კახა კალაძემ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული თანამდებობა შესაძლოა, დატოვოს - მას სავარაუდოდ, თან მიჰყვებიან ირაკლი კობახიძე და სხვა ახალი სახეები
29-04-2018, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებაში“ პარტიული თანამდებობა შესაძლოა, დატოვოს, წერს გაზეთი „ახალი თაობა“ და განაგრძობს, რომ მას, სავარაუდოდ თან მიჰყვებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ახალი სახეები.

 


„შემცირებაში მოყოლის კანდიდატები არიან: აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი - ეს უკანასკნელი 2 წლის წინ კინაღამ პარტიიდან გარიცხეს. ის გიორგი კვირიკაშვილის კადრია და საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველ ათეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდა და საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობასაც დაიკავებდა. თუმცა პარტიის ყრილობის შემდეგ მედიასთან საუბარში გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი დადებითად მოიხსენია. ამან მისი პოლიტიკური კარიერა კინაღამ დაასამარა. პოლიტსაბჭოდან შესაძლოა კობახიძე-კალაძის დაჯგუფების წევრები, დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე გაუშვან. საბჭოს შემადგენლობაში დარჩებიან გიორგი კვირიკაშვილი, გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და თემურ ჭკუასელი“, აღნიშნავს გამოცემა.

 


პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადახალისება საჭიროა. ახალ შემადგენლობაზე მონახაზი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობის მეთაური პოლიტსაბჭოში უნდა დარჩეს. „ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სახავს... ვფიქრობ, ის აუცილებლად უნდა იყოს პოლიტსაბჭოში“, განაცხადა ვოლსკიმ. ასეთივე თავგამოდებით ის პარლამენტის სპიკერს და თბილისის მერს მხარს არ უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ პოლიტსაბჭოში კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის ყოფნაც საჭირო და აუცილებელია.

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდება, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

 

 

„რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. რა რაოდენობა დარჩება, ვინ იქნება, ამას უახლოეს მომავალში, ძალიან მალე გაიგებთ თქვენც და საზოგადოებაც", განუცხადა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს.

 

 

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა თავად პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე, კალაძე პასუხობს, რომ დარჩება.

 


გაზეთის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, ექსპერტი გია ხუხაშვილი დაბრუნდეს, მაგრამ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

 


„არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ხმები. ვინც ამის გამო აღელდა, უნდა დავამშვიდო, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობას არ ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური თანამდებობა საინტერესო არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია თავისუფლება“, ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია ხუხაშვილი, რომელიც 2011-2013 წლებში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ საკუთარი სურვილით წამოვიდა.

 


„თავიდან პოლიტიკაში იძულებით ჩავერთე. 2011 წელს ისეთი სიტუაცია იყო ქვეყანაში, რომ ივანიშვილს გვერდით უნდა დავდგომოდით. იმ პერიოდში ვთქვი, რომ როგორც კი ეს ციკლი დასრულდებოდა, მე წამოვიდოდი „ოცნებიდან“. ეს განცხადება ახლა აღარ ახსოვთ. სისტემაში ყოფნა რომ მდომებოდა, იქ ვიყავი და არ წამოვიდოდი. მე სისტემაში მუშაობა არ შემიძლია და ჩემი მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა, ჩინოვნიკობა არ გამომივა. თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი ტრაგედიაა, შესაბამისად, სისტემაში ვერ ვიმუშავებ. ასე რომ, ვინმე ჩემს მიერ რამე თანამდებობის დაკავების გამო თუ ნერვიულობს, შეუძლია მშვიდად იყოს“, ამბობს ექსპერტი და განაგრძობს:

 


„მე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილისთვის საპრეზიდენტო ფორმა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის პრინციპული საკითხი, მთავარია, რომ მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში - რა ფორმით, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო... არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს. ერთადერთი რაც შემიძლია, ვიყო ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული. სისტემური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. ჩვენ დიდი ხანია დავრწმუნდით, რომ სახელების და გვარების გამოცვლით არაფერი იცვლება“, აცხადებს ხუხაშვილი.

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ირიბად აღიარებაა იმის, რომ „არის პრობლემები" და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში დაიწყო კრიზისი, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში რეინტეგრაცია „ობიექტურ აუცილებლობად“ იქცა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს ხუხაშვილმა განუცხადა, შესაძლოა, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება სწორიც იყოს.

 

 

შეკითხვაზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა შემდეგი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შესახებ მიიღონ, ხუხაშვილი აცხადებს:

 

 

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. ობიექტური აუცილებლობა მისი პოლიტიკაში რეინტეგრაცია იყო. ფორმა უკვე მას უნდა შეერჩია. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის ჩათვლის, რომ მმართველი პარტიის ლიდერობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი და შეიძლება, ეს სწორი გადაწყვეტილებაც არის.

 


ვხედავთ, რომ როგორც კი, ბიძინა ივანიშვილმა დისტანცირება მოახდინა პოლიტიკიდან, სრული ქაოსი დაიწყო ხელისუფლებაში და კრიზისი მმრთველობითი სისტემის სრულიად აშკარა გახდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში. ირიბად ეს არის აღიარება, რომ არის პრობლემები, რომელსაც სჭირდება პირდაპირი მენეჯმენტი", განუცხადა გია ხუხაშვილმა GUARDIAN.GE-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი