"იმის უარყოფას, რომ ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე დიდია, აზრი არა აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხელისუფლება უნდა უწევდეს მის აზრს ანგარიშს, მაგრამ მის ყველა ნათქვამს დირექტივად არ უნდა იღებდეს. საფრთხე იმაში კი არ არის, რომ ვიღაც ივანიშვილის აზრს ითვალისწინებს, არამედ პრობლემას ის ქმნის, ვიღაცები ამას, სრულიად გაუაზრებლად, დავალებად რომ იღებენ. ეს უპირველესად ბიძინა ივანიშვილს აზარალებს. ქვეყანაში გვაქვს ასეთი სურათი: რაც უნდა გაფუჭდეს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ჰბრალდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ვითარების კომფორტულობა მშვენივრად იგრძნო ხელისუფლებამ, რომელსაც აწყობს, რომ მისი ნებისმიერი ნამოქმედარი ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდეს. დარწმუნებული ვარ, არც ამ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით იქნებოდა ივანიშვილი კატეგორიულად მომთხოვნი, მაგრამ ამის ასე წარმოჩენა მავანთ აძლევს ხელს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ პროცესებში პრობლემა ხელისუფლებაშია და არა ბიძინა ივანიშვილში", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს" / "მაჟორიტარმა დეპუტატებმა რაიონების დირექტორების ფუნქცია შეიძინეს".
"პარადოქსია, მაგრამ, ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლება ამ საკითხში "ნაციონალურ მოძრაობასთან" სოლიდარულია. როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აღარც აპროტესტებენ. ეს არის უსამართლობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან დარწმუნებული ვარ, ის არ ერევა მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაში. დარწმუნებული ვარ, როდესაც გარკვეული კრიზისი წარმოიქმნება, დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი სწორედ ბიძინა ივანიშვილისკენ გაიშვერს ხელს. ვიცი ისიც, რომ კულისებში "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი ამაზე უკვე ლაპარაკობს. ამგვარი რამ უკვე მოხდა კიდეც: "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა, მას მერე, რაც "ქართული ოცნებიდან" წავიდნენ, დაიწყეს ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ვიდრე იქ იყვნენ, მანამდე არაფერი უთქვამთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"დღევანდელი რეალობა გვიბიძგებს უფრო იმისკენ, რომ პროპორციული სისტემისკენ გადავიხაროთ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მაჟორიტარულმა არჩევნებმა ჩვენში მახინჯი ფორმა მიიღო. მაჟორიტარმა დეპუტატებმა რაიონების დირექტორების ფუნქცია შეიძინეს. მაჟორიტარები, რომლებიც გადეპუტატებისთვის, ძირითადად, საკუთარ ფულს ხარჯავენ, მერე ცდილობენ, დანახარჯი აინაზღაურონ. ერთი რამ არ მესმის: თუ ხელისუფლება თანახმაა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა, რა საჭიროა მისი 2020 წლისთვის გადადება?! რა ლოგიკაა ამაში, როდესაც ყველაფრის მოსწრება ძალიან მარტივად შეიძლება", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "პროკურატურაში შექმნილმა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტმა ქონების ჩამორთმევის 5 საქმეზე გამოძიება დაასრულა. მათგან ოთხ დაზარალებულს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნეს. რას იტყვით ამ პროცესზე? ბევრს მიაჩნია, რომ ამ საკითხისადმი სახელმწიფოს სისტემური მიდგომა არ ჩანს" , - პასუხობს:
"კარგია, რომ ვიღაცა რაღაცას მაინც დაიბრუნებს, მაგრამ ამ საკითხში მართლაც არ იგრძნობა ხელისუფლების პრინციპული და სისტემური მიდგომა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ დანაშაულზე, ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და არა კოაბიტაციის გავლით. ვფიქრობ, კოაბიტაციის პერიოდში სააკაშვილის სისტემამ სამართლიანობის აღდგენის დაპირების მძევლად აქცია ხელისუფლება, ეს იმ დროს, როდესაც ძალოვანი სისტემა კონფლიქტშია სამართლიანობის აღდგენის პროცესთან. საქმე ის არის, რომ დღესაც სისტემაში არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მოქალაქეთა ქონების მიტაცებასა თუ სხვა უფლების შელახვაში. ისინი არ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასრულებდნენ მას. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელი მგონია, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის თემა დიდწილად პოლიტიკური კამპანიის ნაწილი გახდა. ისიც არ მესმის, ცალკე დეპარტამენტის შექმნა რაში სჭირდებოდათ. ესეც წმინდად პოლიტიკური ნაბიჯი და სამართლიანობის აღდგენის იმიტაციის მცდელობა იყო. მოკლედ, ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ".
"ის, რომ სააკაშვილს ცალი თვალი ნამდვილად უჭირავს საქართველოსკენ, ცხადზე ცხადია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმეს ამზადებს საქართველოში. ვფიქრობ, მას ის ინტერვიუ იმისთვის დასჭირდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადაეფარა ის უარყოფითი რეზონანსი, რაც მის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას მოჰყვა. იმაზე ლაპარაკით, რომ საქართველოში კიდევ რაღაცას აპირებს, სცადა, დაემტკიცებინა, რომ არავისთვის უღალატია და კვლავ საქართველოს პატრიოტად რჩება, თუმცა, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას საქართველოსთან არც არასდროს ახდენდა. სააკაშვილი აშენებდა სახელმწიფოს, რომლის უკანაც ვერ ხედავდა კონკრეტულ ქართველს. საქართველო მისთვის იყო ამბიციების რეალიზების პოლიგონი, ისევე, როგორც შემდგომ კიევი და ამჯერად კი ოდესა... გარდა ამისა, სააკაშვილისთვის პირად მტრად იქცა ბიძინა ივანიშვილი. მას შეიძლება საქართველო არც აინტერესებს ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილზე შურისძიება სწყურია", - მიიჩნევს ექსპერტი.
"რაც შეეხება უკრაინას, სამწუხაროდ, პროგნოზი, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იყო სამხედრო მოქმედებების განახლება, გამართლდა. უკრაინაში მიმდინარე პროცესები კარგა ხანია გასცდა ამ ქვეყნის მასშტაბს და დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების არეალში მოექცა. როგორც ჩანს, ამ არეალის გეოპოლიტიკურმა მოთამაშეებმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება. ჩემი აზრით, ვიღაც ძალიან არის დაინტერესებული, რომ საომარი მოქმედებები გასცდეს უკრაინის საზღვრებს და ამაში ევროპა, რომელიც დიდ სიფრთხილეს იჩენს, ჩათრეული აღმოჩნდეს. ამ კონტექსტით მე ძალიან სახიფათოდ მეჩვენება სააკაშვილის ოდესაში გამწესება. საქმე ის არის, რომ კონფლიქტის გაფართოების თვალსაზრისით ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს დნესტრისპირეთი წარმოადგენს. თუ ამ მიმართულებით რუსეთმა პროვოკაციები დაგეგმა, შესაძლოა, სწორედ ოდესა და სააკაშვილი გამოიყენონ, არ გამოვრიცხავ, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდნენ მოლდავეთი, რუმინეთი და მათ მერე დანარჩენი ევროპა. მოკლედ, ძალიან სახიფათო ვითარებაა", - ამბობს გია ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.