ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველები რომ არა, რუსებს მოუწევდათ „რუსეთის დიდი კედლის“ აშენება ჩრდილო კავკასიაში - მოსაზრება
19-03-2018, 19:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ბოლო დროს, ქართველების ერთი ჯგუფი, მასმედიაში და სოცქსელებში აცხადებს, რომ თითქოს, ქართველებს რუსეთის „ისტორიული ვალი გვაქვს-ო“, „ერთმორწმუნე რუსებმა გადაგვარჩინეს-ო“ და ა.შ.! მათ პასუხდ კი, ქართველების მეორე ჯგუფს მოჰყავს სხვადასხვა ფაქტები, - „ერთმორწმუნე რუსეთის ისტორიული ანტიქართული ქმედებებისა“ და ა.შ.!

 


მოგეხსენებათ, რომ ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით არ არსებობენ მეგობარი სახელმწიფოები და ერები, არსებობს ამათუიმ ერის მუდმივი და დროით ნაკარნახევი ცვალებადი სახელმწიფო ინტერესები, აქედან გამომდინარე კი, შესაბამისი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები და ქმედებები! მიმაჩნია, რომ რუსებს, მათდა საზიანოდ, „თავიდანვე შეეშალათ“ პოლიტიკური ურთიერთობების აგება საქართველოსთან და დღესაც, 250 წლის წინათ არჩეულ პოლიტიკას და სტრატეგიას არ ღალატობენ! დიახ, დღეს რომ ქართველებთან რუსებს ნორმალური პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ჰქონდეთ, რუსეთს ამდენი თავის ტკივილი არ ექნებოდა კავკასიის რეგიონში, მაგრამ, საქართველოს და ქართველი ერის მიმართ წარმოებული ცარისტული რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, რომელიც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში „წარმატებით აიტაცეს“ რუსმა ბოლშევიკებმა და მონდომებით განაგრძეს მათმა სულიერმა შვილებმა, ხრუშჩოვ-სუსლოვიდან დაწყებული და გორბაჩოვ-ელცინ-პუტინით დამთავრებული, აიძულებდა და აიძულებს ქართველებს დასავლეთში ეძებონ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს და მთლიანობას!

 


ცხადია, რომ რუსეთის და საქართველოს დაპირისპირება ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გარკვეულ ძალებს აწყობდათ და ახლაც აწყობთ. საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის, მითუმეტეს, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს 200-წლოვან წნეხში იმყოფები, რასაკვირველია რთულია „მღვრიე წყალში ცურვა!“ ჰოდა, რუსეთს საქართველოს ფაქტორი პოლიტიკურად გონივრულად რომ გამოეყენებინა, დღეს კავკასიის რეგიონში სულ სხვა ვითარება ექნებოდა, მაგრამ, - რუსულ შოვინიზმს ეს არც წარსულში ესმოდა და არც ახლა ესმის! ამიტომ, როდესაც, რომელიმე ქართველს, რომლისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი მთლიანობა უმთავრესია, ვინმე რუსი, ან ვინმე რუსეთზე „შეყვარებული“ თანამემამულე გეტყვით, რომ - „რუსეთი რომ არა ქართველები ფიზიკურად გა(ვ)ნადგურდებოდით-ო“, - ასეთ ანტიქართულ რეპლიკაზე, ისტორიულად სამართლიანი პასუხი გაეცით, რომელზეც შეგნებულად არ საუბრობს, არც ჭკვიანი მტერი და არც ბრიყვი (გულუბრყვილო) მოყვარე!..

 

 

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველები რომ არა, რუსები სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში ფეხს ვერ მოიკიდებდნენ, მეტიც, მათ მოუწევდათ „რუსეთის დიდი კედლის“ („ჩინეთის დიდი კედლის“ მსგავსი!) აშენება ჩრდილო კავკასიაში, კავკასიის ცენტრალური ქედის გასწვრივ მთელ პერიმეტრზე („სევერო კავკაზსკაია ლინია“), სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმების თარეშის შესაკავებლად, რომლებსაც ზურგს გაუმაგრებდა სუნიტური თურქეთისა და შიიტური ირანის ისლამური იმპერიები!..

 


დიახაც, რუსებს, მათ იმპერიას, საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური-ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდათ, როდესაც კავკასიისაკენ დაიძრნენ! უბრალოდ, მათი და ჩვენი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რადგანაც ქართველების სახით მათ უერთგულესი ხალხი დახვდათ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის იმპერიის დასაყრდენი იყო მთელი მე-19 საუკუნის განმავლოაბში, ვიდრე რუსული პოლკები ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას იპყრობდნენ! არავინ უარყოფს, რომ ქართველების სარგებელი ის იყო, რომ მუსლიმთა განუწყვეტელი ექსპანსიისაგან ძლიერი დამცველი გაგვიჩნდა, - ოღონდ, ეს დაგვიჯდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ფასად! ამ მხრივ, მართლმადიდებელ ქართველებს მართლმადიდებელი რუსებისგან „დასამადლებელი“ არაფერი გვაქვს, პირიქით..!

 

 

სწორედაც რომ, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე, საუკუნეების მანძილზე რომ არ ყოფილიყო ქრისტიანული სახელმწიფო, მართლმადიდებელი ქართული მოსახლეობით, ბაგრატიონების ათასწლოვანი სამეფო დინასტიით და ა.შ. სხვა შემთხვევაში, მთელი ეს სამხრეთ კავკასიური არეალი (შავი ზღვიდან - კასპიის ზღვამდე), იქნებოდა ისლამური აღმსარებლობის სხვადასხვა ეთნოსით დასახლებული! საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის ფეოდალური დანაწევრების ხანაში, ნაცვლად ქართული სამეფოებისა და სამთავროებისა იარსებებდნენ სხვადასხვა ისლამური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (მთლიანად მუსლიმური მოსახლეობით): სახანებო, საფაშებო, ვილაიეთები და ა.შ... ანუ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია იქნებოდა ერთიანად ისლამური სივრცე(!!), სუნიტურ-შიიტური დაპირისპირებით, მაგრამ, მთლიანი დაუძლეველი მონოლითი, სხვა რელიგიური სარწმუნოების და პოლიტიკური ინტერესის მატარებელი ძალისათვის, უწინარესად რუსეთის იმპერიისათვის!!!

 

 

ასე რომ, რუსეთს, როდესაც ის ჩამოყალიბდა სამთავროებად, ან თუ გნებავთ მოგვიანებით, როცა პეტრე პირველმა იმპერიად გადააქცია იგი, არათუ იმის თავი ექნებოდა, რომ „გენერალ-ერმოლოვები“ დაეძრა კავკასიის დასაპყრობად, არამედ სწორედ „ამ ერმოლოვებს“ მოუწევდათ თავის დასაცავად, ზევით ნახსენები - „რუსეთის დიდი კედელის“ აშენება, იმპერიის სამხრეთ საზღვრებთან, დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ქედების მიმდებარედ!!!

 

 

სწორედაც ასეა, რომ არა საქართველოში, ე.წ. ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებში გამაგრებული რუსეთის იმპერია, ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობით, „ქართული ლოჯისტიკით“, ზურგით, რომელიც მე-19 საუკუნეში მთლიანად ემსახურებოდა რუსეთის იმპერიის ინტერესებს, მათ დაპყრობით ომებს მუსლიმი კავკასიელების წინააღმდეგ (ქართული მილიცია, ქართული არისტოკრატია იბრძოდა რუსების სამხედრო შენაერთებში!), რუსეთი ვერ შეძლებდა კავკასიის დამორჩილებას, მეტიც, დიდი ალბათობით, ოსმალეთის და სპარსეთის დახმარებით, იმამ შამილი (აულ გუნიბში დატყვევებული, თავის ხმალს აღარ ჩააბარებდა რუსეთის გენერალს, თავად ორბელიანს!) - სამხრეთ რუსეთის ტრამალებს შეუტევდა!!!...

 

 

P.S. დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული და „დამოუკიდებელ სხელმწიფოებად აღიარებული“ აქვს საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გამართვას ალტერნატივა მაინც არა აქვს!.. ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, რუსეთთან დიალოგი უნდა წარმართოს მცოდნე და გამოცდილმა ქართველებმა, ღირსეულად და პრაგმატულად, ყოველგვარი „ენის მოჩლექვის“ გარეშე! მერწმუნეთ, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ სამართლიან მოლაპარაკებას რუსეთთან, რომელიც ისტორიულ და თანამედროვე კომპრომისებს გულისხმობს, რაც საშუალებას მოგვცემს გავამთლიანოთ საქართველო და შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 1
#1   badri gogia
      
სავსებით ვიზიარებ სტატიას
13 ივნისი 2018 07:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი