საქართველო არის ღია ეკონომიკა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.
„ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან.
საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს "ახალი აბრეშუმის გზის" ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა.
მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას.
განსაკურებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.
ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები.
იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, „დიდი აბრეშუმის გზის" ამბიციურ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით.
დღევანდელი შეკრება და ჩვენი ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ლიდერების ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თანამშრომლობითა და კონსტრუქციული მიდგომებით, ღირსეული თანამედროვეობა და მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას.
როგორც მოგეხსენებათ, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში წამყვანი როლი უკავია მსოფლიოს უმსხვილეს ორ ეკონომიკას, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა. შესაბამისად, ფორუმის დასაწყისში ჩვენ შეგვეძლება, მოვისმინოთ ჩინეთისა და ევროკავშირის მიერ დანახული პერსპექტივები ამ ურთიერთობების შესახებ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.