თბილისის მერმა, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi“-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გახსნა.
დავით ნარმანიას თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს და ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
„2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“, განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ცნობით, ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად. წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა.
„ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. ფორუმში ასევე მონაწილეობს ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა.
ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი. ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.
ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“ წარადგენენ. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი", აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.