ვახტანგ ძაბირაძე: ივანიშვილი დაბრუნდა არასწორ ადგილზე... თუ წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მაშინ შესაძლოა, ქვეყანა უმართავ პროცესებამდე მივიდეს
09-07-2018, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მაშინ შესაძლოა, ქვეყანა უმართავ პროცესებამდე მივიდეს და ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში ახლადარჩეული პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ვერ შეძლებს ლიდერად ჩამოყალიბებას და იგი „ვერაფერს იზამს“.

 


ძაბირაძეს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლად ბიძინა ივანიშვილის მართვის სადავეებთან რეალურად ანუ პრემიერ მინისტრის რანგში დაბრუნება მიაჩნია. „ახლა დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა არასწორ ადგილზე. ის უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც რეალურად შეძლებს მართვას. სხვაგვარად ეს სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს“, აცხადებს ექსპერტი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

 


„ქვეყანას სჭირდება სწრაფი და რეალური რეფორმები, რაც ახლა ხდება - სამინისტროების შეერთება, გაყოფა და ა.შ. აქამდეც არაერთხელ გვინახავს - რა შედეგზეა გათვლილი ეს ცვლილებები, იცის ვინმემ?! როდესაც კულტურის სამინისტროს ვუერთებთ განათლების უწყებას და ვარქმევთ კულტურის დეპარტამენტს, თუმცა ვაკისრებთ იმავე ფუნქციებს, რაც სამინისტროს ჰქონდა, მიპასუხოს ვინმემ, რა აზრი აქვს ასეთ შეერთებას?! გარდა ამისა, ჩვენ კონსტიტუციურად ვართ საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ განა ეს რეალურია?! საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი, პარლამენტი კი ახერხებს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობას. თუ პარტიის თავმჯდომარე ისევ რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ის გვინიშნავს ქვეყნის პირველ პირს, მაშინ რა წყობას ვიღებთ? ასეთი პრინციპით აწყობილი სისტემა ეფექტიანი ვერასდროს იქნება. კვირიკაშვილი ორი წლის განმავლობაში პრემიერი იყო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ისევე როგორც მისი წინამორბედი და იცით, რატომ? მათ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის შექმნაც კი ვერ შეძლეს. მათ მინისტრთა კაბინეტში ვიღაცას ივანიშვილი ნიშნავდა, ვიღაცას - პოლიტიკური სუს-ი, ვიღაცას - კიდევ სხვა... როდესაც ასეთი ვერტიკალი არ არის, როდესაც გუნდი არ არის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია“, მიიჩნევს ექსპერტი და ასკვნის, რომ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე წარმატებული ვერ იქნება.

 


„როდესაც მეკითხებით, ბახტაძე იქნება თუ არა წარმატებული, ჩამოყალიბდება თუ არა ლიდერად, შეძლებს თუ არა რეფორმების გატარებას, ჩემი პასუხია - ვერა! ის ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანია, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პრემიერი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ვერაფერს იზამს. ასეთი პოლიტიკური კაპიტალი „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთ კაცს აქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ის პრემიერობიდან გადადგომას აპირებდა, ღია წერილით მივმართე. ვუთხარი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა, რომ ცუდად წავიდოდა საქმე... ასეც მოხდა... ახლა დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა არასწორ ადგილზე. ის უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც რეალურად შეძლებს მართვას. სხვაგვარად ეს სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს. ძალიან მინდა, წარმატებული იყოს ხელისუფლება, მაგრამ ვერ იქნება... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით მაინც აქვს რესურსი, რომ ცუდად მიმავალი პოლიტიკური პროცესი შეაჩეროს და შემოაბრუნოს, ოღონდ ამას სჭირდება უმნიშვნელოვანესი ხარვეზის გამოსწორება - პრემიერად სხვა კაცი არ უნდა იჯდეს და ქვეყანას რეალურად სხვა არ უნდა მართავდეს. მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ამით უნდა დაიწყოს“, ამბობს ექსპერტი და განაგრძობს:

 


„ჩემი აზრით, თუ წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მას ძალიან გაუჭირდება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს უმართავ პროცესებამდე, ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ და ამას რა მოჰყვება, არავინ იცის... კადრების შერჩევა, ვფიქრობ, კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ცოტაა, მათგან პოლიტიკაში წასვლაც ძალიან ცოტას უნდა. სულ არ არის გასაკვირი, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებული კარიერა, მით უფრო - უცხოეთში და აქვს მაღალი ანაზღაურება, ჩამოსვლასა და მინისტრობაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, მას ვერ ექნება სტაბილურობის განცდა, რადგან არავინ იცის, როდის გაუშვებენ ამ პრემიერს თანამდებობიდან და თავის მოყვანილ ადამიანებსაც, ტრადიციულად, უკან მიაყოლებენ. ძალიან რთულია, გადადგა ასეთი ნაბიჯი და მინისტრის პორტფელი ჩაიბარო, როდესაც გუნდის იმედი არ გაქვს. კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა პარტიის შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის. ეს ჯგუფები საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეადგენს 2020 წლის საპარლამენტო სიას, ამიტომაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი