საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველომ წარმატებით დაასრულა მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში და ამჟამად მონაწილეობს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ცენტრალური აფრიკის და მალის რესპუბლიკებში.
„სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის და იქნება სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.
ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. იცით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას.
სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები.
ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას.
ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.
მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან.
დაბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო კვლავაც ურყევად გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყანის ღირსეულ მომავალს განაპირობებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.