პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რიგის სამიტზე შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან. "თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ სიძნელეებს, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა, ნურც “თანაგრძნობაში” ვეტყვით უარს”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულებას მოიწონებს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში, რაც ევროპის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ. რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად რიგის სამიტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სოსო ცინცაძე: რიგაში შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან.
“რიგის სამიტი პრინციპში განიხილავს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, მაგრამ ამჯერად ევრობიუროკრატთა წინაშე დგას სტანდარტულად რთული დიპლომატიური მისია, არ გამოიწვიონ საქართველოში და საქართველოს რანგის ქვეყნებში სრული იმედგაცრუება და გულგატეხილობა, თანაც ისე, რომ არანაირი კონკრეტული ვალდებულებებით განმჭვრეტ მომავალში ხელფეხი არ შეიკრან. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ მთელი ოცი წელია ევროპა თავის დიპლომატიას ხვეწს, დაწყებული ნატოთი და დამთავრებული ევროკავშირით. თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ სიძნელეებს, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა, ნურც “თანაგრძნობაში” ვეტყვით უარს”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
“ევროპას, გინდ ამისა დიდი სურვილი ჰქონდეს, პრაქტიკულად არ ძალუძს “გადახარშოს” ათობით ათასი ახალი მიგრანტი. დღეისათვის ევროპის პრიორიტეტული ამოცანაა იტალიის სანაპიროებიდან მოზღვავებული, აფრიკის ქვეყნებიდან გამოქცეული ასობით ათას მუსლიმან ლტოლვილთა დაპურება, დაბინავება და მათი ადაპტაცია. უბრალოდ, ისიც კი მიკვირს, რომ იგივე რიგის სამიტზე საერთოდ იქცევა განხილვის თემადაც კი პოსტსაბჭოური სივრცის მოქალაქეთათვის ევროპის კარის ღიად გახსნა. მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ, ეს არის საქართველოში გატარებულ რეფორმათა ქება და ახალი ამოცანების დასახვა. ეს იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც მე გულწრფელ სიამოვნებას მომგვრიდა საკუთარ პროგნოზში შეცდომა”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“ევროკავშირში გვაქვს ტრადიციული მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, არც პოლონეთს და არც ბალტიის ქვეყნებს დღეს არა აქვთ ისეთი გავლენა ევროკავშირის ხელმძღვანელობაში, რომ მათი ხმა გადამწყვეტ ფაქტორად მივიჩნიოთ. თვით ბალტიისპირეთიც და პოლონეთიც დღეს მთხოვნელის როლში არიან და პერმანენტულ რეჟიმში მოითხოვენ “ბებერი” ევროპისგან სულ უფრო და უფრო მასობრივ დახმარებას”, – განაგრძობს ექსპერტი.
“რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის პერსპექტივას რიგის სამიტზე, ალბათ ვიზიტის ფარგლებში საუბარი ამ თემაზე იქნებოდა და თუ ერთ-ერთ საკითხად უკრაინის მხარდაჭერა წამოიჭრა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. რა მხარდაჭერას უნდა ველოდოთ უკრაინისგან? უკრაინა დღეს არც ევროკავშირის წევრია და არც ისეთი გავლენიანი სახელმწიფო, რომლის მხარდაჭერას რაიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უკრაინას თვითონ უჭირს და თვითონ სჭირდება ევროპის მხარდაჭერა”, – დასძენს სოსო ცინცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.