რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უკრაინის მხარეს იმყოფებოდნენ, გაარღვიეს მესაზღვრეთა კორდონები, მივიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
როგორც ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მოვლენების ეპიცენტრიდან იტყობინება, სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გაიარეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, გაარღვიეს სამი კორდონი და შეუერთდნენ მათ მხარდამჭერებს, რომლებიც „შეგინის“ პუნქტთან, უკრაინის მხარეს ელოდებოდნენ.
სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად უკვე ავიდა ავტობუსში და სავარაუდოდ, ლვოვისკენ მიემართება.
მას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით გადაადგილების საშუალება არ მიეცა, იგი უკრაინის საზღვარს, „შეგინის“ პუნქტს, ავტობუსით მიადგა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებს ჰქონდათ გადაკეტილი და იქ გადაადგილება ყველასათვის შეზღუდული იყო.
სააკაშვილს, ტიმოშენკოს და სხვა თანმხლებ პირებს, რომლებიც პოლონელმა მესაზღვრეებმა თავიანთ მხარეს უპრობლემოდ გაატარეს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

იულია ტიმოშენკო სასაზღვრო ძალების გენერალს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უფროსს სთხოვდა იმ პროცედურების განმარტებას, თუ რატომ ფერხდებოდა მათი უკრაინის ტერიტორიაზე შეშვება, რაზეც გენერალმა უპასუხა, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მათ ვერ გაატარებდა, რადგან ტერიტორია დანაღმული იყო.
იულია ტიმოშენკომ გენერალს უთხრა, რომ ისინი თავად იღებდნენ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას. გენერალმა მათთვის საბოლოო პასუხის გაცემისთვის 10-15 წუთი მოითხოვა.
იულია ტიმოშენკო ითხოვდა წერილობითი დოკუმენტის წარდგენას, თუ ვინ გასცა საზღვრის ჩაკეტვის ბრძანება.
გენერალი ცოტა ხნის შემდეგ იულია ტიმოშენკოსთან და დეპუტატებთან გამობრუნდა და მათ უთხრა, რომ დაწყებული იყო განაღმვითი სამუშაოები, რასაც დაახლოებით 2-3 საათი მაინც დასჭირდებოდა და ამის შემდეგ ის პირები, რომელთაც კანონიერი უფლება ექნებოდათ უკრაინაში შესვლისა, გენერლის განცხადებით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, შეშვებულნი იქნებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამის შემდეგ „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მდგომარეობა დაიძაბა. სააკაშვილმა გენერალს ყვირილი დაუწყო და უთხრა, რომ მას შემდეგ რაც პოროშენკო და „ბარიგები“ ხელისუფლებას ჩამოსცილდებიან, მისი მსგავსი „გაქსუებული“ გენერლები ციხეებში აღმოჩნდებიან, ხოლო ჯარისკაცებს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ქონება, აგარაკები და ა.შ. მათ გადაეცემათ.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უკრაინის მხარეს იმყოფებოდნენ, გაარღვიეს მესაზღვრეთა კორდონები, გადავიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე და მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანეს.
ამის შემდეგ კი სააკაშვილმა და მისმა მრავალრიცხოვანმა მხარდამჭერებმა ფეხით გაიარეს გარკვეული მანძილი, რათა მისულიყვნენ საზღვრიდან საკმაო მანძილზე მდგომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებამდე. ისინი ახლა ავტობუსებით ლვოვის მიმართულებით მიემგზავრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.