მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის რელიგიურ სკოლაში გაჩენილ ხანძარს 21 მოსწავლე და ორი მასწავლებელი შეეწირა.
სკოლაში ხანძარი ხუთშაბათს, გამთენიისას გაჩნდა.
ხალხის ვარაუდით ბავშვები და მათი მასწავლებლები საერთო საცხოვრებლის ოთახში ჩაიკეტნენ, რომლის ფანჯრებსაც რკინის გისოსები ჰქონდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ხირუდინ დრაჰმანმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს განუცხადა: „ქვეყანაში ბოლო 20 წელიწადში ყველაზე უბედური ხანძარი ვიხილეთ დღეს“.
როგორც BBC იუწყება, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა 25-ს შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ დააზუსტა, რომ უბედურ შემთხვევას 21 მოსწავლე და 2 მასწავლებელი შეეწირა.
პოლიციის ცნობით, დაღუპული 21 სტუდენტიდან ყველა ბიჭია და ისინი 13-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ.
საავადმყოფოში ათი ადამიანი გადაიყვანეს, ოთხ მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.
ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 05:40-ზე გაჩნდა. პოლიციის თქმით, ცეცხლი პირველად საძინებელ ოთახებში გაჩნდა.
ისლამურ სკოლებში ბავშვები ხშირად, სკოლის შენობაში ცხოვრობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სოიმან ჯაჰიდმა განაცხადა: „ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დავადგინეთ, რომ ბავშვები და მასწავლებლები ფანჯრებიდან ცდილობდნენ გაქცევას, თუმცა ფანჯრებზე გისოსებია და ამიტომ ოთახში ჩაიკეტნენ“.
მან განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ ან კოღოების დამაფრთხობელმა სპირალმა გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის თქმით, ამდენი მსხვერპლი სკოლაში სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამოა.
მალაიზიაში სკოლებში 2015 წლიდან 29 ხანძარი მოხდა.
სკოლის გვერდზე მცხოვრებმა მეზობელმა „როიტერსის“ სააგენტოს განუცხადა, რომ ყვირილის ხმა შემოესმა, თუმცა ბავშვებს ვერ დაეხმარა, რადგან შესასვლელ კარებს უკვე ცეცხლი ეკიდა.
მან დაინახა 15 წლის მოსწავლე, რომელიც ფანჯრის გისოსებში გამოძვრა და წყლის მილის დახმარებით დაბლა დაეშვა.
კუალა-ლუმპურის პოლიციის დეპარტამენტის მეთაურმა, ამარ სინგმა განაცხადა, რომ გარდაცვლილთა სხეულები „მთლიანად დაიწვა“.
„საუბედუროდ, მხოლოდ ერთი გასასვლელი იყო და ამიტომ ყველამ ვერ შეძლო შენობის დატოვება. გარდაცვლილთა დამწვარი სხეულები ერთმანეთზე იყო დაწყობილი.“
ოფიციალური პირების განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ და ცეცხლი ერთ საათში ჩააქრეს.
პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ იგი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ყველაფერს გააკეთებს მომავალში ასეთი შემთხვევების რაოდენობის შემცირებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.