საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ის, რამაც 2008 წელს რუსული აგრესია შეაჩერა, დღეს ქვეყანას მცოცავი ოკუპაციის შესაკავებლადაც კი აღარ გააჩნია.
მისი აზრით, აგვისტოს ომის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში, თბილისის მისადგომებთან მოსულმა მტერმა იერიში შეწყვიტა, დღეს კი, მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს „ჭირისუფლებიც" აღარ ჰყავს, „რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია".
ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო დონეზე შეერთებული შტატების პირველი პირები, რომლებსაც მისივე თქმით, რუსეთზე ზემოქმედების კონკრეტული მექანიზმი აქვთ და რომლებიც მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე უსვამენ ხაზს, საქართველო „საერთოდ ამოვარდა".
„მე მინდა შევახსენო ყველას, თითქოს ეს ელემენტარულია, მაგრამ ხალხს, ზოგ ადამიანს როგორც ჩანს, აქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. რამ შეაჩერა 2008 წელს რუსული 100 000-კაციანი არმია? იქ იმყოფებოდა 2000 ტანკი, 200 თვითმფრინავი თბილისის მისადგომებთან, უპირველესი იყო პირველ დღეებში ქართული არმიის გმირული წინააღმდეგობა - გარდა ამისა, გარდა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოიშალა და საქართველოს მთავრობა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, გარდა იმისა, რომ თვითონ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა და რა თქმა უნდა, იყვნენ რაღაც ცალკეული მოღალატეები, მაგრამ ისინი მიიმალნენ ვირთხებივით და ამიტომ მათ გავლენა არ ჰქონდათ იმ მომენტში, მთავარი რამაც შეაჩერა, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა, ის, რომ ამერიკელებმა გადმოაფრინეს თვითმფრინავი თურქეთში და რუმინეთში და აწიეს ჰაერში ეს თვითმფრინავები, მე-6 ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ, მათი დამრტყმელი მთავარი ძალა და პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა ჰუმანიტარული სამხედრო ამერიკული ოპერაცია - პირველად ათწლეულების განმავლობაში ასეთი ტიპის ამერიკული ოპერაცია ჩვენ რეგიონში. რუსეთმა ამ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, შეწყვიტა ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს დედაქალაქზე. მე მინდა შეგახსენოთ, რამ შეაჩერა პირველი გადმოწევები ე.წ. საზღვრის და ასევე გახსოვთ, რომ ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ ყველგან - იქ გამგებელი მოგვიკლეს წალენჯიხაში, სპეცრაზმის უფროსი აგვიფეთქეს ბათუმში, „ლეიბორისტული პარტიის" ოფისი ააფეთქეს თბილისში და სხვა პროვოკაციებსაც აწყობდნენ - ბაზარში დადეს ბომბები, ამერიკის საელჩოს ღობესთან დადეს ბომბი „გრუ"ს აგენტებმა. მე მქონდა ვიცე პრეზიდენტ ბაიდენთან ამ თემაზე ძალიან ვრცელი საუბარი და შემდეგ, პრეზიდენტი ობამა პირადად ესაუბრა ამ თემაზე რუსეთს ძალიან მკაცრი ტონით. შემდეგ, ბაიდენმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს აქტები შეწყდებოდა. ე.ი. მათზე არსებობს ზემოქმედების ძალიან კონკრეტული მექანიზმი....
პირველი შემთხვევა იყო ფინეთის ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და შესაბამისად რუსეთი შევიდა რომელიმე პატარა კი არა, დიდ ქვეყანაშიც კი და ის ვერ დაიპყრო მთლიანად. საქართველომ მოახერხა სასწაული, ჩვენ მაშინ მოვახერხეთ სასწაული - რუსეთის არმია შემოვიდა არა ქართლის ორი ხეობის გასაკონტროლებლად და აფხაზეთის ტერიტორიის გასაკონტროლებლად, რომელსაც ისედაც მთლიანად აკონტროლებდა, რუსეთის არმია შემოვიდა საქართვლოს დასაპყრობად და თბილისის ასაღებად. საერთოდ ეჭვს არ იწვევს ეს - წაიკითხეთ სარკოზი რას ამბობს, წაიკითხეთ ამერიკელები რას ამბობენ, წაიკითხეთ ბოლოსდაბოლოს და მოისმინეთ თვითონ პუტინი რას ამბობდა. ასე რომ, საქართველომ მოახდინა სასწაული, ჩვენ მოვახდინეთ მაშინ სასწაული და რა თქმა უნდა, ეს მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიაზაციის პირობებში. რა ხდება დღეს? გამოდის პრეზიდენტი ტრამპი და ყველგან იძახის - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის დესტაბილიზაცია. ყველა ფორუმზე - ტილერსონი - უნდა შეწყდეს უკრაინის დესტაბილიზაცია, საქართველო სად არის აქ? საერთოდ საქართველო ამოვარდა - რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს. ჩვენ ჭირისუფლები აღარა გვყავს, ჩვენ მხარდამჭერები გვყავს ფორმალურ დონეზე", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პირდაპირი ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.