ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებიდან რამდენიმე საათში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერემი ჰანტი დაინიშნა. მანამდე იგი, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ დედოფალი სიამოვნებით იწონებს ჰანტის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრად დანიშვნას.
ჯერემი ჰანტის ნაცვლად კი ჯანდაცვის სამინისტროს მეთ ჰანკოკი უხელმძღვანელებს. იგი მანამდე კულტურის მინისტრის პოსტზე საქმიანობდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან ორშაბათს გადადგა, რაც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მზარდ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.
იგი მეორე მინისტრია, რომელმაც ორშაბათს პოსტი დატოვა. რამდენიმე საათით ადრე მეის კაბინეტში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა „ბრექსიტის“ მინისტრმა დევიდ დევისმა.
ბორის ჯონსონი თანამდებობიდან 30 წუთით ადრე გადადგა, ვიდრე ტერეზა მეის პარლამენტისთვის თავისი „ბრექსიტის“ ახალი გეგმის თაობაზე უნდა მიემართა - გეგმისა, რაც ტორების ბევრი დეპუტატისთვის უთანხმოების საგნად იქცა.
დაუნინგ სტრიტმა მადლობა გადაუხადა ჯონსონს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და განაცხადა, რომ პოსტიდან წასული ჯონსონის შემცვლელი მალე დასახელდებოდა.
„ბრექსიტის“ მინისტრი დევიდ დევისი კი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან ორშაბათ დილით გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის.
დევისმა აღნიშნა, რომ „კარიერის დამასრულებელი“ გადაწყვეტილება პერსონალურად მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას „მეტისმეტად ბევრს გასცემს და ძალიან ადვილად თმობს“.
ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის.
დევისის გადადგომა დარტყმას წარმოადგენს მეისათვის - რომლის „კონსერვატიულ პარტიას“ ჩრდილოეთ ირლანდიის „დემოკრატიული უნიონისტების პარტიის“ 10 დეპუტატის შემადგენლობის ხარჯზე აქვს მოპოვებული უმრავლესობა თემთა პალატაში - რადგან, იგი ცდილობს ევროსკეპტიკოსი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვებას მის მიერ წარდგენილ „ბრექსიტის“ ხედვაზე. ამ ფონზე კი მმართველ პარტიაში აზრთა ნებისმიერი გაყოფა წარმოშობს იმის საფრთხეს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს მეის გეგმა თემთა პალატაში კენჭისყრისას და ხელახლა წარმოშობს შეკითხვებს მისი თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთი 2016 წელს ჩატარებული ისტორიული რეფრენდუმის შედეგად, ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს, მაგრამ მხარეები ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება სავაჭრო და სხვა ურთიერთობები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გაერთიანებიდან გავა.
დევისის გადადგომის შემდეგ, „ბრექსიტის“ ახალი მინისტრი დომინიკ რააბი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.