მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონდარღვევებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც რამდენიმე პროექტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში კობა არაბული აცხადებს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით ბევრი დარღვევებია.
"დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, ასფალტის დასაგებად 2.527.000 ლარია გამოყოფილი. გზის სიგრძე სულ 2,5 კილომეტრს შეადგენს. იმავე მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად იდენტური პროექტისთვის, 2,9 კილომეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის დასაგებად გამოყოფილია 102.400 ლარი და ორივე შემთხვევაში შესასრულებელია ერთი და იგივე სამუშაო, მეტიც, 400 მეტრით უფრო გრძელ გზაზე სამუშაოები ბევრად მცირე თანხებით ფინანსდება. როდესაც ეს მონაცემები ვნახე, გზის მშენებლებს ვკითხე, ასფალტის დაგება რა ღირს-მეთქი. მათი თქმით, 2,5 კილომეტრი სიგრძის გზას არაფრით არ უნდა დასჭირდეს ორ-ნახევარი კი არა, მილიონი ლარიც კი. დაახლოებით 875.000 ლარია საჭირო. ხედავთ, რა თანხა რჩება ზედმეტი? რატომ? ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა? სამწუხაროდ, ეს არ ანაღვლებთ არც მუნიციპალიტეტში და კითხვები არ უჩნდებათ არც იქ, სადაც ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. 2.527.000 ლარად, სულ ცოტა, სამ 2,5 კილომეტრი სიგრძის გზაზე დავაგებდი ასფალტს. კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ: მცხეთაში ახალი სკვერი გაკეთდა, თუმცა, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. პროექტისთვის განსაზღვრული იყო 240.000 ლარი და როგორც ირკვევა, გააკეთეს რამდენიმე ხის გრძელი სკამი, ბავშვებისთვის ერთი პატარა ჩამოსასრიალებელი, შადრევანი, საიდანაც ამოფრქვეული წყალი არავის უნახავს, და განათება, რომელიც თავიდან არის გასაკეთებელი", - აცხადებს კობა არაბული.
მისივე თქმით, კანონდარღვევებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც რამდენიმე პროექტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
"მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია. როდესაც გაბერილ, არარეალურ ციფრებს უყურებ, გიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცის ინტერესია ჩადებული ამ პროექტებში, რაც სულაც არ არის უსაფუძვლო, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერავის დავასახელებთ. თუმცა, თამამად შეიძლება თქმა, რომ ხშირად გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას", - განაცხადა კობა არაბულმა.
როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე აცხადებს, პროექტი მზადდება არაკვალიფიციურად.
"ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ქსოვრისში 1.300.000 ლარი დაჯდა წყალსაცავის მშენებლობა და ბოლოს გაირკვა, რომ ობიექტი მდინარიდან იმდენად მაღლა ააგეს, რომ წყალი აღარ შედის შიგ და მხოლოდ ჰაერითღა ივსება. ახლა თავიდან უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომ იქვე ჭაბურღილი გაკეთდეს და მისი საშუალებით გაივსოს წყალსაცავი, საიდანაც სასმელი წყლის მიმწოდებელი ქსელი მომარაგდება. ეს ხომ ორმაგი ხარჯია. ეს საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიამ გააკეთა. თუმცა, წუნზე არაფერი უთქვამთ და საქმე გაკეთებულად აღიარეს, მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმეს. უარესი მოხდა თიანეთში, სოფელ ზარიძეებში. კომპანია "ბლექ სი გრუპის" აშენებული წყალსაცავი პირველივე წვიმამ წაიღო და ხალხი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ერთ-ერთი წყალსაცავის პროექტის განხილვაზე გავოგნდი - დამპროექტებლები აცხადებდნენ, რომ 2,5 კმ-ის სიგრძეზე უნდა გაგვეჭრა არხი, რითაც წყალსაცავი მომარაგდებოდა, წყალი კი ტყეში "ეგულებოდათ", ჭაბურღილი უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ არხს წყალი წყალსაცავისთვის მიეწოდებინა. რა იცით, რომ მაგ ადგილზე წყალია, გაბურღეთ, შეამოწმეთ-მეთქი? დიახ, ექსპერტული დასკვნა გვაქვსო. იცით, რას ეყრდნობოდა დასკვნა? იმ ადგილზე, სადაც წყლის არსებობას ვარაუდობდნენ, თურმე უფრო მუქი ფოთოლი ჰქონია ტყეს(?!)", - აცხადებს არაბული და განაგრძობს:
"საერთოდ, პრობლემა იწყება არა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევით, არამედ სატენდერო პროექტის წინადადების მომზადების დროს, რომელსაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგენენ. მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია. როდესაც გაბერილ, არარეალურ ციფრებს უყურებ, გიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცის ინტერესია ჩადებული ამ პროექტებში, რაც სულაც არ არის უსაფუძვლო, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერავის დავასახელებთ. თუმცა, თამამად შეიძლება თქმა, რომ ხშირად გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატს, მინისტრს ან ნებისმიერს, ვისაც გავლენა აქვს, შეუძლია მივიდეს და სატენდერო პირობები ან საერთოდ, ტენდერები შეაცვლევინოს. ასევე, განსაზღვროს, ვინ უნდა გაიმარჯვოს ტენდერში, რომ შემდეგ მან "კრიშას" "ატკატი" გაუკეთოს. ანუ ვიღაცას რაღაცაში დასჭირდა ფული და მის საშოვნელად მოიფიქრა ისეთ პროექტზე ტენდერის გამოცხადება, სადაც "თავისიანს" გაამარჯვებინებს და პირად ინტერესსაც დაიკმაყოფილებს. ისეც ხდება, რომ მავანის ინტერესებს ეწირება მუნიციპალიტეტების მოთხოვნები სხვადასხვა პროექტზე; ანუ სოფელსა და დაბას კი არ შეუძლია განსაზღვროს, რა სჭირდება, არამედ ვიღაც მიირბენს სამინისტროში, ორ კაცს შორის მოგვარდება საქმე და მერე პროცესი ისე წავა, როგორც დაგეგმეს, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "გამოდის, ტენდერები ბლეფია?" - პასუხობს:
"გამომდინარე თუნდაც მხოლოდ იმ ინფორმაციიდან, რაც საჯაროა, თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც ათ ტენდერში ერთი კომპანია იმარჯვებს და ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს, რა ჰქვია ამას? დავუშვათ, არავის ინტერესი არ არის ჩადებული ამ პროექტებში. მაშინ გამოდის, რომ ვინც საპროექტო და სატენდერო პირობები მოამზადა, იდიოტია ან საბოტაჟს ეწევა. ამ დროს საკრებულოს მიმართ მიჩნდება კითხვა: მათ ხომ დაამტკიცეს ეს პროექტები, ნუთუ არავინ წაიკითხა? ეჭვი არავის გაუჩნდა? არ ფიქრობენ, რას ამტკიცებენ, რას აწერენ ხელს? მუნიციპალიტეტებში სპეციალური სამსახურები უნდა არკვევდნენ, პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები გაბერილია თუ არა? ამას არავინ კითხულობს, სანამ სამხარეო ადმინისტრაციიდან არ დავუკარგავთ მოსვენებას. ზოგიერთ გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ის აწუხებს თურმე, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი მუშაობაში ხელს გვიშლიანო და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვიჩივიან..."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.