საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციიდან საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი შეფასებებისაკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა იყოს ძალიან პრინციპული ამ პრობლემის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას მოელის იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს.
„გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უაღრესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით.
ჩვენი დამოკიდებულება ამ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ, რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის სახით, სწორედაც ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული და ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულებაა.
უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისევე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში - მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად.
ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ იყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერის გავლებისა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების და ჩვენს მიერ, არამედ თქვენს მიერ, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო.
იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება იქ, სადაც ის იწყება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედლებს მოყვება ხოლმე თავისი ექო სხვა შემთხვევებში.
ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპული და მოველით თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში.
საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის ინდეტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს. მაგრამ ბუნებრივია, ამ პროცესის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი საქართველოს დემოკრატიული პროცესია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, როგორც ისტორიულ არჩევანზე და განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ პროცესში მხოლოდ ევროპული სიკეთის მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, მას გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, წელს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებამ საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის ხელშესახები შედეგი მოიტანა. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
„ევროპულ პროცესში ქართული სახელმწიფოს ინტეგრირების გზა სტაბილური და მდგრადია, რომელიც განპირობებულია ქართული საზოგადოებისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური, ისტორიულ-კულტურული შეკვეთით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი კი, არის ეფექტურად ვემსახუროთ ამ შეკვეთას.
საქართველო ევროპულ პროცესში ინტეგრირდება არამარტო როგორც ევროპული სიკეთის მაძიებელი ქვეყანა, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი წვლილით შეაქვს ევროპულ განზომილებაში.
საქართველოს ევროპულ პროცესში შეაქვს უნიკალური, ევროპულ ღირებულებებზე დამკვიდრებული, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის ფუნდამენტიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზე დგას და ევროპულ სიბრტყეშია წარმოქმნილი.
საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, თანამშრომლობაზე, რეგიონის განვითრებაზე ორიენტირებული ქვეყანა.
საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთერთი ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი და დაინეტერსებული, გადაწყვეტილებების მიმცემი მოთამაშე.
საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე. წლების განმავლობაში ჩვენი სამხედროები ემსახურებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში.
ასე რომ არამხოლოდ ჩვენ შევდივართ ევროპულ პროცესში როგორც დაინტერესებული მხარე ვიყოთ მომხმარებელი ევროპული სიკეთის, არამედ როგორც მხარე , რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“, განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.