საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
„დღეს ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. მაშინ არაერთმა გმირმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს დაცვას.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ ადამიანის ღვაწლს, რომელიც სეპარატისტებმა 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, რომელიც წელგამართული შეეგება სიკვდილს, რომელსაც უბრძანეს, რომ დაჩოქებულიყო, მისი პასუხი კი იყო - არასოდეს!
დღეს ჩვენ გამოვყობთ სოხუმის მერის, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ღვაწლს, ვიხსენებთ მას იმ დიდ ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა.
დღეს ჩვენ მას ვაჯილდოვებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი. ეროვნული გმირის წოდებით და ამ წოდებას გადავცემთ მისი ოჯახის წევრებს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.