საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა“, ატენში კი „ხანძარი ლოკალიზებულია“, მაგრამ კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები, ასევე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
„მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ისინი ქართველ მეხანძრე-მაშველებს დაეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნი მძიმე ტექნიკაც. საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ“, აცხადებენ საგანგებო შტაბში, რომლის სხდომაზეც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასული ღამის განმავლობაში ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააკეთა. მან თქვა, რომ ხანძრის კერების მასშტაბი შესუსტებულია და კრიკტიკული კერა ფაქტობრივად არ არსებობს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რომ მოსახლეობაში არ გავრცელებულიყო ხანძარი. ეს ამოცანა შესრულებულია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ დილით, ვიდრე გუშინ ღამე იყო. ვერ ვიტყვით, რომ ამას მალე მოვრჩებით და ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, რადგან დიდი ფართობია დაზიანებული. დღის განმავლობაში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ჩვენი მეზობლები - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალით და რამდენიმე ათეული სპეცტექნიკით შემოგვიერთდნენ. ხანძრის კერები არსებობს, თუმცა იმ მასშტაბის არ არის, რაც გუშინ და გუშინწინ გვქონდა. კრიტიკული კერა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. არის რამდენიმე რთული უბანი ძნელ მისადგომ ადგილებში“, განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დილიდან კვლავ ჩაერთო ავიაცია და იქ არსებულ საავიაციო სატრანსპორტო საშუალებებს - აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს - თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალური სამაშველო თვითმფრინავიც შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხეობაში ხანძარს უკვე ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი ებრძვის და მათ ოთხშაბათს ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.