"ზუსტად ვიცი, რომ პოროშენკოსთვის არც ევროპელებს და არც ამერიკელებს არ უთხოვიათ რომ სააკაშვილი ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაენიშნა. საქმე ისაა, რომ პრემიერ იაცენიუკსა და პრეზიდენტ პოროშენკოს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობა. იანუკოვიჩის და მისი შვილის გაქცევის შემდეგ უკრაინაში დარჩა ოლიგარქიული მმართველობის სისტემა. პოროშენკოს სურს, უკრაინელებსა და დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ თვითონ დისტანცირებულია სხვა ოლიგარქებთან. ამიტომ მისთვის კარგი იქნებოდა სადღაც, ოდესაში მაინც დადებულიყო შედეგი. ის ფიქრობს, საქართველოში ხომ შეძლო სააკაშვილმა მოესპო კორუფცია, იქნებ ოდესაშიც შეძლოსო. არადა, ბევრი აფრთხილებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, სოროსმა კი საჯაროდ განაცხადა, სააკაშვილმა კორუფცია კი არ დაამარცხა, მისი პრივატიზება მოახდინაო. ვფიქრობ, სააკაშვილის რეფორმატორობა ოდესის ოლქში კრახით დასრულდება", - აცხადებს კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პეტრე მამრაძე: "ოცნებაში" დაიწყო საუბარი, რომ ძალაუფლება ნოდარ ჯავახიშვილმა აიღო / ვის და რატომ ჩაუკეტა რეზიდენციის კარი ივანიშვილმა?
"სააკაშვილს იოტისოდენა მოთმინება არასოდეს გააჩნდა და უკრაინიდანაც აგრესიულად მიმართავდა თანაპარტიელებს, უყვიროდა, - რას მიკეთებთ მუქთახორებო, უნიათებოო. ერთადერთი ბოკერიაა, რომელიც საკმაოდ მკვახედ პასუხობს სააკაშვილს და მათ ხშირად ჰქონიათ ერთმანეთთან სიტყვიერი დაპირისპირება. ბოკერია ეუბნებოდა - ჩვენ აქ დაჭერა გვემუქრება, დანის პირზე დავდივართ და შენ რამდენს გვთხოვო?! სააკაშვილი პარტიას მათრახით და თაფლაკვერით მართავდა. თანაპარტიელებს ეუბნებოდა - გინდა ქონება, ფული, სტატუსი - ყველაფერი გექნება, ოღონდ თავი გამოიჩინე, ულაპარაკოდ შეასრულე დანაშაულებრივი დავალება და თუ ამას არ შეასრულებს, შენს წარსულ გაგახსენებ და ოჯახის წევრებსაც მივწვდებიო. ახლა რა ხდება, მერაბიშვილი ციხეშია, ადეიშვილი გაქცეული, პარტიაში იმას ვეღარ იღებენ, რის გამოც იქ ყოფნა უღირდათ. გაბაშვილმა, ბოკერიამ, ნადირაშვილმა პარტიიდან წასული ოთხეული გამოლანძღეს, უმწიფარი პოლიტიკოები უწოდეს - ივანიშვილის წნეხს ვერ გაუძლესო - ის იმიტომ, რომ ისინი ამბობდნენ, ისეთი გზით როგორითაც მოვდივართ 2016 წელს პარლამენტში შევალთ კი არა საერთოდ დავიშლებითო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"მათ მათრახის ნაცვლად დაინახეს სრულიად ბნელი პერსპექტივა, თუ პარტიაში დარჩებოდნენ, ისინი გაიწირებოდნენ. პარტის შიგნით ძალაუფლება გადანაწილებულია. ბოკერიას, გაბაშვილს, ნადირაშვილს ეძლეოდათ ეთერი, რეალური გავლენა მათ ხელში იყო. სააკაშვილი საკმაო ხანს დუმდა და კომენტარს არ აკეთებდა პარტიიდან წასულ 4 ლიდერზე. ხოლო სატელევიზიო ინტერვიუში, როცა უკვე დანიშნული იყო ოდესის გუბერნატორად, გააკეთა კომენტარი და ერთი სიტყვაც კი არ წამოცდენია, რომ მისმა თანაპარტიელებმა წნეხს ვერ გაუძლეს და ივანიშვილმა მოისყიდა, რასაც გაბაშვილი-ნადირაშვილი აცხადებდნენ. მან თქვა, რომ მოხდა ჩვეულებრივი ამბავი, პარტიაში ზოგი მიდის ზოგი მოდისო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა ბოკერიას, ნადირაშვილისა და გაბაშვილს მხარი არ დაუჭირა , მათი ვერსია არ გაიზიარა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საკუთარ პარტიაზე ხელი აქვს ჩაქნეული - ამ ეტაპზე თვლის, რომ ამათ ვერ ივარგეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს არის ასეთი სიტუაცია - რა თქმა უნდა, სააკაშვილი დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებენ. ყოველ შემთხვევაში იმედია, რომ ასე იქნება და შესაძლებელია "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ნაწილად დაიშალოს. გამორიცხულია, დარჩენილმა ნაწილმა გუნდი შეკრას. გაითვალისწინეთ, რომ გიგა ბოკერიას არ შეუძლია იყოს პოლიტიკური ლიდერი, მას თავისიანები ლიდერად არ იღებენ და გუნდის შემკვრელად არ აღიქვამენ. ამ ეტაპზე კი სხვა ლიდერი არ ჩანს, ამიტომ დამთავრებულია "ნაციონალების" ამბავი", - დასძენს მამრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.