ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, განახლდება თუ არა ოდესმე ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებები და ამაში პალესტინელები დაადანაშაულა.
როგორც BBC იუწყება, ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა „უპატივცემულობა გამოხატეს“ შეერთებული შტატებისადმი მისი გადაწყვეტილების, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების კვალდაკვალ.
„უნდა იქნეს პატივისცემა გამოხატული შეერთებული შტატების მიმართ, ან ჩვენ უბრალოდ წინ ვერ წავალთ“, უთხრა მან რეპორტიორებს დავოსში.
პალესტინელები კი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უკვე ვეღარ იქნება მიჩნეული ნეიტრალურ შუამავლად.
პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ტრამპის მიერ დეკემბერში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას „საუკუნის სილის გაწვნა“ უწოდა.
ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდზე მჯდომმა ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ხუთშაბათს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება მისი გადაწყვეტილებისადმი, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე.
„ისრაელი ყოველთვის მხარს უჭერდა შეერთებულ შტატებს, ამგვარად, ის რაც მე გავაკეთე იერუსალიმთან დაკავშირებით, ჩემი პატივია“, განაცხადა მან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ „იერუსალიმის მოლაპარაკებების მაგიდიდან ამოღებით... ჩვენ უკვე აღარ უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ“, რამაც მისი აზრით, შესაძლოა წინ წასწიოს სამშვიდობო პროცესი.
„ისინი [პალესტინელები] ვერასოდეს მიიღებენ უკან იერუსალიმს“, თქვა ტრამპმა.
ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.
აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი, ყოველ ექვს თვეში ხელს აწერდა შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.

ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების - იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.
ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.
ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე, შეერთებული შტატები, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა პალესტინის ხელმძღვანელობას ბრალი უპატივცემულობაში დასდო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს „ჩვენს დიდებულ ვიცე-პრეზიდენტ“ მაიკ პენსს შეხვედროდნენ, როცა ის ამ კვირის დასაწყისში რეგიონში იმყოფებოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის ერთგული რჩება მისი ახლახან მიღებული გადაწყვეტილების, შეაჩეროს გაეროს დახმარების სააგენტოსთვის პალესტინელების დასახმარებლად განკუთვნილი 125 მილიონი აშშ დოლარის ნახევარზე მეტის გადაცემის საკითხი - ნაბიჯი, რაც პალესტინელების მიერ გამოცხადდა, როგორც შანტაჟი.
„ჩვენ მათ [პალესტინელებს] ასეულობით მილიონ დოლარს ვაძლევთ წელიწადში - ეს მაგიდაზე დევს - რატომ უნდა ვაკეთოთ რაიმე მათთვის, როცა ისინი ჩვენთვის არაფერს აკეთებენ?“ იკითხა ტრამპმა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელს ნამდვილად უნდა მშვიდობის დამყარება და მათაც [პალესტინელებს] უნდა სურდეთ ასევე მშვიდობის დასადგურება, თორემ ჩვენ უკვე არაფერი გვექნება ამ მხრივ სამოქმედო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას გააჩნდა „სამშვიდობო წინადადება“, რომელიც იყო „ჩინებული შეთავაზება პალესტინელებისათვის“ და ტრამპის მტკიცებით, ისრაელი მზად იყო წასულიყო გარკვეულ დათმობებზე.
„შენ გაიმარჯვე ერთ საკითხში“, უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს იერუსალიმთან დაკავშირებით, „და შენ დათმობ ზოგიერთ საკითხს მოგვიანებით მოლაპარაკებებისას, თუკი ის ოდესმე შედგება - მე არ ვიცი, რომ ის ოდესმე შედგება“.
ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი 2014 წლის აპრილში ჩაიშალა.
ნიუ იორკში გაეროში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან მალევე, პალესტინის ელჩმა რიად მანსურმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მათი მხრიდან უარყოფა იყო არა „უპატივცემულობა“, არამედ „პოზიცია, რომელიც კანონის სრულ პატივისცემას, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება“.
მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ არანაირ სამშვიდობო გეგმას. მან იანვრის დასაწყისში პალესტინელი ლიდერების შეხვედრაზე თქვა: „საუკუნის გარიგება, საუკუნის სილის გაწვნაა და ჩვენ მას არ მივიღებთ“.
მისი მტკიცებით, პალესტინელებს თავიანთი მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გარეთ მდებარე სოფელი, აბუ დისი შესთავაზეს.
პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო ტრამპისადმი მადლიერების გრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ისტორიის აღიარებით, თქვენ შექმენით ისტორია, და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს“, უთხრა მან აშშ-ის პრეზიდენტს.
მოგვიანებით ნეთანიაჰუმ დავოსში შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად იქნება წარმოდგენილი“.
მან ასევე თქვა, რომ „პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ ყველანაირი ძალაუფლება მართონ თავიანთი თავი, მაგრამ არანაირი ბერკეტი, გვემუქრებოდნენ ჩვენ“.
„ნებისმიერი პოლიტიკური შეთანხმებისას ებრაელებმა უნდა შეინარჩუნონ უსაფრთხოების კონტროლი ტერიტორიაზე, რადგან სხვა შემთხვევაში მივიღებთ [ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას]... ჩვენ გვაქვს არშემდგარი სახელმწიფოების მოზაიკა ახლო აღმოსავლეთში, და არ გვსურს კიდევ მორიგი მსგავსი რამის ხილვა“, განაგრძო ნეთანიაჰუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.