეთოს. მე თავად, ახლაც ვსწავლობ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში.
„ვიმეორებ, პასუხისმგებლობა მძიმეა, მაგრამ სასიამოვნოცაა, როცა ხედავ გაკეთებულ საქმეებს. ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის საკითხი. მე ვიქნები იქ, სადაც უფრო მეტ სარგებელს მოვუტან ჩემს მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას“, განუცხადა Guardian.ge-ს ვაჟა ჩოხელმა.

იგი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობს, მის გუნდთან ერთად „მძიმე და რთული პერიოდი გაიარა“.
„იყო გარკვეული პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. დუშეთი არ არის მარტივი - აქტიურია პოლიტიკურად ყოველთვის - დიდი ტერიტორიით, მაღალმთიანია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა და მათი სწორი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
„იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმას, რასაც ვაკეთებთ, მართლა ვაკეთებთ სუფთა ხელებით და მართლა გვაქვს სურვილი რომ ჩვენი ქალაქი იქცეს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად და იმედია, ამას მივაღწევთ“, განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.
Guardian.ge-ს შეკითხვაზე, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, რა საკითხების გადაჭრა ვერ შეძლო დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმზღვანელობამ, გამგებელი პასუხობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, როგორც ქალაქ დუშეთის, ისე მისი სოფლების მცხოვრებთა სასმელი წყლით უზრუნველყოფას შეეხება.

„ვფიქრობ, რომ ერთი მნიშნველოვანი პრობლემა ისევ არსებობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვქონდა წყლის შეზღუდვა, ჩვენ გვყავდა სპეციალისტებიც და იყო საუბარი იმაზე, თუ რა გზებით შეიძლება დუშეთში წყალმომარაგების გაუმჯობესება. ამჟამად, შეზღუდვა არ არის ქალაქში, მაგრამ წლის გარკვეულ პერიოდში, როდესაც წყალსაცავში წყლის ნაკლებობაა, ამ დროს პრობლემები გვაქვს. ასევე სოფლების წყალმომარაგების მხრივაც რჩება პრობლემები.
„ძალიან მინდა მოვახერხოთ გრემისხევის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, რომელიც ერთადერთი 12-კილომეტრიანი გზაა გამყოფ ზოლთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ამისი განხორციელება აუცილებელია - ეს არამარტო ჩემი აზრია. ჩვენ გავაჟღერეთ აღნიშნული საკითხი კონკრეტულ სამინისტროებში და იმედს ვიტოვებ, რომ მოხერხდება პროექტის განხორციელება“, განაცხადა ჩოხელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.