მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამჯერად გოდოგნის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებისა და უბნების პრობლემები დააყენა და მერთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის პერსპექტივაზე ისაუბრა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასმელი წყლის საკითხი საერთო პრიორიტეტულ პრობლემებად დასახელდა. ასევე ცალკეულ უბნებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე, საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობასა და სხვა პრობლემებზეც გამახვილდა ყურადღება, რომლებიც შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა ჩანიშნული რეაგირებისათვის.
„6 თვე გავიდა, რაც საკმაოდ მაღალი პროცენტით მომანიჭეთ მერის მანდატი. 6 თვის შემდეგ მე თქვენ გაბარებთ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. გაბარებთ ანგარიშს და ასევე გისმენთ თქვენ, მოსახლეობას, ვისი აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოვისმენ კრიტიკასაც, რადგან ჯანსაღი კრიტიკა მისთვის, ვინც საქმეს აკეთებს, საყურადღებოა.
ჩემი წინასაარჩევნო დაპირება საყოფაცხოვრებო პირობების: წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავდა. ბუნებრივი აირის საკითხი გადაჭრილია, რამდენიმე უბანიღაა დარჩენილი და იქაც მიმდინარეობს სამუშაოები, ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა მაღალი ძაბვის ბოძების შეცვლის პროცესს უკავშირდება და მალე დასრულდება, სასმელი წყალიც, სხვა სოფლებთან შედარებით, მოგვარებულია. მართალია არის უბნები, სადაც მოსახლეობას ტექნიკური წყალი მიეწოდება და ისიც გრაფიკით, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის ასფალტო/ბეტონის საფარით მოწყობა, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროექტი, მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემებისა და გზის საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახლახანს შევიძინეთ კარიერი, საიდანაც გამოტანილი მაღალი ხარისხის ინერტული მასალით მოხდება ყველა შიდა საუბნო გზის შეკეთება. გოდოგნის პრობლემები, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ჩემთვის უცხო არაა, აქ ბევრჯერ შემოვსულვარ მარტო, რათა პირადად მენახა ის პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას. შეხვედრები კი იმისთვის მჭირდება, რომ შემახსენოთ, მომთხოვოთ, ერთად გადავწყვიტოთ. ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში - ეს არის ჩემი, როგორც მერის მოღვაწეობის მთავარი კრედო“, აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში ბონდო სოფრომაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა, პრობლემების მოგვარებისა და გაწეული სამუშაოების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია საკრებულოში გოდოგნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ გიორგაძემაც მიაწოდა.
„მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მოსახლეობის ჭირ-ვარამს იზიარებთ არა წინასაარჩევნოდ, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. მე პირადად ბევრჯერ თქვენს კაბინეტში დამიყენებია გოდოგნისათვის საჭირბოროტო საკითხები და ერთად დაგვისახავს მათი მოგვარების გზები. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი კომუნიკაბელური მერი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სადაც პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის დანახვა, სააშკარაოზე გამოტანა და გაკეთების მოლოდინი“, მიმართა ბონდო სოფრომაძეს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მუნიციპალიტეტის პირველ პირს მიმართეს და მადლობა გადაუხადეს სხვა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, მერის რეფერეტანტი მერაბ ბუსკივაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გოდერძი თურქაძე, საკრებულოს წევრი გრიგოლ გიორგაძე, გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ასისტენტებთან ერთად, (ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფანჩულიძე და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტის პირველი პირი ბუნებრივი აირის რეგულატორის დამონტაჟების პროცესს დაესწრო და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს გაესაუბრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.