არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებზე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატს შორის დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა.
ადამაშვილის განცხადებით, „პოზიცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გივი გერგიძეს დაუკავშირდა და მის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ გიორგი ღვინიაშვილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამგეობის შენობის მესამე სართულზე უკანონოდ განთავსებული მისი საპარლამენტო ბიუროს ოთახების დაცლის მოთხოვნა გახდა.
„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ საქართველოს პარლამენტის წევრს, გიორგი ღვინიაშვილს 2015 წელს წერილობით ორჯერ, პირველად 20 იანვარს და მეორედ, 26 თებერვალს მიმართა, სადაც იგი დეპუტატისაგან ითხოვდა გამოეთავისუფლებინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკავებული 52.95 კვ.მ. -ის ოდენობის ფართი, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო უკანონოდ იყო განთავსებული, თუმცა გამგებლის თხოვნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
„გიორგი ღვინიაშვილმა არა თუ არ დაცალა ფართი, რომელიც მას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჰქონდა დაკავებული, არამედ იქ დამატებით ე. წ. ანტიკორუფციული კომისიაც კი განათავსა. გივი გერგიძის ახსნა-განმარტებას, რომ აღნიშნული ფართი და ოთახებში განთავსებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას და ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო იყო მისი გამოთავისუფლება, და გაფრთხილებას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, გიორგი ღვინიაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მხრიდან პროვოკაცია, გამგეობის შენობაში შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამებულისა და ჩაგრულის მანტიის მოსხმა სცადა“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობას დეპუტატის სამუშაო შენობით უზრუნველყოფის ვალდებულება არ ეკისრება, რისი დასტურიცაა, 2012 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების, პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე არსებულ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად გამოეყოფა 5 000 ლარი და ამავე დროს, იგივე ოდენობის თანხა – 5 000 ლარი – ყოველთვიურადაც ერიცხება.
ადამაშვილის თქმით, პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ 2014 წლის ანგარიშის მიხედვით გურჯაანში გიორგი ღვინიაშვილს მიღებული აქვს 60 000 ლარი, საიდანაც, ბიუროს, სახაზინო კოდზე ჩარიცხული აქვს 25 800 ლარი – ყოველთვიური ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და 33 520 ლარი – ბიუროს თანამშრომლებისთვის (5 თანამშრომელი). ჯამში ათვისებულმა თანხამ 59 400 ლარი შეადგინა, თუმცა ბუნდოვანი რჩება თუ რისთვის აქვს გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს გახარჯული ყოველთვიური ადმინისტრაციული ხარჯებისთვის მიღებული 25 800 ლარი. მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, მისი გამგეობის შენობიდან კანონიერად გამოსახლებამდე, დაკავებულ ფართში უსასყიდლოდ იყო განთავსებული და ღვინიაშვილს ოფისით სარგებლობისათვის ქირის გადახდა არ უწევდა.
გურამ ადამაშვილი სამართალდამცველებს ზემოთ აღნიშნული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.