თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროს მემანქანეებს მასწავლებლებზე, მეხანძრეებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებზე, პატრულის თანამშრომლებზე მეტი ხელფასი აქვთ, არასწორ შედარებად მიიჩნევენ მემანქანეები.
როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ, გოჩა მესტუმრიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, მათი პასუხისმგებლობა და შრომის პირობები გამორჩეულად რთულია და ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.
„მემანქანე რომ მუშაობს, ის მთელი აზრით, გონებით, გადართულია მატარებლის მართვასთან - იმიტომ, რომ უკან უზის ათასი ადამიანი იმ ოთხ ვაგონში. იქ შედიან: მასწავლებლებიც, მეხანძრეებიც, მათი ოჯახები და ეს მემანქანე აგებს მათზე პასუხს“, განაცხადა გოჩა მესტუმრიშვილმა.
მემანქანეები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მათი ხელფასების მატება დროში გაიწეროს და პერიოდულად მოხდეს სახელფასო ზრდა, თუმცა ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა ამაზე რეალურად არანაირ დაპირებას არ იძლევა.

„აქტიური ცხოვრების ნახევარს მიწისქვეშ ატარებ და სულ რომ არაფერს აკეთებდე და მარტო მიწისქვეშ რომ იყო... ჩემი აზრით, არ არის მთლად მიზანშეწონილი სხვა სამსახურებთან გაიგივება ჩვენი სამსახურის“ განაცხადა მეტროს თანამშრომელმა, კახა გაგუამ და დაამატა:
„არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ ხისტი და ჯიქური პოზიცია გვაქვს და ჩვენ ამ 45%-ს ფეხს არ ვუცვლით. თუ შემოთავაზება იქნება და დოკუმენტურად გამყარებული, დათმობაზეც მზად ვართ და მზად ვართ განვიხილოთ ის ვარიანტი, რომ დროში გაიწეროს ეს - რაღაცა ახალა, რაღაცა შემდეგში. მაგრამ, სამწუხაროდ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ 2019 წლის ბიუჯეტისთვის, 2019 წლის პირველი, მეორე კვარტლებისთვის განვიხილოთ რაღაც თანხების მოძიება და შესაძლო მატება“.
თბილისის მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს, რადგან ხელფასებით უკმაყოფლო მეტროპოლიტენის თანამშრომლებსა და თბილისის მერს შორის გვიან ღამით გლდანში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
გლდანში მისვლამდე კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს თბილისის მერიაში შეხვდა, თუმცა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა, შეხვედრამ გლდანში გადაინაცვლა.
კალაძე გაფიცულებს უხსნიდა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში მათი ხელფასების მოსამატებლად თანხები 2018 წელს არ არსებობს, თუმცა მომავალი წლიდან მერია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებდა, რაც მემანქანეებისთვის მიუღებელია.
მემანქანეები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს განაგრძობენ, თუმცა კალაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში მოხდება პოზიციების შეჯერება და მეტროს მუშაობის განახლება.
4 ივნისს გაფიცული მეტროს მენანქანეების მოთხოვნაა, ხელფასები 45%-ით გაეზარდოთ, რაზეც თბილისის მერია კატეგორიულ უარს აცხადებს.
მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს დღესაც უფასოდ ემსახურებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.