თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილსის მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას გამოეხმაურა.
პროფკავშირების განცხადებას, რომ ხვალ, 3 მაისს მეტროპოლიტენი არ იმუშავებს, მერი ასე პასუხობს:
„ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ – დედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“.
კახა კალაძის თქმით, მეტროპოლიტენის მემანქანეებთან არაერთი შეხვედრა შედგა და მათთვის ცნობილია, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
„არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, დედაქალაქის მთავრობასთან, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და ძალიან კარგად იქნა ახსნილი, რომ შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ.
ჩემთვის, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა.
ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად, როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურეების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა ის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ქალაქისთვის და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. ჯერ კიდევ არ მქონდა ოფიციალურად მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და ამით მე დავუდასტურე პატივისცემა და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა. თუმცა ის დამოკიდებულება, ის მიდგომები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, სრულიად მიუღებელია“, განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მემანქანეთა პროფკავშირებმა „ერთობა 2013“-მა გაფიცვა 30 აპრილს დააანონსა. აპრილის დასაწყისში მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი გაფიცვის მოწყობით და მეტროს პარალიზებით დაიმუქრნენ, თუკი მათი ხელფასები არ მოიმატებდა. ამჟამად მემანქანეთა საათობრივი ანაზღაურება 7 ლარს შეადგენს, ისინი კი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
„ერთობა 2013“-ის ცნობით, გაფიცვას 240-ამდე მემანქანე შეუერთდება. მეტროპლიტენის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათი ხელფასი 2013 წლის შემდეგ არ მომატებულა.
სადღეისოდ, მემანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.