ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრმა მათი ტელევიზიის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით „გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში ევალება მას“.
არხის გენერალური დირექტორი, რომლის თქმითაც, რამდენიმე თვე უხელფასოდ მუშაობს, ხოლო თანამშრომლები ნახევარ ხელფასებზე იმყოფებიან, ვარაუდობს, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია უფრო შორს გამიზნული ქმედებისთვის და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება აპირებდეს ყადაღის დადებას მათ საოპერაციო ანგარიშებზეც, რაც მისი განცხადებით, „ტელევიზიის დახურვა“ იქნება.
გვარამიამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საგადასახადო ინფორმაცია კონფიდენციალურია და ფინანსთა მნინისტრის მიერ მისი გამხელა „მძიმე კანონდარღვევა“ არის, რაც მისი შეფასებით, „ძალიან ცუდი სიგნალია არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ყველა მსხვილი უცხოელი ინვესტორისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ერთი შეკითხვით შესაძლოა ცნობილი გახდეს მთელი ის ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებების წყება, რომელიც კომპანიას ზურგს უკან აქვს და სწორედ ეს არის კონკურენტუნარიანობის დარღვევა და ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც გააკეთა ფინანსთა მინისტრმა და გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რაც არ არის შემთხვევითი“.
პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს და მის გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
გვარმია აცხადებს, რომ ამით სახელმწიფოს და ტელეკომპანია „იმედის“ ერთობლივი მოქმედებები იკვეთება, რაც მისი აზრით, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „დაკვეთილი სიუჟეტების“ კეთებაში გამოიხატება.
გვარამია ამბობს, რომ საქართველოს აღმასრულებული და სასამართლო ხელისუფლებების „დამსახურებით“ „რუსთავი 2“ 2 წელია უმძიმეს ფინანსურ წნეხში იმყოფება. მას არ აქვს შესაძლებლობა მივიდეს არც ერთ საბანკო ინსტიტუციასთან“ რომ აიღოს სესხი, და „შესაბამისად, სახელმწიფოს წინაშე „რუსთავი 2“ -ის დავალიანება გაცილებით ნაკლებია, საქართველოს სახელმწიფოს დავალიანებაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“.
გვარამიამ აღნიშნა, რომ მათზე დადებული ყადაღის გამო, ისინი ვერც საგადასახადო და ვერც სახელფასო ვალდებულებებს ვერ ისტუმრებენ.
„მე პირადად რამდენიმე თვეა არ ამიღია ხელფასი, მენეჯმენტი პრაქტიკულად არ იღებს ხელფასს რამდენიმე თვეა და თანამშრომლები იღებენ ნახევარი ოდენობით ხელფასებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მან თქვა, რომ აპირებენ საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მათ ტელეკომპანიას ბოლო 2 წლის განმავლობაში მიადგა სახელმწიფოს მხრიდან.
„განსხვავებით სხვა ტელეკომპანიებისაგან და ხსენებული ‘იმედისგან’, მთელი ეს წლები ‘რუსთავი 2’ მუშაობდა მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით, მას არ ჰყავდა არავინ დამფინანსებელი და ერთი თეთრი არ მიუღია დამფუძნებლებისგან, განსხვავებით „იმედისგან“, რომელიც დღეს ბაბილონის გოდოლია და ყველა ტელევიზია და მათ შორის ‘რუსთავი 2’-დან წასული და გადაბირებული ადამიანებიც იმყოფებიან იქ და როგორც ჩანს, გაიზარდა ამ ტელეკომპანიის ხარჯები და ახლა გადაწყვიტა, რომ დაკავდეს ‘რუსთავი 2’-თან სწორედაც რომ არაკორექტული, არაკოლეგიალური კონკურენციით და წარმოაჩინოს ისე, თითქოს იმედი იჩაგრება არაკონკურენტული ბრძოლით“, აღნიშნა გვარამიამ, რომელიც საგადასახადო პრობლემების არსებობას სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს და თვლის, რომ „არაკონკურენტულ გარემოში სწორედ რუსთავი 2 იმყოფება, მათ შორის ტელეკომპანია იმედთან“, სადაც მისი თქმით, რუსთავი 2-დან გადაბირებულ თანამშრომლებს „გაბერილი, არალოგიკური, საბაზრო ფასთან შეუსაბამო ხელფასები“ დაუნიშნეს, რაც „არათანაბარი კონკურენციაა“ მით უფრო იმ ფონზე, როცა სახელმწიფო და სასამართლო „გუდავს“ რუსთავი 2-ს.
ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება აპირებს ყადაღის დადებას მათ საოპერაციო ანგარიშებზეც, რაც მისი თქმით, „ტელევიზიის დახურვა“ იქნება.
„თუ რუსთავი 2-ის ანგარიშებს დაედება საგადასახადო, საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ პარასკევს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ასევე მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაციის „იგივე ფორმით გათქმა, როგორც ეს მოხდა ‘რუსთავი 2’-თან დაკავშირებით“.
„ჩვენ ვსვამთ კითხვას - მთელი ამ წლების განმავლობაში, რა გადასახადებს იხდის ბიძინა ივანიშვილი? უფრო სწორედ, ჩვენთის არის ცნობილი, რომ იგი არავითარ გადასახადს არ იხდის და იგი არის ისეთივე ბიზნესმენი, როგორც სხვა დანარჩენი ამ ქვეყანაში და ჩვენ ვსვამთ კითხვას - რატომ არიან სხვა ბიზნესმენები არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩაყენებული ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომელიც რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ვერ დადგინდა; რომელიც რომელ ქვეყანაში იხდის გადასახადებს, ვერ დადგინდა; და საერთოდ. იხდის თუ არა გადასახადებს საქართველოში, იმ ქონებისას მაინც, რომელიც მას აქ აქვს და იმ ბიზნესსაქმიანობისას, რომელიც მას აქ აქვს, ვერ დადგინდა, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურად, რაკიღა ჩვენი საგადასახადო ინფორმაცია იქნა გამჟღავნებული უკანონოდ, გამჟღავნდეს ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაცია და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ქველმოქმედება, რომელსაც ის ეწევა, თუ ეწეოდა, არის რეალურად ქველმოქმედება, თუ რეალურად არის გადასახადებისგან თავის არიდების შედეგად დაგროვილი თანხების მეასედის მიმართვა პოლიტიკური მიზნებით, ვითომ ქველმოქმედების მიზნებით. დიახ, ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის გაღებული აქვს იმ თანხების მეათედი, მაქსიმუმ მეათედი, რომელიც ლეგალურად უნდა გადაეხადა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.