საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ტრადიციას დაუდო სათავე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა, უმაღლესი მთავარსარდლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სწორედ არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს.
„ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისათვის, იმიტომ რომ მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო - თქვენი პროფესიონალიზმის სიმამაცის, უტეხობის ხარჯზე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის უკან დგას მისი ოჯახი, რომელიც რეალურად მას შეაძლებინებს ამ სიმტკიცეს და ამ თავგანწირვას.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმები, წარმატებები უნარები და სულიერი სიმტკიცე.
ჩვენი სიძლიერე, ჩვენი უნარი გავუმკლავდეთ მტერს და ვიყოთ ჩვენი მეგობრების გვერდით, მუდმივი აღტაცების საგანია”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მამაკაცებს და ქალბატონებს ფორმაში, რომლებიც მსახურობენ საერთაშორისო მისიებში.
„ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ვდგავართ მტკიცედ. საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, ააშენოს დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო, უცვლელია და ვერაფერი ვერ შეარყევს ამ არჩევანს.
რეალურად, ამ განცხადების სიმტკიცეს, იქნება ეს პოლიტიკოსის, მოქალაქის, თუ ჟურნალისტის მიერ ნათქვამი, რეალობად აქცევს და ზურგს უმაგრებს თქვენი სამსახური.
არაერთხელ აღინიშნა, როგორც ჩემ მიერ, ასევე მინისტრის მიერ, ასევე უშიშროების საბჭოს მიერ, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, იმიტომ რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგას საზოგადოება.
თქვენი მხარდაჭერის ხარისხი საზოგადოების მიერ უმაღლესია.
ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.
საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არამარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ რომ თითოეული რიგითი მოქალაქე, თითოეული ქართველი, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ღმერთმა არ ქნას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენ გვერდით, ემსახურება სამშობლოს დაცვის ერთიან მიზანს.
ამისთვის იდგმება სერიოზული ნაბიჯები, როგორც შეიარაღებული ძალების სისტემაში, ასევე პოლიტიკურადაც. ჩვენ მთელი საზოგადოება გაერთიანებული ვართ ერთი მიზნისათვის - დავიცვათ და გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო!” აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე საქართველოს სამხედრო ძალების დროშების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო დროშები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების კაპრალი სერგეი გოროზია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მთავარი დირიჟორი კობა მერმანიშვილი ქართული საგუნდო მუსიკისა და სამხედრო ორკესტრის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კი, გიორგი მარგველაშვილმა, მაღალი პროფესიონალიზმისა და საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას გამოვლენილი გამბედაობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვა ჟურნალისტები გიორგი შარაშენიძე და ლეილა ბლაგონრავოვა.
მიღებას, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეები და ოჯახის წევრები, ასევე, კანადაში, საერთაშორისო თამაშებში Invictus Games გამარჯვებული დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.