თბილისის 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორავას ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოზარდის დაკავების მიზნით „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“ ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ყველა პირი, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ ტრაგედიასთან, იქნება ობიექტურად და სამართლიანად დასჯილი“.
„გამოძიების შედეგად ყველა შემხებლობის მქონე პირს შეიძლება სტატუსი შეეცვალოს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შესაბამისი შეფასება ექნება მიცემული სკოლის ადმინისტრაციის და ასევე მანდატურების სამსახურების მოქმედების ეფექტურობას და გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, როგორც სტატუსი, ასევე შეფასებები შეიძლება შეიცვალოს“, თქვა მინისტრმა და დააზუსტა, რომ ამ მომენტისთვის ამოღებულია 2 ცივი იარაღი და ამ „საქმეში მონაწილეობდა 2 ცივი იარაღი და ორივე არის იდენტიფიცირებული და ამოღებული“.
შინაგან საქმეთა მინისტრი „სერიოზულ პრობლემად“ მიიჩნევს იმას, რომ „გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ადამიანთა ძალზე მცირე ნაწილმა გამოხატა.
„გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე ხალხმა, ძალზედ მცირემ ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ადამიანებმა. ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საზოგადოების სხვა წევრები, მოქალაქეები, რომლებიც აქტიურ პოზიციას იჭერენ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ძალზე სერიოზული ნაბიჯები, რამეთუ არასრულწლოვნებში, პირველ რიგში, დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები არსებობდეს, სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას“, თქვა მინისტრმა.
იგი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის მამის, მირზა სუბელიანის გენერალურ პროკურატურაში მუშაობის საკითხს და საზოგადოების მხრიდან ამ კუთხით დასმულ შეკითხვებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გასცა პასუხი და ასევე ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა მისივე სურვილით დატოვა მის მიერ დაკავებული თანამდებობა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ისეთ მძაფრ და სენსიტიურ თემაში, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ“, აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.