ამერიკის შეერთებული შტატები „ბინძური საქმით“ არის დაკავებული და ამაში კი სხვებს ადანაშაულებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკული ტელეარხის, NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტმა მეგან კელიმ პუტინს ჰკითხა რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინზე, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სხვა პირებთან ერთად აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ჩარევაში“ დასდო ბრალი. ჟურნალისტმა დაიმოწმა ზოგიერთის მოსაზრება, რომლის თანახმადაც პრიგოჟინი „პუტინის ბინძურ სამუშაოს ასრულებს“.
„ვინ არიან ეს ადამიანები (რომლებიც ასე მიიჩნევენ)? რა სახის ბინძური სამუშაო? მე არ ვარ დაკავებული არავითარი ბინძური სამუშაოთი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ღიაა. ეს არის შტამპი, რომელიც თქვენ გაქვთ. თქვენ გყავთ ვიღაც, რომელსაც უყვარს ბინძური სამუშაოს კეთება, და თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენც იგივეს ვაკეთებთ. არაფერი ამის მსგავსი“, განაცხადა პრეზიდენტმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, პუტინის ინტერვიუს ტრანსლირება ინგლისურ ენაზე თარგმანით მიმდინარეობდა.
დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა 13 რუსეთის მოქალაქე, მათ შორის პრიგოჟინი და 3 იურიდიული პირი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რომელმაც 13 რუსს ამერიკის არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი, „კონგრესში ყვირილთან“ ერთად უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტები.
„პირველ რიგში მე უნდა შევხედო, რა გააკეთეს მათ. მოგვეცით ჩვენ მასალები. მოგვეცით ინფორმაცია. პირადად თქვენდამი პატივისცემის, კონგრესისადმი პატივისცემის მიუხედავად, თქვენ უნდა გყავდეთ იურისპრუდენციაში დიპლომების მქონე ადამიანები, ასი პროცენტით უნდა გყავდეთ“, თქვა პუტინმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება, და შენიშნავს, რომ პრეზიდენტის სიტყვები ჯერ ინგლისურადაა თარგმნილი, იქიდან კი რუსულად.

ტელეარხის ჟურნალისტის, მეგან კელის შენიშვნის შემდეგ, რომ მას იურისტის დიპლომი აქვს, პუტინმა განმარტა: „ადამიანები, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ რუსეთში ბრალს ვერ დავდებთ ვერავის, ვისაც არ დაურღვევია რუსეთის კანონები. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ საჭიროა ოფიციალური თხოვნით მიმართვა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორისადმი. მოგვეცით ჩვენ დოკუმენტი, ოფიციალური მოთხოვნა“.
„ეს ოფიციალური არხებით უნდა მოხდეს, და არა პრესასა ანდა აშშ-ის კონგრესში გოდებით და ყვირილით“, აღნიშნა პუტინმა.
13 რუსს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში თებერვლის შუა პერიოდში დასდეს ბრალი. როგორც BBC იტყობინება, დასახელებულთაგან სამი პირი დანაშაულებრივი შეთქმულების გზით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ თაღლითობაში, ხუთი კი დამამძიმებელ გარემოებაში პირადი მონაცემების ქურდობაშია ბრალდებული.
აღნიშნულის შესახებ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაცხადა, რომელიც ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს. საბრალდებო ოქმში ასევე რუსული კომპანიებიც არიან დასახელებული.
კომპანიებიდან ერთ-ერთი, სანკტ-პეტერბურგში ბაზირებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტოა“, რომელსაც 37-გვერდიანი საბრალდებო ოქმის მიხედვით „სტრატეგიული მიზანი ჰქონდა დაეთესა უთანხმოება შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“.
პრესკონფერენციაზე საუბრისას, გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ არ არსებობს ბრალდებები, რომ ვინმე ამერიკელთაგან „ცნობილი იყოს, რომ მონაწილეობდა ამ უკანონო აქტივობაში“ და არც ის, რომ ამ სავარაუდო ჩარევას შეეცვალა არჩევნების შედეგები.
საბრალდებო ოქმის თაობაზე მოახსენეს პრეზიდენტ ტრამპს, როგორც ეს მისმა პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.
მოგვიანებით ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მის კამპანიას არაფერი გაუკეთებია არასწორად.
„რუსეთმა ანტიამერიკული კამპანია 2014 წელს დაიწყო, დიდი ხნით ადრე, ვიდრე მე გამოვაცხადებდი, რომ კენჭს ვიყრიდი. არჩევნების შედეგზე გავლენა არ მომხდარა. ტრამპის კამპანიას არაფერი გაუკეთებია არასწორად - არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება!“ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რას ამბობს საბრალდებო ოქმი?
წარსდგნენ როგორც ამერიკელები და თავიანთ სახელებზე გახსნეს ფინანსური ანგარიშები
ყოველთვიურად ხარჯავდნენ ათასობით დოლარს პოლიტიკური რეკლამის საყიდლად
ყიდულობდნენ აშშ-ს სერვერის სივრცეს იმისათვის, რომ დაემალათ თავიანთი რუსული კავშირები
შეერთებული შტატების შიგნით ახდენდნენ პოლიტიკური მიტინგების ორგანიზებას და ხელშეწყობას
აქვეყნებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს სოციალურ მედიაში ისეთი ანგარიშებიდან, რომლებიც აშშ-ის რეალურ მოქალაქეებზე იყო გაპიროვნებული
ხელს უწყობდნენ იმ ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც ამცირებდა ჰილარი კლინტონს
იღებდნენ ფულს კლიენტებისაგან, რომ გამოექვეყნებინათ განცხადებები აშშ-ის სოციალური მედიის გვერდებზე და ამისათვის განსაკუთრებით „ფეისბუქს“ და „ინსტაგრამს“ იყენებდენ, სადაც თემატურ ჯგუფებს ქმნიდნენ
ამ ქმედებებისთვის მათი ყოველთვიური ბიუჯეტი სულ მცირე 1.25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა
საბრალდებო ოქმი ამბობს, რომ ისინი ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, სისტემატურად ზომავდნენ თუ რამდენად კარგად მუშაობდა მათი ინტერნეტ განცხადებები და თავიანთ სტრატეგიას არგებდნენ იმას, რომ გაუმჯობესებულიყო ეფექტურობა.
საგამოძიებო მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ საბრალდებო ოქმში დასახელებული პირები შეერთებულ შტატებს სტუმრობდნენ, წარსდგებოდნენ, როგორც ამერიკის მოქალაქეები და მათ იმის განხილვები, თუ როგორ უნდა მოეხდინათ გავლენა არჩევნებზე, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს.
„2016 წლისთვის, ბრალდებულები და მათი პოლიტიკური შეთქმულების თანამონაწილეები იყენებდნენ თავიანთ ყალბ ონლაინ პერსონებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის“, აღნიშნულია საბრალდებო ოქმში.
„ისინი ჩართული იყვნენ ოპერაციებში, სადაც ძირითადად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გადაიცემოდა ჰილარი კლინტონის შესახებ და ასევე სხვა ისეთი კანდიდატების შესახებ, როგორებიც იყვნენ თედ კრუზი და მარკო რუბიო („რესპუბლიკური პარტია“), ხოლო მხარდაჭერა იყო გამოხატული ბერნი სანდერსის („დემოკრატი“) და მაშინდელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიმართ“.
„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, მათგან 13 იყვნენ. 13 ადამიანი ჩაერია შეერთებული შტატების არჩევნებში?“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, მარია ზახაროვამ. „13, მილიარდობით ბიუჯეტების მქონე უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ? ჯაშუშობის და კონტრ-ჯაშუშობის წინააღმდეგ, ახალი ტექნოლოგიების და განვითარებების წინააღმდეგ? აბსურდია? დიახ“, განაცხადა ზახაროვამ.
ერთ-ერთი პირი, საბრალდებო ოქმში დასახელებული - ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ცნობილია, როგორც „პუტინის შეფმზარეული“, უარყოფს არჩევნებში ჩარევას.
„ამერიკელები გავლენის ქვეშ ძალიან ადვილად ექცევიან. ისინი უყურებენ იმას, რასაც უნდათ რომ უყურონ“, უთხრა მან რუსული ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“. „მე დიდი პატივისცემა გამაჩნია მათ მიმართ. მე არ ვარ გაბრაზებული იმის გამო, რომ ამ სიაში ვარ. თუკი მათ უნდათ, რომ უყურებდნენ ეშმაკს, დაე უყურონ მას“.
პრიგოჟნი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული პუტინის მეგობარია. მან თავისი ბიზნეს იმპერია შექმნა და მას ბრალად ედება კომპანიების გამოყენება იმისათვის, რომ ყალბი ინტერნეტ ანგარიშებით კრემლისთვის სასარგებლო ინფორმაციები გაავრცელოს.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ 13 რუსისთვის ბრალის დადებას, რომ ისინი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყბედობა“ უწოდა.

BBC-ის ცნობით, ლავროვმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ იგი უფრო მეტ კომენტარს არ გააკეთებს, სანამ „ფაქტებს“ არ იხილავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვები გერმანიაში კონფერენციაში მონაწილეებმა დაუსვეს.
ბრალდებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მან თქვა, რომ თვით ვიცე-პრეზიენტმა, მაიკ პენსმაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გამოძიება.
„ასე რომ, სანამ ჩვენ არ ვიხილავთ ფაქტებს, მანამ ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ყბედობაა“.
მაგრამ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა განაცხადა, რომ რუსების მიერ ჩარევის შესახებ სამხილები „ახლა უდავოა“.
უფრო ძნელი გახდება დაფარო „ჩვენ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის“ მცდელობები, თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.