ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარების პარალელურად, რაგბის განვითარებაზეც ზრუნავს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ცნობილი ქართველი მორაგბე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე (ფოტოზე მარცხნიდან პირველი), რომლის ძალისხმევითაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარაგბო ცხოვრების უპრეცედენტო აღმასვლა დაიწყო.

მისი ინიციატივით რეგიონში პროფესიული გუნდი დაფუძნდა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით სარაგბო კლუბმა „ტაომ“, რომელიც ქალაქ ახალციხეშია ბაზირებული, ფეხზე დადგომა შეძლო. ამჟამად კლუბის მიზანია უმაღლესი ლიგის წარმატებული გუნდი გახდეს, რაც როგორც ლევან ცაბაძე აცხადებს, „არც ისე შორეული პერსპექტივაა კლუბისთვის“. მას სჯერა, რომ თუკი თვითონ, როგორც ასპინძაში დაბადებულმა, შეძლო წამრატების მიღწევა, ამას სხვებიც შეძლებენ.

„ჩემი გამგებლობის პერიოდში, დაიბადა ასეთი იდეა, რადგან მთლიანად რეგიონში სპორტის ნაკლებობა იყო, გაგვეკეთებინა რამე. „რაგბის მხარდამჭერთა ლიგა“ უკვე ჩამოყალიბებული იყო შპს-დ და მოვიფიქრეთ ასეთი რაღაც - ვინაიდან ასპინძას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინახოს კლუბი და განავითაროს მთელ რეგიონში, ამიტომ რეგიონის მასშტაბით უნდა გაკეთებულიყო რაღაც. თან მხოლოდ ასპინძაში თუ იქნებოდა, ეს ნაკლებ საინტერესო გამოდგებოდა, ალბათ, რადგან განვითარება შედარებით ნელი ტემპით მოხდებოდა. გამომდინარე აქედან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შედგა მოლაპარაკება და შეთანხმება, რაგბის პროფესიული გუნდი დაგვეფუძნებინა ყველა მუნიციპალიტეტს და დაგვეფინანსებინა. ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ერთად არ უნდა გასჭირვებოდა კლუბის შენახვა, რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტს არ დააწვებოდა ფინანსური სიმძიმე მხოლოდ. ეს კლუბი იქნებოდა რეგიონული, სადაც ითამაშებდნენ ყველა მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები - ბავშვთა გუნდი სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს და ეს გაზრდილი ბავშვები მოვიდოდნენ ამ კლუბში და საუკეთესოები აქ ითამაშებდნენ. საშინაო თამაშები კი, ყველამ რომ იგრნოს რომ ეს მათი გუნდია, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდებოდა. იდეა იდეად არ დარჩენილა. შეიქმნა ტაო, სადაც თამაშობენ რეგიონის მასშტაბით ჩვენი ახალგაზრდები, უმეტესობა არის ადიგენელი და ახალციხელი ბავშვები, მათ შორის ასევე არის რამდენიმე ასპინძელი და ბორჯომელი მორაგბე, ახალხან ახალქალაქელი ბავშვებიც შემოგივერთდნენ. ერთი სიტყვით, ტაო არის რეგიონის ნაკრები. ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის დასაკავშირებლად ტრანსპორტის კუთხით ახალციხეა უფრო ხელსაყრელი და ცენტრალურიცაა, კლუბი იქ ვარჯიშობს. ასპინძის სარაგბო ბაზაზე ხშირად დადიან ხოლმე შეკრებებზე“, აცხადებს ლევან ცაბაძე GUARDIAN.GE-სთან საუბარში და ამატებს, რომ კლუბის ფინანსური უზრუნველყოფა თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხდება.

„ჩვენ დამფუძნებლები ვართ და ვალდებულებები გვაქვს აღებული კლუბის წინაშე, ვის როგორ - ზოგს ცოტა, ზოგს - მეტი - რომელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც რის საშუალებას იძლევა. კლუბის დაფინანსება 300 000 ლარამდეა, რაც ამ ეტაპზე საკმარისია, თუცა, იცით რაშია საქმე? რაგბის სრულყოფილ გუნდში, დაახლოებით, 30 პროფესიონალი მორაგბეა, აქ არის ასევე რამდენიმე მწვრთნელი, ექიმი და ა.შ. ამიტომ, საკმაოდ ძვირი შესანახია კლუბი. არ არის 300 000 ლარი საკმარისი, მაგრამ ჯერჯერობით გვყოფნის. სამომავლოდ კი, წარმატებები იქნება და ჩვენი დახმარებით შესაძლებელია კერძო სექტორის ჩართვა ამ საკითხში, ამ ეტაპზე კერძო სექტორი არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, რომ როგორც კი საჭიროება დადგება, ჩართვებიან - ყველას მოსწონს ეს კლუბი.

„რაც შეეხება ტაოს ამდროინდელ შედეგებსა და ზოგადად სამომავლო გეგმებს, ჩვენი მიზანია, ტაო გახდეს უმაღლესი ლიგის წარმატებული გუნდი, რაც მე ვფიქრობ, არც ისე შორეული პერსპექტივაა კლუბისთვის. ეს ძალიან მალე იქნება იმიტომ, რომ ბიჭებს სერიოზული მონდომება აქვთ და ხელმძღვანელობაც მაღალპროფესიონალური ჰყავთ.

„მე ყოველთვის ვიძახი, მეც აქ ვარ დაბადებული და მე თუ შევძელი რაღაცის მიღწევა, რატომაც არა, რატომ ვერ მიაღწევენ სხვები? რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ჩვენი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და მე ძალიან ბედნიერი ვარ“, ამბობს ვეტერანი მორაგბე, რომელიც ასპინძის სარაგბო ბაზის დაფუძნების ისტორიას იხსენებს და ბაზაზე მასთან ერთად მისულ GUARDIAN.GE-ს შემოქმედებით ჯგუფს უყვება, რომ ტერიტორია, სადაც ამჟამად თანამედროვე ბაზაა აშენებული, ადრე ჭაობიანი ადგილი იყო.

„აქ იყო სულ ჭაობი და აი, აქ სადაც ახლა რაგბის მოედანია, ფეხბურთის პატარა მოედანი იყო და მოსამზადებლად იყენებდნენ ხოლმე ადგილობრივი ფეხბურთელები. ირაკლი გვენეტაძეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ჰქონდა პროექტი „რაგბი უმცირესობისა და უმრავლესობის შერწყმისთვის“, რომელიც ახალქალაქში უნდა გაეკეთებინა, თუმცა აქ ამოვაყოფინე, ასპინძაში, თავი. მას ძალიან მოეწონა ადგილი. ეს ხდება დაახლოებით, 16-17 წლის წინ. ამ ადამიანებმა შემდეგ დაიწყეს აქ სიარული და უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებდნენ რაგბისთან დაკავშირებით. შემდეგ ჩამოაყალიბეს „რაგბის მხარდამჭერთა ლიგა“ და ლიგამ დააყენა საკითხი, რომ აქ აშენებულიყო სარაგბო ბაზა იმიტომ, რომ იყო უნიკალური ადგილი, საუკეთესო პირობები და ა.შ. ლიგის აღნიშნულ წამოწყებას „ქართუ ჯგუფის“ მხარდაჭერა მოჰყვა და ბაზა აშენდა „ქართუ ჯგუფის“ მიერ. მშენებლობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, 2014 წელს დასრულდა. უკვე მეორე წელია, რაც სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სარაგბო ბაზა. ეს ხელს უწყობს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას. ბაზა გამოსაყენებელია ამა თუ იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, ხელმისაწვდომია ყველასთვის - არაჩვეულებრივი პირობებია აქ. ხშირად ჩამოდიან პროფესიული კლუბები შეკრებებზე. ეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არის პირველ რიგში ძალიან მაგარი იმიტომ, რომ ახალგაზრდობა რწმუნდება იმაში, რომ აქ, ადგილზეც შეიძლება განვითარება. ძალიან ბევრ ახალგაზრდას მუნიციპალიტეტში ფაქოტბრივად „ბირჟაზე“ ვეღარ დაინახავ - ან თეატრშია, ან ძიუდოზეა ან რაგბის ბაზაზე. ერთი სიტყვით, ახალგაზრდობა თავიდან ბოლომდე ჩართულია სპორტულ თუ კულტურულ საქმიანობაში. ეს რაგბის ბაზა სწორედ ემსახურება ამას - მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.

„ასპინძის სარაგბო ბაზა რეგიონში ერთადერთია, აქ განთავსებულია სასტუმრო, ფიტნესდარბაზი, არის სასადილო და ჭიდაობის დარბაზიც გავაკეთეთ კაპიტალურად იმისთვის, რომ შესაძლებლობა მივცეთ სხვადასხვა ნაკრებებს იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ამ საუკეთესო პირობებში ივარჯიშონ. ეს უმნიშნველოვანესია, ჩვენი ახალგაზრდების სტიმულისთვისაც“, აცხადებს ლევან ცაბაძე და მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ რაგბის ბაზაზე ასევე განთავსებულია შშმ პირთა სასწავლო ცენტრი.

„არსებობს ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეა“, რომელიც რეგიონში, მათ შორის, ასპინძაში მუშაობდა შშმ პირთა საკითხებზე. „რეას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ელისო გვენეტაძე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთან ერთად დაგვეფუძნებინა ა(ა)იპი, რომელიც დაეხმარებოდა შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. მთავარი იყო იდეის დაბადება, საქმემ შემდეგ თავად აჩვენა, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო.
„შშმ პირთა სასწავლო ცენტრში ბავშვები ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ - ეს არის ხელსაქმე, ხატვა და ა.შ. მასწავლებლები ჰყავთ ამ ბავშვებს და ძალიან ბევრი რაღაც კეთდება. შედეგი ჩანს და ეს ყველაზე მთავარია. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ისაა, რომ ამ ბავშვებს ვეხმარებით ნდობის მოპოვებაში, ვასწავლით თავადაც გამოუცხადონ ნდობა ადამიანებს. საზოგადოებაც ეჩვევა შშმ პირებს, რომ არ იყოს მიუღებლობა. მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ ესენი ჩვეულებრივი, ღვთის მიერ მოვლენილი ადამიანები არიან.

„პირადად მე მაწუხებს ის, რომ ამ ბავშვებს ვთქვათ რომ ვასწავლით და გახდებიან სრულწლოვნები, მთავრობა აღარ გადაუხდის ოჯახს თანხას, სად უნდა წავიდნენ ეს ბავშვები, რა უნდა გააკეთონ? აქედან წამოვიდა იდეა სოციალური საწარმოსი, რომელიც ალბათ, რაგბის ბაზაზე დაფუძნდება. ჩემი იდეაა ასევე, რომ გაკეთდეს სოციალური საცხოვრებელი, სადაც ეს ადამიანები, 18 წლის შემდეგ იცხოვრებენ. იმუშავებენ სოციალურ საწარმოში, ექნებათ ხელფასი და ჩვეულებრივ ადამიანებად იგრძნობენ თავს. სოციალურ საწარმოზე მუშაობა უკვე დაწყებულია, სხვა კი ჯერჯერობით იდეის დონეზე არსებობს“, აცხადებს ლევან ცაბაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.