შარშან ნოემბერში და წელს თებერვალში, ოკუპანტმა რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან „ახალი ხელშეკრულება გააფორმა, - „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის “შესახებ”, სადაც მასში შემავალი პარაგრაფები ატარებენ მცოცავი ანექსიის აშკარა ნიშნებს! ამავდროულად, დღეს რუსეთისთვის მთავარი პრობლემა არის ყირიმის ანექსიის იურიდიულად "გაპრავება" თუ არა, დასავლეთთან ამ პრობლემის „განხილვის“ ხანგრძლივ პერსპექტივაში "გადატანა" და აქედან გამომდინარე, რუსეთი შესაძლებელია გარკვეულ კომპრომისზე წამოვიდეს საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებთან მიმართებაში. ამიტომ, შეცდომაა ქართული პოლიტისტებლიშმენტის მხრიდან, ყირიმის ანექსიის მიბმა აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის საკითხებთან, რადგანაც რუსეთისთვის ისინი „სხვადასხვა სირთულეების და მნიშვნელობის“ პრობლემებია!.. საქმე ის არის, რომ რუსეთი ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებაზე არასოდეს დათანხმდება, რადგანაც – ყირიმს რუსეთი მიიჩნევს თავის ისტორიულ რეგიონად! ხოლო, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით რუსეთს ასეთი დამოკიდებულება არა აქვს, ამიტომ, დასავლეთისგან „სანქცირებული“ რუსეთი მასთან ამ საკითხებზე დიალოგზე და კომპრომისზე წამსვლელია, იმის დასამტკიცებლად, რომ ანექსირებული ყირიმის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეიძლება მოსკოვთან შეთანხმება!.. ასეთ ვითარებაში, საქართველომ ან რუსეთთან, ან აფხაზებთან უნდა შეძლოს „ცალ–ცალკე“ მოლაპარაკება, იმიტომ, რომ „ორივესთან ერთად“ ეს შეუძლებელია, რადგანაც ამ შემთხვევაში, – ოკუპანტი და სეპარატისტი „ერთ პოზიციაზე დგანან“ და ჩვენ ერთად გვიპირისპირდებიან!.. საქართველომ უნდა ააგოს თავისი სტრატეგია იმ წინააღმდეგობებზე, რაც რუსეთს და აფხაზებს ერთმანეთის მიმართ აქვთ!.. რეალური ვითარება კი ისეთია, რომ საქართველოსთვის აფხაზებთან მოლაპარაკება შეუძლებელია, აფხაზების შეურიგებელი და უკომპრომისო პოზიციების გამო, რუსეთთან კი, საქართველოს მეტი შანსი აქვს, რომ მოლაპარაკების და კომპრომისის გზით სასურველ შედეგს მიაღწიოს! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აფხაზეთის ანექსიაზე უარს არ იტყვის და ქართველებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გადაეწურება, მაშინ, ოფიციალური თბილისი შეიძლება, რომ – აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით დაემუქროს“ მოსკოვს (ამ შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ შეძლებს „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის ანექსიას!)! საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს აფხაზეთის „რეალური დამოუკიდებლობა“ არაფერში აწყობს, რადგანაც ამ ვარიანტით საქართველო კი დაკარგავს აფხაზეთს, მაგრამ რუსეთიც დაკარგავს აფხაზეთზე კონტროლს და ვეღარ მოახდენს აფხაზეთის ანექსიას, რადგანაც აფხაზეთი გახდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი!
დიახ, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში ჩნდება ახალი პოლიტიკური მოთამაშე – დამოუკიდებელი აფხაზეთის სახით, რომელიც მოსკოვისგან დამოუკიდებლად აირჩევს თავის სტრატეგიულ პარტნიორებს, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს!.. მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ შემთხვევაში (პრინციპით – „არც მოსკოვს და არც თბილისს“), დასავლეთი (აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები) მყისიერად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რასაც ლოგიკურად მოყვება აშშ–ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის, მეზობელი თურქეთის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დამოუკიდებელ აფხაზეთთან და დედაქალაქ სოხუმში, – დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოების გახსნა, რაც დამოუკიდებელი აფხაზეთის დასავლურ სამყაროში ინტეგრირების მომასწავებელი იქნება!.. დასავლეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი აფხაზეთის შემდეგი ნაბიჯი გახდება ის, რომ დასავლეთში ინტეგრირებული აფხაზური საზოგადოება 1–2 წელიწადში დაბეჯითებით მოითხოვს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორიიდან, რასაც მთელი დასავლური სამყარო დაუჭერს მხარს!.. მოსკოვში უკვე კარგად ხედავენ აფხაზური საზოგადოების გარკვეულ სიმპატიებს, როგორც თურქეთის და იქ არსებული აფხაზური დიასპორის (ანტირუსულის!), ასევე აფხაზი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილის ლტოლვას დასავლეთისაკენ, რაც შეშფოთებას იწვევს რუსეთის ხელმძღვანელობაში. დიახ, რუსები "არხეინად ვერ არიან", რადგანაც საქართველოსთვის აფხაზეთის დაკარგვა (წართმევა), სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი რუსეთს "გარანტირებულად ჩაუვარდება ხელში“, მაგრამ საქართველოსთვის ეს ვერაფერი ნუგეშია! დიახ, საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელ ამ სცენარს რომ მივყვეთ, ცხადი ხდება, რომ აფხაზეთის "რეალური დამოუკიდებლობა" რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, რადგანაც რუსეთის გავლენა აფხაზეთში ჯერ განახევრდება, ხოლო თანდათან კატასტროფული ტემპით ნულოვანი ნიშნულისკენ წავა, რადგანაც რუსეთი ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად დასავლეთთან კონკურენციას ვერ გასწევს!.. მოსკოვში, „გონიერი“ რუსები ამას ხვდებიან, იმასაც, რომ აჩქარდნენ ჩვენი მხარეების „დამოუკიდებლობა" როცა "აღიარეს", მაგრამ, ამჟამად "სალდაფონი" რუსები, სამწუხაროდ უმრავლესობაში არიან, რომლებსაც აფხაზეთის ანექსია უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ!.. მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობს, არც მოსკოვს და არც თბილისს, ამიტომ, კომპრომისი მათ შორის, აუცილებელი და შესაძლებელია!.. აფხაზეთი თუ "რეალურად დამოუკიდებელი" გახდა (ანექსიის საწინააღმდეგოდ, საქართველოს და დასავლეთის მხრიდან მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც ჩვენთვის და რუსეთისთვისაც მიუღებელი სცენარია!), მაშინ, რუსეთის ძალისხმევა აფხაზეთის ანექსიისაკენ ვერ განხორციელდება! მიმაჩნია, რომ საქართველოს ეძლევა იმის შანსი, რათა რუსეთს საკითხის მოგვარების საკუთარი გეგმა შესთავაზოს! ასე რომ, მოსკოვს მოუწევს თბილისთან კომპრომისზე წამოსვლა, ისევე, როგორც თბილისს მოუწევს კომპრომისის მონახვა მასთან, რადგანაც მოსკოვის მხრიდან აფხაზების „დარწმუნების და ზემოქმედების“ გარეშე, აფხაზები არ დათანხმდებიან საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, რადგანაც აფხაზებს რუსეთში „შესვლაზე“ მეტად, არ უნდათ საქართველოში „დაბრუნება“ და ეს კარაგად უნდა გავაცნობიეროთ ქართველებმა, თუ გვინდა ქვეყნის გამთლიანება!.. თბილისი და მოსკოვი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კომპრომისულ მოდელზე, რომელიც იქნება საქართველოს და რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებში, სადაც – აფხაზების (ოსების) ეროვნული, თვითმყოფადი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული, ორივე სახელმწიფოს მხრიდან!
აფხაზების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს რუსეთში “შესვლა” და 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთისგან ნაბოძებ ეფემერულ “დამოუკიდებლობას იცავს“, მაგრამ, აფხაზთა “დასარწმუნებლად და მოსარჯულებლად” რუსეთს არაერთი ბერკეტი გააჩნია, მაგალითად ის, რომ რუსები „დააყენებენ“ აფხაზებს არჩევანის წინაშე, – ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, ან კიდევ “ერთი-ერთზე დარჩენა საქართველოსთან“! აი, ამ შემთხვევაში კი, აფხაზებისთვის რუსეთის დახმარების გარეშე “დამოუკიდებლობის” შენარჩუნების შანსი ნულის ტოლია! ხოლო კითხვაზე, – სად ურჩევნიათ აფხაზებს “ყოფნა“ რუსეთის თუ საქართველოს შემადგენლობაში?, – აფხაზთა უდიდესი უმრავლესობა აირჩევს რუსეთს, ქართველების მხრიდან „რევანშის აღების“ და აფხაზეთში 250 ათასი ქართველი ლტოლვილის დაბრუნების შიშით! ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, კომპრომისის მოძებნა საქართველო–რუსეთს შორის ორივე სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და თბილისი ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს „კრიჭაში ჩაუდგნენ“ (პრინციპი – “არც მე და არც შენ“), მაშინ, მოგებული რჩებიან აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც დიდი ალბათობით შეიძლება „ხელში ჩაუვარდეთ“ – საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „აღიარებული დამოუკიდებლობა“! რუსებმა კარგად იციან, აფხაზთა „სიძულვილი და შიშები“ ქართველების მიმართ და დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზები 1992–93 წწ. სისხლისმღვრელი ომის შემდეგ არასოდეს დათანხმდებიან რუსეთის საქართველოთი "ჩანაცვლებას" (როგორც ზოგიერთი ქართველი ვაიპოლიტიკოსი და ვაისტრატეგი ამტკიცებს). აფხაზები, დღესაც იმ ფატალური „ფორმულის“ ერთგულები არიან, რომელსაც „ქადაგებდნენ“ ამ სამი ათეული წლის წინ, – „გვირჩევნია ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო“! – ანუ, როდესაც ქართველები აფხაზებს ეუბნებოდნენ (დღესაც ვეუბნებით), რომ აფხაზი ხალხის თვითმყოფადობას საფრთხე დაემუქრება, თუ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მაშინ აფხაზები ასიმილირებას ვერ გადაურჩებიან, ამის პასუხად აფხაზები ამბობდნენ, – „ჩვენ გვირჩევნია ზღვაში (ანუ, რუსეთში) დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო (ანუ, საქართველოში)“! აფხაზებს, უწინარესად ქართველი დევნილების მასობრივად დაბრუნების შიში აქვთ, მით უმეტეს, თუ ეს მოხდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე!.. აფხაზებმა რუსების კარნახით გამონაკლისი დაუშვეს გალის რაიონისთვის (აფხაზეთის სხვა რაიონებში კი, განხორციელდა ქართველთა ეთნოწმენდა!), სადაც ქართველები ცხოვრობენ აბსოლუტურად გაუსაძლის და დამამცირებელ პირობებში, რადგანაც მუდმივად იმყოფებიან სეპარატისტების ძალმომრეობის ქვეშ!.. აფხაზებს იმის ეშინიათ, რომ აფხაზეთში 1992–93 წლების ომამდელი დემოგრაფიული მდგომარეობა არ აღდგეს, როდესაც ქართველები მოსახლეობის 44% – ს შეადგენდნენ! ყველაზე მეტად კი, აფხაზებს და ოსებსაც იმის შიში აქვთ, რომ ქართველებმა და რუსებმა – ერთმანეთთან საერთო ენა არ გამოძებნონ!..
აფხაზები ცოცხალი თავით არ დათმობენ "დამოუკიდებლობას", რაც არ უნდა „ევროპულად ვუმღერ–ვუცეკვოთ“, თუ მათზე "ზემოქმედება“ არ იქნება რუსეთიდან! აფხაზებს მიაჩნიათ, რომ „საკუთარი სახელმწიფო უკვე ააშენეს“ და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს „ძმობის და დობის“ თაობაზე, აფხაზები ირონიით აღიქვამენ და საქართველოს „ეკონომიკური მიმზიდველობის გამოც“, არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას! მოკლედ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებებით აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენის მცდელობა, არასაკმარისია და რაც მთავარია, აფხაზების 95% –ს, თავისი „უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის" გარანტად მხოლოდ რუსეთი მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ეს მათი "თავისუფალი არჩევანია". ამ პოზიციას, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ სტრატეგიას უპირისპირებენ „თავისუფალ არჩევანის“ შესახებ და ამბობენ, რომ თუ ქართველებს გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი „თავისუფალი არჩევანი“, თუ ვისთან იმეგობროთ ან რომელ სამხედრო–პოლიტიკურ კავშირში გაწევრიანდეთ, მაშინ ჩვენც გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი „თავისუფალი არჩევანი“ გვქონდესო!.. ისინი გვსაყვედურობენ, რომ ქართველები არც კი კითხულობთ ჩვენს აზრს ამის შესახებ (2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებს ეყრდნობით, რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია, არც აფხაზებს და არც ოსებსო) და ამავდროულად გინდათ, რომ საქართველოში „დაბრუნებაზე დაგთანხმდეთო“?! ქართველებისთვის, თუ ნატოა უსაფრთხოების გარანტი, ჩვენთვის რუსეთიაო!.. საქართველოს ხელისუფლებამ, „თავისუფალ არჩევანზე“ საუბრისას, საქართველოს მოქალაქეებს – აფხაზებს და ოსებს უნდა შესთავაზოს, რომ ერთობლივი „წილობრივი მონაწილება მიიღონ თავისუფალი არჩევანის შემუშავებისას“, რაც თანამონაწილეებს გახდით მათ, – ერთიანი, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში!.. აი, ასეთი სტრატეგია ექნება და აქვს რუსეთს აფხაზეთთან მიმართებაში, ხოლო, რაც შეეხება ე.წ. “სამხრეთ ოსეთს”, მასთან დაკავშირებით (ანექსიის შემთხვევაში) რუსეთს არანაირი გართულება არ შეხვდება. პირიქით, საქმე ის არის, რომ ცხინვალის რეგიონის ოსი ეროვნების მოსახლეობა, – “ორი ოსეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის გაერთიანებაზე” დიდი ხანია ოცნებობს და ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიოს თანამეგობრობა, – “ორად გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების აუცილებლობაში”! ასე რომ, ოსების დიდი უმრავლესობა ერთსულოვანნი არიან ამ მიზნის მიღწევაში და რუსეთის „წიაღში ხედავენ საკუთარ მომავალს“!..
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, მით უმეტეს, არც ის რიტორიკა გამოგვადგება, რომ საქართველომ - „საბოლოოდ და შეუქცევადად გააკეთა ესა თუ ის არჩევანი“ და იგი „გადახედვას არ ექვემდებარება“, ფაქტია, რომ ასეთი ხისტი სტრატეგიით დეოკუპაციის და ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, რუსეთის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ანექსიის საფრთხე იზრდება! ამ საფრთხეს ვერ შეაკავებს აბაშიძე – კარასინის ფორმატი და რიტორიკის შერბილება რუსეთთან, თუმცა ამ ფორმატმა თავისი დადებითი როლი უკვე შესრულა, საურთიერთობო ატმოსფეროს დათბობის კუთხით, ეკონომიკურ სარგებელზე აღარას ვამბობ, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი იმ მიზნის მისარწევად, რასაც ქვეყნის 2 რეგიონის დეოკუპაცია და გამთლიანება ჰქვია! დიახ, ძალზედ მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის არსებობა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, თუმცა ვერც ის გადაგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ პრობლემას, თუ ახალი, ალტერნატიული სტრატეგია არ იქნა შემუშავებული ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, რაც შეთავაზებული იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. იმის იმედად ყოფნამ, რომ „დასავლეთის ზეწოლის შედეგად რუსეთი უკან დაიხევდა“ არ გამართლდა და ეს ცხადად გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, სადაც რუსეთის „სტრატეგიული ინტერესების იგნორირებას, - ყირიმი „შეეწირა“! ცხადია, რომ დასავლეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში, სწორედ – დასავლეთის არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელი გახდა აფხაზეთის და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ პროცესის დაბლოკვა, მაგრამ, –დასავლეთის მხრიდან „ზეწოლის იმედად“, რუსეთს ოკუპაციაზე და ჩვენი რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, აგრეთვე მოსალოდნელ ანექსიაზე ხელს ვერ ავაღებინებთ! რუსეთზე „ზეწოლამ“ შედეგი არ მოგვცა და მასთან მხოლოდ მოლაპარაკებაა შესაძლებელი, ეს დაადასტურა ყირიმის ანექსიამ! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისების გარეშე, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, - საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში! საქართველოს ხელისუფლებამ, დიდ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს (ევროკავშირი, რუსეთი, აშშ) უნდა შესთავაზოს გამჭვირვალე და კომპრომისული სტრატეგია, რადგანაც მათი გარანტორობის (გარანტიების) გარეშე შეუძლებელია საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!..რუსეთის მხრიდან, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე „ზემოქმედების და მითითების“ გარეშე კი, არც აფხაზები და არც ოსები ერთიან საქართველოში დამბრუნებლები არ არიან! მოკლედ, დროს ნუღარ ვკარგავთ, რადგანაც დასავლეთის შუამავლობით საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების დაწყებას ალტერნატივა არა აქვს, რომლის შედეგად – ოკუპანტი რუსეთი გამთლიანებული საქართველოს პარტნიორად უნდა გადაიქცეს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.