შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი „დიდი პრობლემების“ შესახებ, თუკი ის განაახლებს ბირთვულ პროგრამას, რომელიც მან 2015 წელს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.
თეთრ სახლში საუბრისას, სადაც ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მასპინძლობს, ამერიკის პრეზიდენტმა ირანის ბირთვულ შეთანხმებას „საშინელება“ და“აღმაშფოთებელი“ უწოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმუქრება, რომ 12 მაისისთვის, როცა ბოლო ვადა იწურება, ობამას პრეზიდენტობისას ირანთან დადებული შეთანხმების გაგრძელებაზე უარს იტყვის.
ვაშინგტონში მყოფი მაკრონი კი ტრამპთან ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელების ლობირებას ახდენს. როგორც მაკრონმა პრეზიდენტ ტრამპის საყვარელ ტელეარხს, Fox News-ს უთხრა, აშშ უნდა დარჩეს შეთანხმებაში და „გეგმა ბ“ არ არსებობს.
პარასკევს ვაშინგტონში ევროკავშირის მეორე მსხვილი მოთამაშე ქვეყნის, გერმანიის ლიდერი, კანცლერი ანგელა მერკელიც ჩადის და ისიც შეეცდება ტრამპის დარწმუნებას, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება არ შეიცვალოს.
„არ იქნება ასე ადვილი მათთვის ხელახლა დაწყება“, განაცხადა ტრამპმა ოვალურ ოფისში ორშაბათს, როცა ჟურნალისტმა მას ირანის ბირთვული პროგრამის განახლების შესაძლებლობაზე ჰკითხა იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შეჩერდება.
„ისინი ვერ შეძლებენ რაიმეს განახლებას. დაიწყებენ მას? ექნებათ დიდი პრობლემები, უფრო დიდი, ვიდრე მათ მანამდე ოდესმე ჰქონიათ.
„და თქვენ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ - დაიწყებენ, თავიანთ ბირთვულ პროგრამას?, მათ ექნებათ უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე მანამდე ოდესმე ჰქონიათ“.
მან დაამატა: „ჩვენ არ დავუშვებთ გარკვეული რაღაცები მოხდეს, რაც ხდება. ირანის შეთანხმება საშინელებაა. ისინი ცდიან რაკეტებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
ტრამპის უმკაცრეს ტონს და გაფრთხილებებს წინ უძღოდა წინა დღით ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის მუქარა „მძიმე შედეგების“ შესახებ, თუკი შეერთებული შტატები გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან.
რუჰანის არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება საპასუხო ზომები, მაგრამ მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ სავარაუდო პასუხი შესაძლოა ურანის - ბომბის შექმნისთვის მთავარი ინგრედიენტის - გამდიდრება იყოს.
შეთანხმების თანახმად, თეირანმა თანხმობა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ, შეაჩერებდა ბირთვულ პროგრამას, რაც თეირანის მტკიცებით, მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებისთვის ხორციელდებოდა.
ტრამპი კი დიდი ხანია გამოხატავს წუხილს, რომ ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი შეერთებულმა შტატებმა, ირანმა, ევროპამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ შეჩერებულიყო ირანის მხარდაჭერა რეგიონში მოქმედი მებრძოლთა ჯგუფებისადმი, მაგალითად „ჰეზბოლასადმი“.
როგორც BBC იუწყება, ემანუელ მაკრონი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობისას თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის რანგში იქნა მიღებული. მაგრამ ირანის შეთანხმება არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ორი მსოფლიო ლიდერის განხილვის თემა იქნება. მათი სხვა მთავარი განსახილველი საკითხები ასევე, პარიზის კლიმატის შეთანხმება, აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ის დაგეგმილი ტარიფებიცაა.
შეხვედრისას მაკრონი ფრანგულად საუბრობდა და შემდეგ თარგმნიდა ინგლისურ ენაზე. მან თქვა: ირანის შეთანხმება მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გაცილებით ფართო სურათი, რაც არის უსაფრთხოება მთელ რეგიონში“.
„ის, რაც ჩვენ გვინდა, ესაა შევაკავოთ ირანი რეგიონში“.
ერთხანს, შეხვედრისას ტრამპმა მაკრონს მხრიდან „ქერტლი“ მოაცილა.
„ჩვენ ნადვილად გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა“, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. ამის შემდეგ იგი მაკრონისკენ მიბრუნდა და მხარზე ხელი არაერთხელ გადაუსვა.

„ფაქტობრივად, მე ქერტლის მცირე ნაწილაკი მოვაცილე. მცირე ნაწილაკი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ის ჩინებულია“, თქვა ტრამპმა, რომელიც მაკრონს და მის მეუღლეს თეთრ სახლში სამხედრო ცერემონიის თანხლებით და 21-ჯერ გასროლილი სალუტის ფონზე დახვდა. ამერიკის პრეზიდენტმა საფრანგეთს აშშ-ისა და ბრიტანეთთან ერთად სირიაში საჰაერო იერიშებში ჩართვისათვის მადლობა გადაუხადა.
სამშაბათ საღამოს კი თეთრი სახლი მაკრონს და მის მეუღლეს ოფიციალურ სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლებს. სუფრაზე ცხვრის კერძი, ჯამბალაია და კაჯუნის ტრადიციული ხორცის ჩაშუშული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.