ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-ს განუცხადა, მსხვილი პროექტების აბსოლუტურ უმრავლესობას რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები აფინანსებენ.
უგრეხელიძის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.
„მიმდინარე პროექტები რაც არის, მოგახსენებთ - ეს არის ქალაქ ცაგერში ნინოშვილის ქუჩის ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტი დაკონტრაქტებულია და უკვე მიმდინარეობს მუშაობა. სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებულია 99 500 ლარი და დასრულდება მიმდინარე წლის ივნისში.
გვაქვს ასევე 2017 წლის სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად გათავლისწინებული იყო 1 382 000 ლარი და ტენდერის შედეგად 1 200 000 ლარად მოიგეს და ეს ეხება ლეჩხუმში თითქმის ყველა სოფელში გზების, წყალგაყვანილობის სისტემების მოწესრიგებას. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდება სულ 53 სოფელში - სამუშაოები უკვე დაწყებულია. დასრულდება 31 აგვისტოს ჩათვლით.

1 140 000-ლარიანი პროექტი გვაქვს ასევე - ქალაქ ცაგერის ასფალტირების სამუშაოები, რომელიც დაწყებულია და აღნიშნული პროექტიც დასრულდება 31 აგვისტოს ჩათვლით.
ამავდროულად, უკვე დაკონტრაქტებულია და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ცაგერში მე-2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით. ფინანსდება 442 771 ლარით.
გვაქვს უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 175 000-ლარიანი იყო, ფირმამ მოიგო 140 000 ლარით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებულია და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
გვაქვს სპორტული ტრენაჟორების მოწყობის პროექტი, რომელიც გულისხმობს ლეჩხუმის ტერიტორიაზე, სოფლებში - ზუბი, ორბელი, ქვედა ცაგერი, ცაგერი და სოფელი ოყურეში 5 ტრენაჟორის მოწყობას.
ქვედა ცაგერში, ახალი დასახლების უბანში კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი განხორციელდება.
ყველა ეს პროექტი არის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული, მათგან თითქმის ყველა დაკონტრაქტებულია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ტემპებით ჯერჯერობით კმაყოფილი ვართ.
გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს - ეს არის ხვამლის მთამდე მისასვლელი გზა. მოხდება სრული რეაბილიტაცია - ცხაკურიდან ხვამლამდე და ოყურეშიდან ხვამლამდე - წრიული გზა გაკეთდება. დაიწყება წელს და მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის მზად იქნება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს ასევე ქულბაქის წყლის სისტემის პროექტი. პროექტის მიხედვით, წყლის სისტემა 16 სოფელს უზრუნველყოფს 24-საათიანი წყალმომარაგებით. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი. დაიწყება ოქტომბერში და დაახლოებით, ორწლიანი პროექტი იქნება თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე", განაცხადა ცაგერის მერმა, რომლის თქმითაც, არის მთის ფონდის მიერ დაფინანსებული ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქ ცაგერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, პროექტი იყო გარდამავალი, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება და მასზე, საბოლოო ჯამში, 390 000 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტისთივს პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრისას ავთანდილ უგრეხელიძემ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა დაასახელა და GUARDIAN.GE-ს უთხრა, რომ წელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც ლეჩხუმის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთლმოწყობას გულისხმობს. ცაგერის მერი მიიჩნევს, რომ კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია მხარის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„რეგიონული განვითარების ფონდიდან გვაქვს 625 355-ლარიანი პროექტი, რომელიც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ტენდერი უკვე იყო გამოცხადებული და გამარჯვებულიც გამოვლინდა, ახლა გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები. პროექტში 7 ობიექტის კეთილმოწყობა შედის - ღვირიშის ჩანჩქერზე ხიდისა და გადასახედის მოწყობა, ცაგერი-ორბელის გადასახედის მოწყობა, მურის ციხეების დამაკავშირებელი ბილიკებისა და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, წითელი კლდის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა და გადასახედის მოწყობა, ასათიანის წყაროს კეთილმოწყობა, სოფელ ჩქუმში ცივი ქვის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, წყალტუბო-ცაგერის გზის 38-ე კმ-ზე ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკების მოწყობა და ზოგადად, ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ჩვენი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და ტურიზმის მხრივ, ლეჩხუმი ფაქტობრივად აუთვისებელია და გვაქვს ძალიან ბევრი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რის პოპულარიზაციასაც მოვახდენთ შესაბამისი პროექტებით, სახელმწიფოც გვერდში გვიდგას, ცენტრალური ხელისუფლება გვერდში გვიდგას.
ბუნებრივია, ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ, დასაქმება არის ზოგადად პრობლემატური, თუმცა, სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებით, გვაქვს წინსვლა, რომ მოსახლეობა ჩაერთოს აქტიურად ამ პროგრამებში და გამოიყენოს ის სიკეთეები, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული და ცოტა შვება მოგვცა ამ პროგრამებმა. მცირემიწიანი მხარე ვართ და მაინცდამაინც დიდი საწარმოები და მსგავსი დასასქმებელი ობიექტები არ გაგვაჩნია, ამიტომ, ამ მხრივ ვმუშაობთ, რომ ეს პროგრამები მაქსიმალურად ხარისხიანად და საფუძვლიანად ავითვისოთ", განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.