„1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ მეოთხედ უმასპინძლებს. წელს წვრთნაში გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის, ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მზარდ მხარდაჭერას საქართველოს, როგორც „ღირსეული პარტნიორის“ მიმართ და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება“, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არმიჰოლში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მან მოწვეულ სტუმრებთან სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო თავსებადი გახდეს.
საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.