საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის აუცილებლობას ხედავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ხედავს.
ექსპერტი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარის სისუსტეზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ, „ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო „ქართული ოცნება“ თავისიანებად და სხვისიანებად“, რითაც „აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ“.
საყვარელიძე წინა პარლამენტში არსებულ მდგომარეობას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინდელ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „გაცილებით დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ გაჩენილა - დავით უსუფაშვილი ახერხებდა ვითარების დაბალანსებას, ის ყველას პატივისცემით ექცეოდა და მის მიმართაც ასეთივე განწყობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მიმართ“.
რამაზ საყვარელიძე უმრავლესობის შენარჩუნების ერთადერთ გარანტორად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს.
„ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ უნდა ჩაერთოს - ეს აუცილებლად მოუწევს, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს გუნდის მთლიანობა. მისი ჩარევა განმუხტავს სიტუაციას, თუმცა თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, სავარაუდოდ, პრობლემები არსად გაქრება და უფრო მძაფრად იჩენს თავს. ივანიშვილს ბოლო ხანს ასეთი პოზიცია უკავია - მე გავედი პოლიტიკიდან და თქვენ მოუარეთ ახლა ქვეყანასო. თუმცა აშკარაა, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება „ქართულ ოცნებაში“ ძალიან უჭირთ და ისევ ივანიშვილის მითითებას ელოდებიან. ვფიქრობ, ახლაც ასეა. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, მაშინ უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე და ირაკლი კობახიძის მმართველობის არაეფექტურობას უსვამს ხაზს.
„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას ჰყავს თავისი დასაყრდენი საპარლამენტო უმრავლესობაში, ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, საჯაროდ დაყო „ქართული ოცნება“ თავისიანებად და სხვისიანებად, აღიარა პარტიაში გარკვეული დაჯგუფებების არსებობა, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდნენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთ დეპუტატს დასაყრდენად განიხილავს, პრობლემა ამის საჯაროდ აღიარება და გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობაა. ყველა გადაწყვეტილებაში ვერ იქნება ყველას აზრი გათვალისწინებული, მაგრამ აუცილებელია განხილვაში მეტ-ნაკლებად ჩაერთოს ყველა დაინტერესებული დეპუტატი. ისე უნდა მოხერხდეს, რომ ადამიანი კმაყოფილი დარჩეს იმით, რომ მისი აზრიც მოისმინეს. ასეთ შემთხვევაში პროტესტი აღარ გაუჩნდება. ადამიანს პროტესტი უჩნდება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერად მიიჩნევენ და დირექტივებს აძლევენ, რაზეც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი დაუფარავად ამბობს კიდეც... ამ ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელების პოლიტიკური გამოცდილება, კულტურა, ალღო. ვიმეორებ, ყველას აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამ აზრის პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს“, აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე და განაგრძობს:
„წინა პარლამენტი გავიხსენოთ, სადაც გაცილებით დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ გაჩენილა - დავით უსუფაშვილი ახერხებდა ვითარების დაბალანსებას, ის ყველას პატივისცემით ექცეოდა და მის მიმართაც ასეთივე განწყობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მიმართ. აშკარაა, რომ ის გუნდში ავტორიტეტად ვერ ჩამოყალიბდა. სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებაზე ფიქრს, მგონი, სჯობს, ურთიერთობის უმარტივესი ხერხები გამოიყენონ და ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის მოსმენა დაიწყონ. ეს უფრო მოიტანს შედეგს... სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი იშვიათად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ის გრძნობს ქვეყანაში არსებული პრობლემების სიმწვავეს. შესაბამისად, საზოგადოებაში მისი აღქმა კარგა ხანია უმნიშვნელოა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც მოქმედებენ არა მოსახლეობის, არამედ საკუთარი ინტერესების მიხედვით, თუმცა მმართველი გუნდი რეიტინგს მაინც ინარჩუნებს, ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციური ძალები წარსული ცოდვების გამო მასზე უარესად აღიქმება საზოგადოებაში. ოპოზიცია რომ ხედავდეს საზოგადოების პრობლემებს, ამაზე ლაპარაკობდეს, „ქართული ოცნებაც“ იძულებული გახდებოდა სწორედ ამ პრობლემატიკისთვის მიეხედა, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. შედეგად მივიღეთ საკუთარ თავში ჩაკეტილი აუტისტური პოლიტიკური პროცესი, სწორედ ამიტომ ხდება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამომრჩევლის რიცხვი იკლებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.