სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე ხელმეორედ წამოყენებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
მას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 პარლამენტარი წავიდა. 105 წევრისაგან შემდგარ სომხეთის პარლამენტში პრემიერ მინისტრის ასარჩევად სულ 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
მთავრობის პოსტზე მისი კანდიდატურა ფრაქცია „ელკმა“, „ბლოკ ცარუკიანმა“ და სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ბლოკიდან გამოსულმა რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ წარადგინა.
პარლამენტის სხდომა ერევნის „რესპუბლიკის მოედანზე“ მიმდინარე მასობრივი აქციის ფონზე წარიმართა.
სომხეთის პარლამენტმა 1-ელ მაისს ვერ შეძლო პრემიერ მინისტრობის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის არჩევა. მას მაშინ ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, საჭირო კი, სულ მცირე 53 პარლამენტარის მხარდაჭერა იყო. საკითხის განხილვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ სხდომაზე შედგა.
ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს.
კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახალი არჩევნები 7 დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. მეორე ტურში კანდიდატები უნდა წამოეყენებინა უკვე არა ცალკეულ ფრაქციებს, არამედ დეპუტატთა საერთო რაოდენობის ერთ მესამედს და თუკი სახელმწიფოს მეთაურს მეორედაც ვერ აირჩევდნენ, მაშინ ეს პარლამენტის - ნაციონალური კრების ავტომატურ დაშლას გამოიწვევდა.
მას შემდეგ რაც ქვეყნის პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ მინისტრის არჩევა, პაშინიანის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ერევანში მიტინგებს „გამარჯვებამდე“ გამართავდნენ.
სომხეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა 1-ელ მაისს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.
გარდა ამისა, პაშინიანის თქმით, ქვეყანას მოუწევს ირანთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
მას შემდეგ რაც მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უარი განაცხადა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე, პაშინიანი აღნიშნული პოსტის ერთადერთი პრეტენდენტი გახდა.
პაშინიანის კანდიდატურა იმ ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ელკი“ - წამოაყენა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
პაშინიანი 13 აპრილიდან სომხეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, რაც 23 აპრილს ქვეყნის პრემიერ მინისტრის, სომხეთის ორგზის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა.
2 მაისს, ერევანში პროტესტანტებმა აეროპორტის გზის ბლოკირება დაიწყეს - პაშინიანმა პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევის პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, საყოველთაო გაფიცვისა და ყველა ქუჩის გადაკეტვისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა რამდენიმე სამინისტროს ბლოკირებაც მოახდინეს.
სერჟ სარგსიანის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებიდან ორ დღეში რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ გასვლის შესახებ გამოაცხადა.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრემიერ მინისტრი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა ექნება. მათი აზრით, ახალი ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანად უნდა იქცეს დაძაბულობის შენელება, პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, ასევე პარლამენტის ახალი რიგგარეშე არჩევნების უზრუნველყოფა.
ფრაქცია „დაშნაკცუტუნს“ სომხეთის 105 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 7 მანდატი გააჩნია. პრემიერ მინისტრის კანდიდატურის დასამტკიცებლად კი აუცილებელი 53 დეპუტატის მხარდაჭერაა. სომხეთის პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს, „დაშნაკცუტუნის“ ჩათვლით, ერთად, 47 მანდატი გააჩნიათ - ბლოკი „ცარუკიანი“ -31, ბლოკი „ელკი“ – 9, „დაშნაკცუტუნი“ – 7.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტზე 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 6 დღეში, 23 აპრილს, 10-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.