საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტად თურქმენეთში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტისას კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
„მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის წინ დამყარდა, ხალხებს შორის კავშირი გაცილებით ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდს ითვლის. აკჯა ნურბერდიევას თქმით, თურქმენეთში კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.
მხარეების თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა.
შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აჯკა ნურბერდიევამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თურქმენეთში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის სოციალური პოლიტიკა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. აკჯა ნურბერდიევა დაინტერესდა საქართველოს განათლების სისტემითაც.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ოქრიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე გულშატ მამედოვა და მეჯლისის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი მოინახულა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
დღესვე, თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, მეხუთე აზიური თამაშების - „აზიადა 2017“-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.