საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ სამშვიდობოებს სიტყვით მიმართა და ნატოს სამხედრო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია ხაზგასმით აღნიშნა.
ავღანეთში გამგზავრების წინ ასეული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. ღონისძიების დასასრულს კი III ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა.
ქვედანაყოფის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტეც დაესწრო.
უწყების განმარტებით, III ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეული ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
მათივე ცნობით, ასეულმა ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 4 თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მიმართულებებში მომზადდა. მათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაშიც ჩაუტარდათ. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე, მანავში გაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.