იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამართა. პრეზენტაციის შემდეგ, აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის/ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული წესების დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუმენტების შემუშავება გახდა.
აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში პასპორტის და პირადობის მოწმობების აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა. დღემდე 800 000-მდე ბროშურა დარიგდა.
მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და სწორედ ამ მიზნით სერვისების განვითარების სააგენტოში მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები.
აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:
• შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
• გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა;
• სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.