ვაშინგტონში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩხრეკა დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს განზრახული აქვთ 2 სექტემბერს რუსეთის სან-ფრანცისკოს საკუნსულოში ჩხრეკა ჩაატარონ, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა საცხოვრებელ ბინებშიც.
რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენელმა აშშ-ში ნიკოლაი ლახონინმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს სავაჭრო მისიაში ჩხრეკები ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყებოდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტების დახურვის განკარგულება გამოსცა, 31 აგვისტოს გავრცელდა.
„პარიტეტის დაცვიდან გამომდინარე, რისკენაც რუსებმა გვიბიძგეს, ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დახუროს თავისი გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში, საკონსულო შენობა ვაშინგტონში და საკონსულო შენობა ნიუ იორკში. ობიექტების დახურვა უნდა განხორციელდეს 2 სექტემბრამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან ახალი შეზღუდვები ტელეფონით იმ დღესვე, 31 აგვისტოს, განიხილა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით შეისწავლის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ზომებს, რის შემდეგაც გამოხატავს თავის რეაქციას.
აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 30 ივლისს გამოცემული განკარგულეება, რომლის თანახმადაც, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოებში თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით ორი მესამედით, 755-ით შემცირდა.
თავის მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გამომდინარე თანამშრომელთა შტატების სოლიდური შემცირებიდან, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემა მთელი რუსეთის მასშტაბით შეაჩერა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით იქნება შეჩერებული. 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან აღნიშნული პროცედურა განახლდება მოსკოვში. არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა რუსეთში აშშ-ის საკონსულოებში შეჩერებული იქნება განუსაზღვრელი ვადით“, აღნიშნულია მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს აღნიშნული განცხადების გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად მიმართვა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ამერიკულ საელჩოში შეეძლებათ, სადაც განაცხადის განხილვის ვადები მოსკოვის საელჩოში არსებულ ვადებზე უფრო ნაკლებია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთში აშშ-ის საელჩოში.
„საკონსულო ოფიცერი ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად, ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად იღებს. აშშ-ის კანონი არ უკრძალავს რუსეთის მოქალაქეებს ვიზასთან დაკავშირებული დოკუმენტების სხვა ქვეყნებში წარდგენას“, განმარტეს დიპლომატიურ მისიაში.
20 აგვისტოს განახლებული მონაცემების მიხედვით, მოსკოვში აშშ-ის ვიზიტორის ვიზის (B1 კატეგორია - ბიზნესი, B2 კატეგორია - ტურიზმი) მიღების მსურველთათვის დოკუმენტების წარსადგენად ლოდინის პერიოდი 85 კალენდარული დღეა. სტუდენტური ვიზის მიღების მოთხოვნის მსურველთათვის გასაუბრების ლოდინის ვადა 36 დღეს შეადგენს. არასაემიგრაციო ვიზის სხვა ტიპის განაცხადის წარმდგენებს კი ლოდინი 53 დღე მოუწევთ.
გასაუბრებაზე გასვლის ლოდინის პერიოდი ვიზიტორის ვიზაზე, აშშ-ის კიევის საელჩოში 4 დღეა, თბილისში - 8, პეკინში - 4, ასტანაში - 23, ტაშკენტში - 42, ქაიროში - 23, წერს „რია ნოვოსტი“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი 10 აგვისტოს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთში აშშ-ის დიპლომატების შემცირების შესახებ განკარგულების გამოცემის გამო.
პუტინის მიერ 30 ივლისს გამოცემული განკარგულების შესახებ, რომელიც რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოებში თანამშრომელთა დაახლოებით ორი მესამედით, 755-ით შემცირებას ითვალისწინებს, თითქმის ორკვირიანი დუმილის დარღვევის შემდეგ ტრამპმა 10 აგვისტოს განაცხადა: „მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ მან დიდი რაოდენობით ადამიანებს დართო წასვლის ნება, რადგან ახლა ჩვენ უფრო მცირე ხელფასები გვაქვს გადასახდელი“ და ამით „ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ“.
პრეზიდენტ ტრამპის აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასთან, რომელმაც მოსკოვის გადაწყვეტილებას „სამწუხარო და შეუსაბამო ქმედება“ უწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.
„რაც შეეხება საპასუხო ქმედებებს, როგორც მე უკვე ვთქვი, აუცილებელია უფრო დაწვრილებით იქნეს შესწავლილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამერიკელებმა გამოაცხადეს. ამგვარად, თუკი ვინმე იმედოვნებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ცუდი მაგალითი გადამდები იქნებოდა, მაშინ მან ვერ გათვალა“, განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი აზრით, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გათვლილია იმ მიზანზე, რომ რუსეთის მოქლაქეებში ქვეყნის ხელმძღვანელობის მოქმედების მიმართ უკმაყოფილება იქნეს გამოწვეული.
„ეს ცნობილი ლოგიკაა - ეს მათი ლოგიკაა, რომლებიც ფერადი რევოლუციების ორგანიზებას ახდენს, და ეს წმინდაწყლის ობამას ადმინისტრაციის ინერციაა“, აღნიშნა ლავროვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.