ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გარკვეულ უარყოფითი მოლოდინების გამო კურსი ცოტათი უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
"გარკვეული უარყოფითი მოლოდინების გამო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კურსი ცოტათი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ მოლოდინების გარკვეულმა მოთოკვამ, ან კურსის იმ დონეზე გაუფასურებამ, რომ შემდეგ უკვე საპირისპირო მოლოდინები გააჩინა, გამოიწვია ამ ტენდენციის შემობრუნება. ეს დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ აღნიშნა, ამას ვერ დავარქმევთ სპეკულაციას, რადგან ეს დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის.
"რამე განსაკუთრებულ, ან მიზანმიმართულ სპეკულაციას ჩვენ გამოვრიცხავთ და ამის ნიშნები არ გვაქვს, თუმცა რომ განვმარტოთ, სპეკულაცია მოლოდინებიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს ჰქვია, თუნდაც თუ ვინემეს 100, 200 დოლარის გადახურდავება უნდოდა და ელოდებოდა კურსის გაუფასურებას, შეგვიძლია ამასაც სპეკულაცია დავარქვათ, მაგრამ ეს არის ნორმალური ბაზრისთვის დამახასიათებელი მომენტი", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
რაც შეეხება ამ პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მესტვირიშვილის თქმით, უმჯობესია დავეყრდნოთ ამ კუთხით საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკისა და ასევე მთავრობისგან აქვთ ყოველდღიური ინფორმაცია. მისივე თქმით, ჩამოსულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთანაც ხდება ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა და მათი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი.
ამასთან, როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, აპრილის მონაცემებით, იმპორტი 19%-ით შემცირდა, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოს გაცვლით კურსზე.
მისივე თქმით, ტურისტების ნაკადების მატებამ კურსზე გამყარების მიმართულებით მოკლევადიან პერიოდში დადებით გავლენას ახდენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.