პოლონეთში ჩაშლილი ვიზიტი: „იქნებ ნარკოტიკი გვქონდა მოხმარებული, იქნებ დებოში ავტეხეთ?!“ - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მედიას ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს
18-05-2018, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ქართულ მედიასაშუალებებს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისი და რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პოლონეთში ჩაშლილი ვიზიტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ფაქტებს არ ეფუძნება.

 


ონიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისთვის და დელეგაციის კიდევ ორი სხვა წევრისთვის - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ჯღარკავასთვის და ქალაქის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა პაპელიშვილისთვის „ლოტ პოლონეთის ავიახაზების“ მხრიდან მგზავრობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლონურმა ავიაკომპანიამ თვითმფრინავის ბორტიდან ‘სიმთვრალის გამო გამოაძევა’, „აბსოლუტურ სიცრუეს და ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას“ უწოდებს.

 


ავიალაინერიდან რუსთავის დელეგაციის უკან გაბრუნების და პოლონეთის მიმართულებით მგზავრობის უფლების შეზღუდვის დეტალებზე GUARDIAN.GE-სთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად აღწერა, თუ რის გამო ჩაიშალა მათი ვიზიტი პოლონეთში და ხაზი გაუსვა, რომ მან და გიორგი ჯღარკავამ გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ პოლონეთში გაფრენაზე, თავად მიიღეს მას შემდეგ, რაც დელეგაციის მესამე წევრს, პაატა პაპელიშვილს ეკიპაჟმა მგზავრობის უფლება არ მისცა.

 


„თბილისის აეროპორტში მისვლის შემდეგ ავედით „დუტი ფრიში“, დაახლოებით სამი საათი მოგვიწია ლოდინი, დავსხედით დელეგაციის წევრები, ვივახშმეთ, დავლიეთ თითო ჭიქა ალკოჰოლური სასმელი. გავიარეთ საბაჟო ტერმინალი. მე და გიორგი ჯღარკავა მზად ვიყავით უკვე გაფრენისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ პაატა პაპელიშვილი ჩვენთან ერთად არ იყო. ის ბორტგამცილებელთან ერთად იდგა. დავიწყეთ ამბის შესახებ კითხვების დასმა. გაირკვა, რომ ბორტგამცილებელს არ მოსწონდა პაატა პაპელიშვილის სახის ფერი. ბუნებრივია, ვიკითხე, იყო თუ არა ეს საფუძველი იმისთვის, რომ არ მიეცათ ფრენის უფლება კონკრეტული ადამიანისთვის. ბორტგამცილებლები საუბრობდნენ ნასვამობაზეც. გიორგი ჯღარკავამ მოითხოვა შესაბამისი შემოწმება - ალკოტესტი, თუმცა, პასუხად მივიღეთ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ტესტი და განაცხადეს, რომ სიმთვრალე ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა. როგორც შემდეგ ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა გვითხრა, ბორტის ხელმძღვანელს აქვს უფლება, რომ ინიდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის ფრენის უფლებასთან დაკავშირებით. მოვითხოვეთ შუამდგომლობა, რომ ოფიციალური დელეგაცია ვიყავით და მივფრინავდით ვიზიტად, არაფერი გაითვალისწინეს და რადგანაც არ აძლევდნენ პაატა პაპელიშვილს ფრენის უფლებას, ჩვენც, მე და გიორგი ჯღარკავამ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავფრენილიყავით. ამის შემდეგ, ოფიციალური წერილი გავაგზავნე პოლონურ ავაიახაზებში, მოთხოვნით, გაეცათ პასუხი, თუ რა გახდა ჩვენთვის ფრენის აკრძალვის მიზეზი - გვაინტერესებდა ოფიციალური ვერსია. აღნიშნულ ავიაკომპანიას ორი ქართველი მგზავრი დაეღუპა რაღაც პერიოდის წინ და როგორც ჩანს, თავი დაიზღვიეს და ახლა უკვე გადაბრალების პროცესში არიან. მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დელეგაცია გამოაძევეს, როდესაც სიტყვა გამოძევება ნახსენებიც კი არ იყო. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებით დავტოვეთ თვითმფრინავი“, განაცხადა ლევან ონიანმა, რომელმაც GUARDIAN.GE-ს ვიზიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ისიც უთხრა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ჩაშლილი ვიზიტის გამო, სამგზავრო ბილეთების ხარჯებს დელეგაციის წევრები თავად აანაზღაურებენ.

 


„მივფრინავდით 10 მაისს გამთენიისას. რეისი ვარშავაში სრულდებოდა, თუმცა, ჩვენ ქალაქ პლოცკში უნდა ჩავსულიყავით. ეს იყო „ევროპული პიკნიკი“ და საინტერესო ეს ვიზიტი იყო იმით, რომ ჩვენს გარდა, დაახლოებით, 19 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ჩადიოდა. აღნიშნულ დელეგაციებთან მე წინა ვიზიტისას სერიოზულ საკითხებზე მქონდა მოლაპარაკებები და ბუნებრივია, ვაპირებდით ისევ საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების განხილვას. ვიზიტი 14 მაისს უნდა დასრულებულიყო. იყო სამკაციანი დელეგაცია, რომელთა შემადგენლობაში მე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ჯღარკავა და მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა პაპელიშვილი შევდიოდით. ჩაშლილი ვიზიტი იგივე ფორმატში, სავარაუდოდ, ვეღარ შედგება. რაც შეეხება ფინანსებს, ხომ ვერ გავფრინდით ბატონო, ხომ „გაგვაპიარეს“ კიდევაც და თან ჩვენი ჯიბიდან გადავიხდით. სასტუმრო, კვება და ყველა სხვა ხარჯი პოლონური მხარის მიერ ფინანსდებოდა, ჩვენ კი მხოლოდ მგზავრობის ხარჯებს ვფარავდით. ბუნებრივია, ბილეთები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამივლინებო მუხლის კანონის შესაბამისად შევიძინეთ, მაგრამ ახლა უკვე ვალდებულები ვართ, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ ეს თანხა უკან ჩავრიცხოთ“, განაცხადა ლევან ონიანმა.

 


რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მედიასაშუალებებს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები ფაქტებს არის მოკლებული.

 


„აქ არის ჟურნალისტური ეთიკა თავიდან ბოლომდე დარღვეული, რადგან არაფერს ეფუძნება გავრცელებული ვერსიები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთვრალი დელეგაცია გამოაძევეს თვითმფრინავიდან, მაშინ როცა არსებობდა სხვა ვერსიებიც - იქნებ ნარკოტიკი გვქონდა მოხმარებული, იქნებ დებოში ავტეხეთ?! - ამაზე ხაზგასმა არ მომხდარა“, აღნიშნა ლევან ონიანმა.

 


შეკითხვაზე - ხედავს თუ არა პოლიტიკურ ინტერესს ამ ყველაფერში - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს:

 


„მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს ხალხი უბრალოდ სენსაციის მაძიებელი იყო. პოლიტიკურად „იმედს“ ვის სასარგებლოდ შეიძლება ჰქონოდა ინტერესი - მე არ ვიცი, ასე არ ვუყურებ. უფრო სენსაციას ეძებდნენ ალბათ. ჟურნალისტი ინტერვიუს აღებისას მიხვდა, რომ სისულელეს აკეთებდა, სახეზეც შეეტყო ეს. მერე მერს გამოეკიდა, მასთან ინტერვიუ სურდა, საერთოდ რა შუაში იყო მერი, ვერ გავიგე. უნდოდათ სენსაცია და ალბათ, ეს რაღაც პირადი ინტერესი იყო, თუმცა, რა იყო ეს პირადი ინტერესი მე არ ვიცი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი