რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში - ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 2013–17 წლებში 194 მილიონ 443 ათას 446 ლარის ღირებულების ათასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც მოიცავდა გზებისა და ხიდების აღდგენას, ნაპირსამაგრების მოწყობას, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სკოლამდელი დაწესებულებების, ამბულატორიების, კულტურის შენობების, სპორტული მოედნების აღდგენით სამუშაოებს. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძე, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ბოლო სამი წელი გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ამბობს, რომ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს „განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია“, თუმცა მიიჩნევს, რომ რეგიონის „არსებული პოტენციალი სწორად და გეგმაზომიერად“ უნდა იქნას გამოყენებული და იმ ფონზე, როცა „რეგიონით დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ქართველ, ისე უცხოელ ინვესტორებში“, ასევე მიმდინარეობს საკურორტო ინფრასტრუქტურის და გზების მოწესრიგება, მათ შორის ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სამომოვლოდ კი გვირაბის მშენებლობაც იგეგმება, გუბერნატორის აზრით, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გამოცოცხლება მოხდება და აღნიშნული გზის გაკეთება „გამოიწვევს იმას, რომ მესტიაში ჩასული ტურისტების უმრავლესობა გადმოინაცვლებს ჩვენს რეგიონში“, რასაც თან მოჰყვება „ტურისტული ბიზნესის განვითარება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, რაც „მთის კანონთან“ ერთად, როგორც არჩილ ჯაფარიძე იმედოვნებს, „შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას“.

(ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი ტოლა)
GUARDIAN.GE გთავაზობთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) არჩილ ჯაფარიძესთან ინტერვიუს.
„2013–17 წლებში რეგიონის მასშტაბით 194 443 446 მილიონი ლარის ღირებულების 3000 – ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა“.
„ამბროლაურის აეროპორტს შეიძლება საუკუნის პროექტიც კი ვუწოდოთ“.
„ქ. ამბროლაურში დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2018 წელს იგეგმება“.
„ცაგერში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „მწვანე თეატრს“.
„ასფალტირებული გზა კეთდება ონის მუნიციპალიტეტში საგლოლო–ღების, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი ლენტეხი–ბავარის მიმართულებით, დაიწყო უშუქო სოფლების განათება“.
„განხორციელდა სორი–ონის 12 კმ–იანი გაზსადენის მშენებლობა და ამდენი წლის შემდეგ ონის მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდება“.
„დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე იგეგმება ხვამლის მთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია“.
„მიმდინარეობს საჩხერე–რაჭის და ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზების და გვირაბის პროექტირება, რომელთა სამშენებლო სამუშაოებიც 2018 წლიდან იწყება და რასაც ჩვენი მხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“.
„ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებისთვის... მესტიაში ჩასული ტურისტების უმრავლესობა გადმოინაცვლებს ჩვენს რეგიონში“.
„რეგიონით დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ქართველ, ისე უცხოელ ინვესტორებში. ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით“.
„2013–17 წლებში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 70 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა“.
„მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს იღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას“.
„სახელმწიფო კვლავ აგრძელებს ხვანჭკარის ჯიშების სუბსიდირებას 2 ლარის ოდენობით. დარწმუნებული ვარ, რთველი წელსაც წარმატებით ჩაივლის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“.
„ყურძენზე ფასის ზრდამ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა ახალი სავენახე ფართობების ათვისება. დამატებით 300 000 ძირზე მეტი ალექსანდრეულის და მუჯურეთულის (ხვანჭკარის მასალა) ჯიშის ყურძენი გაშენდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება“.
GUARDIAN.GE: ბატონო არჩილ, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონის პრობლემები თქვენთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი, ბოლო 3 წელიწადი, გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე, იკავებდით გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობას, რა მიგაჩნიათ უმთავრეს მოსაგვარებელ საკითხებად და როგორ ხედავთ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განვითარების პერსპექტივას?
არჩილ ჯაფარიძე: რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია, თუმცა საჭიროა აქ არსებული პოტენციალი სწორად და გეგმაზომიერად იქნას გამოყენებული. ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად მიგრაცია და სამუშაო ადგილების სიმცირე სამწუხაროდ დღემდე რეგიონის ძირითად პრობლემებს წარმოადგენს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლოს სხვადასხვა შეღავათით, განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. ყოველივე ეს გამოიწვევს მიგრაციის დონის შემცირებას და მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა კი ხელს შეუწყობს რეგიონის გაახალგაზრდავების პროცესს.
G.G.: პრემიერ მინისტრი თავის 4-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს და აცხადებს, რომ მომავალ წლებში ამ მიმართულებით მილიარდობით ლარი დაიხარჯება. რეგიონში რა გეგმები არსებობს ამ კუთხით. რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები განხორციელდა უკვე, რა პროექტები მიმდინარეობს ამჟამად, როდის დასრულდება ის, და რა პროექტების განხორციელებას უნდა ველოდოთ მომავალში?
ა.ჯ.: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ჩვენი მხარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2013–17 წლებში რეგიონის მასშტაბით 194 443 446 მილიონი ლარის ღირებულების 3000 – ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჩატარდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, მოეწყო ნაპირსამაგრები, მოწესრიგდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, განხორციელდა სკოლამდელი დაწესებულებების, ამბულატორიების, კულტურის შენობების, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები...

(ამბროლაურის აეროპორტი)
კონკრეტულ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარს დავიწყებ ამბროლაურის აეროპორტით, რომელსაც შეიძლება საუკუნის პროექტიც კი ვუწოდოთ.
ჩვენი რეგიონის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის განვითარებაა და აეროპორტი არის მთავარი ღერძი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, განხორციელდა უწერა–შოვის გზის რეაბილიტაცია, დაიგო გზა მრავალძლის მიმართულებით, რომელიც უახლოეს პერიოდში ბოლომდე დასრულდება, ქ. ამბროლაურში დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2018 წელს იგეგმება, ცაგერში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „მწვანე თეატრს“, ასფალტირებული გზა კეთდება ონის მუნიციპალიტეტში საგლოლო–ღების, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი ლენტეხი–ბავარის მიმართულებით, დაიწყო უშუქო სოფლების განათება;

(ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბავარი, თეკრაში)
განხორციელდა სორი–ონის 12 კმ–იანი გაზსადენის მშენებლობა და ამდენი წლის შემდეგ ონის მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდება, დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე იგეგმება ხვამლის მთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია...რაც მთავარია, მიმდინარეობს საჩხერე–რაჭის და ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზების და გვირაბის პროექტირება, რომელთა სამშენებლო სამუშაოებიც 2018 წლიდან იწყება და რასაც ჩვენი მხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

(ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბავარი)
G.G.: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“, ე.წ. მთის კანონის ამოქმედებამ რა ბიძგი მისცა თქვენს რეგიონს, რომლის ოთხივე მუნიციპალიტეტიც სარგებლობს აღნიშნული კანონით, და რაში გამოიხატა უკვე ამ კანონის დადებითი მხარეები?
ა.ჯ.: „მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა: მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს იღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი გათავისუფლებულია საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე გვაქვს ყოველთვიური დანამატი 20%, შესაბამისად ჩვენი პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად იღებენ 216 ლარს, სოციალური პაკეტი გაიზარდა 20%-ით, გარკვეული შეღავათები განხორციელდა ექიმებზე და პედაგოგებზე, ხორციელდება სუბსიდირება ელ.ენერგიაზე და ა. შ. ამასთან, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდით რეგიონში დაფინანსდა 20–ზე მეტი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი, რისმა საერთო თანხამაც 3 420 000 ლარი შეადგინა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, თუმცა არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობს თითოეული ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
G.G.: „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ რამდენად დაინტერესდა ბიზნეს-სექტორი თქვენი რეგიონით, როგორც ქართული, ისე უცხოური, გამომდინარე იქედან, რომ მეწარმეებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები აქვთ დაწესებული ასეთ ზონებში წარმოებების გახსნისას.
ა.ჯ.: რეგიონით დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ქართველ, ისე უცხოელ ინვესტორებში. ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იხსნება მცირე საწარმოები... მაგალითად ქ.ამბროლაურში ახლო მომავალში გაიხსნება წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, ლორის გადამამუშავებელი საწარმო, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროები როგორც ამბროლაურის, ისე ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ფუნქციონირებას იწყებს ღვინის ახალი ქარხნები, წარმატებით აგრძელებს მუშაობას და დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს ქართულ–შვეიცარული კომპანია „ბლაუნშტაინი“. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ,პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ჩვენს რეგიონში 556 ბენეფიციარი დაფინანსდა მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ ამდენი ოჯახის მდგომარეობა შეიცვალა უკეთესობისკენ.
G.G.: როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს თითქმის კატასტროფული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას რეგიონში აღნიშნული კანონი. ხომ არაა პირველი დადებითი სიგნალი ის, რომ, როგორც პრემიერმა ამასწინათ, თქვენი რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა - პირველად დიდი ხნის შემდეგ, ამბროლაურში შობადობამ სიკვდილიანობას გადააჭარბა.
ა.ჯ.: დემოგრაფიული მდგომარეობა და შობადობის დაბალი მაჩვენებელი მთელი საქართველოს და მათ შორის ჩვენი რეგიონის ერთ–ერთი უმწვავესი პრობლემაა. რეგიონში წლებია მოსახლეობის კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წელს პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2014 წლის ივლისის თვიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 3 და მეტშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. ამას დაემატა „მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათები, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300–500 ლარის ოდენობით. სწორედ ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ წელს უკვე შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას და იმედია ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.
G.G.: ბოლო პერიოდში დიდი ყურადღებაა გადატანილი ტურიზმის განვითარებისკენ. რამდენად ხდება თქვენი რეგიონის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის განვითარება და რა კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ? მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიც იყო ლაილაში - ცაგერის მუნიციპალიტეტში - და მუაში, ასევე აილამა, ზესხოში - ლენტეხის მუნიციპალიტეტში - სადღეისოდ უფუნქციოა და მათი აღორძინების მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე?

(ლენტეხის მუნიციპალიტეტი, კურორტი მუაში)
ა.ჯ.: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მოგეხსენებათ რომ ნებისმიერ სფეროში განხორციელებული სამუშაოები, რომელთა ნაწილზეც უკვე მოგახსენეთ, პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. პირველ რიგში აუცილებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამასთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის მასშტაბით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამბროლაურში გვაქვს ახალი აეროპორტი, განხორციელდა უწერა–შოვის გზის რეაბილიტაცია, დაიგო გზა მრავალძლის მიმართულებით, რაც მთავარია უახლოეს პერიოდში იწყება საჩხერე–რაჭის და ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა; გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები შაორის განვითარების მიმართულებით და ძალიან მალე მოსახლეობა თავად დაინახავს გაკეთებულ საქმეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს რაჭის განვითარების გეგმაზე მუშაობა, რის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე მოხდება ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესის, შაორის, უწერის, მრავალძლისა და კურორტ შოვის სივრცით–ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება და მხარის გეგმაზომიერი განვითარება.
სწორედ აღნიშნული პროექტები განაპირობებს იმას, რომ ტურისტებისა და დამსვენებლების რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და ჩვენი რეგიონით დაინტერესებაც გაცილებით უფრო იმატებს.
G.G.: როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიტანს ახალ სიცოცხლეს ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის აღდგენა ქვემო სვანეთის განვითარებაში, რეგიონის, რომელიც მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე დაცლის პირასაა.
ა.ჯ.: ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებისთვის. აღნიშნული გზა გამოიწვევს იმას, რომ მესტიაში ჩასული ტურისტების უმრავლესობა გადმოინაცვლებს ჩვენს რეგიონში. ამას თან მოჰყვება ტურისტული ბიზნესის განვითარება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება... ყოველივე ეს კი შეაჩერებს მიგრაციულ პროცესებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას.
G.G.: რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტს შევეხეთ, რომელიც გეოგრაფიულად საკმაოდ დაცილებულია თქვენი ადმინისტრაციული ცენტრიდან, ასევე შედარებით შორია ცაგერის მუნიციპალიტეტიც, გვინდა გკითხოთ, ამბროლაურის და იქვე მდებარე ონის პარალელურად რა ინტენსივობით ფიქრობთ ამ შედარებით მოცილებულ მუნიციპალიტეტებსა და მის სოფლებში ჩასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრებს და პრობლემების ადგილზე გაცნობას?
ა.ჯ.: სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მიზანია მხარეში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის თანაბრად განვითარება, შესაბამისად მთელი მხარის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2013–17 წლებში სწორედ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 70 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

(ცაგერის მწვანე თეატრი)
ჩემი მიზანია თითოეულ სოფელში მივიდე პირადად და ადგილზე გავეცნო ყველა არსებულ პრობლემას. ნებისმიერ თემში თუ სოფელში განსახორციელებელი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით გაკეთდება...
G.G.: ასევე, საინტერესოა, სამთო-სათხილამურო მიმართულებით თუ არსებობს გეგმები თქვენ რეგიონში. მაგალითისთვის ამ მხრივ, მეზობელი მესტიის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით არანაკლები პერსპექტივა აქვს ქვემო სვანეთსაც.
ა.ჯ.: ჩვენი რეგიონის ერთ–ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შესაძლებელია წარმატებით განვითარდეს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმი. სამთო-სათხილამურო მიმართულებით პერსპექტივა გააჩნია არა მარტო ქვემო სვანეთს, არამედ ზემო რაჭასაც.
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის-სივრცითი მოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია ჩვენი რეგიონის სწორი, გეგმაზომიერი განვითარება, რასაც თან მოჰყვება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ყველა მიმართულებით. სახელმწიფო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, მომავალში ზამთრის კურორტების განვითარებაც შესაძლებელი იქნება...
GUARDIAN.GE: ბოლოს, იქნებ კარს მომდგარი რთველის საკითხსაც შევეხოთ. რა თანადგომას უნდა ელოდოს გლეხი წელს მოსავლის ჩაბარებისას? რეგიონში - რაჭასა და ლეჩხუმში არაერთი უნიკალური ჯიშის ყურძენი ხარობს - რამდენად განვითარდა მევენახეობა იმ სუბსიდირების პროგრამის ფონზე, რასაც ბოლო წლებში მთავრობა ახორციელებს?
არჩილ ჯაფარიძე: აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს რთველის პროცესი ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. სახელმწიფო კვლავ აგრძელებს ხვანჭკარის ჯიშების სუბსიდირებას 2 ლარის ოდენობით. დარწმუნებული ვარ რთველი წელსაც წარმატებით ჩაივლის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

ყურძენზე ფასის ზრდამ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა ახალი სავენახე ფართობების ათვისება. დამატებით 300 000 ძირზე მეტი ალექსანდრეულის და მუჯურეთულის (ხვანჭკარის მასალა) ჯიშის ყურძენი გაშენდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება. ამავე დროს იგეგმება ხვანჭკარის საბოლოო სახით გადამუშავება და ჩამოსხმა მიკროზონაში, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის აღმოფხვრას და რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ინტერვიუს დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაშიც და კონკრეტულად ჩვენს რეგიონშიც, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ყველაფრის ერთად გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა დარწმუნებული ვარ მონდომებით და ერთმანეთის გვერდში დგომით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახის მდგომარეობა ეტაპობრივად უკეთესობისკენ შეიცვლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.