გიორგი კვირიკაშვილი: სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა
30-04-2018, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გააკეთა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატოს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი იქნა შეტანილი.

 

 

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით - გასულ წელს, არასოდეს ყოფილა.

 


ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ.

 


საქართველოს აქვს ალიანსთან თანამშრომლობის ფორმატები, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვიყენებთ. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად და ჩვენ ამ ინსტრუმენტებით ეფექტურად ვსარგებლობთ.

 

 

შესაბამისად, ნატოს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით.

 

 

ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს.

 


დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 27 წელს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად გაიწვია სამხედროები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ მწლების განმავლობაში უამრავი რამ გადახდა საქართველოს თავს. ათასობით სამხედრომ გაწირა სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რუსულ ოკუაციასთან ბრძოლაში და ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. დღეს ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ საქართველოს გმირების ხსოვნას და მეორეს მხრივ, ყველანი ამაყები ვართ იმ ტრადიციით, რომელიც ამ 27 წლის განმავლობაში შეიქმნა და იმ ერთობლივი ბრძოლის ტრადიციითაც, რომელიც ნატოსთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებულად ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად.

 

 

ბოლო წლებში ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

 


გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბატონ ვეს მიტჩელთან და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მოვისმინე მისი მკაფიო მხარდამჭერი მოსაზრებები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიაონობის, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით.

 

 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენი აქ ყოფნა, ისევე, როგორც ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფნა საქართველოში, არის მკაფიო დადასტურება ერთის მხრივ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ და ასევე, რა თქმა უნდა, ნატოს მხარდაჭერისა და მის მიერ საქართველოს პროგრესისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღიარებისა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ნატოს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება.

 

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის.

 


მოხარული ვარ, რომ ამ ფორუმის ფარგლებში კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, განვიხილოთ ახალი გამოწვევები, მეთოდები, სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ სახალხო დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკა და ერთად ვიმოქმედოთ ამგვარი გამოწვევების წინააღმდეგ.

 


ბოლოს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ამ მეტად საჭირო ფორუმის ორგანიზატორებს - საქართველოსსაგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მომდევნო ორი დღის განმავლობაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი