"გასულ კვირას იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ამ წერილით მეფარიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს, რათა პირადად უთხრას, თუ როგორ დაიწყო მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, ვინ დგას ამის უკან, რა მიზანს ისახავს და რა გაკეთდა მისი გუბერნატორობის დროს. რის თქმას აპირებს ზაზა მეფარიშვილი ექსპრემიერისთვის, ამის თაობაზე ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით მოჯადოებული კორუფციული წრე?! / ყოფილი გუბერნატორი "ფულის კეთების" სქემებზე ალაპარაკდა.
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. ყველა ცილისწამებაზე მაქვს პასუხი და ბატონი ბიძინა ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნდება. დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ავუხსნი, რა ხდება რეალურად, როგორი მოჯადოებული წრე იქმნება გუბერნატორის გარშემო, რაც უსპობს ნორმალურად მუშაობის საშუალებას. როდესაც გუბერნატორი ცდილობს საქმის გაკეთებას, მაშინვე მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია იწყება. ივანიშვილთან შეხვედრა იმიტომ მსურს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც და მოვლენების შეფასებაც. როცა ჯერ კიდევ იმერეთის გუბერნატორი ვიყავი, ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჩემთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა და პრემიერმა დაარწმუნა, რომ უკანონოს არაფერს ვაკეთებდი. ის ინფორმაცია, რომელიც ჩემ შესახებ მიუტანეს, ჩემს გარემოცვას შეეხებოდა. როგორც ვიცი, ივანიშვილს ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია. უბრალოდ, ღარიბაშვილს ურჩია, გაერკვია, სიმართლე იყო თუ არა ის, რასაც იმერეთის გუბერნატორზე ამბობდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა მეფარიშვილი.
"მინდა, გავიგო, რა უთხრეს, რომ ბატონ ბიძინას ავუხსნა ყველაფერი. ქუთაისის, თერჯოლის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამგებლის მოადგილეები ჩემი მხარდაჭერით ნამდვილად სარგებლობდნენ. მას შემდეგ, რაც გუბერნატორი აღარ ვარ, ისინიც გაათავისუფლეს, თუმცა, კორუფციაში არც ერთი არ დაუდანაშაულებიათ... ამ მოჯადოებული წრის ჩამოყალიბება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი, მე აპოლიტიკური გუბერნატორი გახლდით. "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ კადრებს არა პარტიული ნიშნით (რაც მათი აქტივისტების დასაქმებას გულისხმობდა), არამედ პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის მიხედვით ვარჩევდი. თავის დროზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა მეც ამ ნიშნით გამომიცხადა", - განმარტავს რესპონდენტი.
"საკადრო პოლიტიკის გამო ქუთაისის მერი, სხვადასხვა რაიონის გამგებლები და "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამინაწყენდნენ. ამას დაემატა ტენდერებთან დაკავშირებული უკმაყოფილების ტალღაც. რამდენიმე პროექტი მოვიკითხე, რომელთა დასაწყებად თანხა გადასარიცხად მზად იყო. აღმოჩნდა, რომ პროექტის ბიუჯეტში ისეთი სამუშაოების შესრულებისთვის იყო თანხები ჩადებული, რაც უკვე შესრულებული გახლდათ... გადავხედე სატენდერო მოთხოვნებს, რომლებიც ძალიან ზოგადი იყო, და მათი დაზუსტება მოვითხოვე. აქედან აგორდა ჭორი, გუბერნატორი სატენდერო პირობების შედგენაში ერევა, რადგან მისთვის მისაღები ფირმის გამარჯვება სურსო. მოკლედ, ადამიანის განადგურება თუ გინდა, ის უნდა დააბრალო, რასაც თავად ებრძვის" - განაგრძობს ზაზა მეფარიშვილი.
"ტყიბულში სპორტის სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტში იმ სამუშაოს შესრულებაზე იყო წარმოდგენილი წინადადებები, რაც რეალურად შესრულებული იყო. რეაბილიტაციის დასრულებას მხოლოდ იატაკებისა და კედლების გარემონტება სჭირდებოდა, თანხა კი მთლიანი სამუშაოებისთვის იყო გამოყოფილი. ეს საეჭვო ურთიერთგარიგების წინა პირობა გახლდათ. ასევე მოექცა ყურადღების ცენტრში ზესტაფონში (ტაბაკინის დასახლებამდე) გზის გაკეთების პროექტი, წყალტუბოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზონის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია. ზოგიერთ რაიონში გზა არ აღმოჩნდა მოხრეშილი, რისთვისაც თანხა უკვე გამოყოფილი იყო. ახსნა-განმარტება რომ მოვითხოვეთ, მითხრეს, ხრეში წყალმა წაიღოო(?!) მოკლედ, კორუფციულ გარიგებებს ხელი შევუშალე. სწორედ ეს არ მოეწონა ზოგიერთ ჩინოვნიკს და ხელი ჩემკენ გამოიშვირეს", - ამბობს ყოფილი გუბერნატორი.
"სამართლებრივად სამუშაოების შესრულების დამკვეთი მუნიციპალიტეტები არიან, რომელთა ხელმძღვანელი პირები კორუფციის გამო არავის დაუსჯია. ჩემი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მე მათ გარეშე ვერავითარ კორუფციულ გარიგებაში ვერ ჩავერთვებოდი. თუმცა, ვაცხადებ, მაინც არის ხვრელები იმისთვის, რომ გუბერნატორი კორუფციულ სქემებში ჩაერთოს, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია. მერწმუნეთ, ამაზე რომ წავსულიყავი, დღესაც თანამდებობაზე ვიქნებოდი. ერთ რამეს კი ვნანობ, ვერ ვიპოვე შუაკაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჩემ შესახებ ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიდა. სამწუხაროდ, ვერ აღვუდექი წინ ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას. თუკი ენის მიტანა და ცილისწამება წახალისებული იქნება, ეს გაზრდის იმ პირთა რიცხვს, ქვეყნის ხარჯზე პირად კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ, საქმის მკეთებელ მოხელეებს კი შეზღუდავს", - დასძენს მეფარიშვილი.
"თუკი გუბერნატორის თანამდებობა არჩევითი გახდება, პროექტების განხორციელების კონტროლი გარკვეულწილად მისი მოვალეობაც იქნება. ამგვარად, გუბერნატორი უკეთ შეძლებს რეგიონის წარმოჩენას. დღეს კი საქმის კეთებას ენის მიტან-მოტანა მოსდევს", - მიიჩნევს რესპონდენტი და და შეკითხვას - "ყველაზე ბინძური ჭორი თქვენ შესახებ რა იყო?" პასუხობს:
"ჩემი მეუღლის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. თითქოს ჩემი მფარველობა დასჭირდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა; თურმე ქრთამად აიღო ბრილიანტის სამეული მაშინ, როცა საქმე რექტორის არჩევას ეხებოდა. ეს იყო საძაგელი ტყუილი, რომელმაც ძალიან გამაღიზიანა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.