„პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე", უთხრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სუს-ის სპეცოპერაციის დროს, პანკისის ხეობაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუაღამისას დაჭრილი და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.
„მე არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე. მინდა, თქვენ, თქვენს ოჯახს და მთლიანად პანკისელებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოგიცხადოთ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე, როგორც ამას პრემიერის პრესსამსახური იტყობინება.
პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მხრიდან გაჟღერებული საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.
შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.
პრემიერ მინისტრმა ზაზა სარალიძესთან და მასთან ერთად, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის მშობლებთან შეხვედრის მზაობა დღეს დილით გამოთქვა.
„გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების“ გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს", აცხადებდნენ პრემიერის პრესსამსახურში.
კვირიკაშვილის პრესსამსახურის აღნიშნულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე, რასაც პანკისში სპეცოპრაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის პროტესტი მოჰყვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პრემიერი არ ხვდება, „იმიტომ, რომ მე ვარ მუსლიმი, სხვა რელიგიის ადამიანი, მე ვარ ტერორისტი".
მოგვიანებით, ის მთავრობის კანცელარიასთან მაინც მივიდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატთან ერთად შეხვდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.